Aa
Aa

შენგელიას 19 ქულა - „ბასკონიამ" სერბეთში იმარჯვა

ევროლიგის მე-13 ტურის შეხვედრაში თორნიკე შენგელიას „ბასკონია" სტუმრად „ცრვენა ზვეზდას" დაუპირისპირდა და მეტოქე დამაჯერებლად - 64-72 დაამარცხა.

მატჩის პირველი ტაიმი ქულა ქულაში წარიმართა და ბასკების მინიმალური უპირატესობით დასრულდა. მეორე ნახევრის სტარტზე ესპანელებმა ინიციატივა ხელთ იგდეს და მესამე მეოთხედი 12-ქულიანი სხვაობით მოიგეს, რაც საბოლოოდ გადამწყვეტი გამოდგა. მასპინძლებმა ბოლო ათწუთეულში კი გაიბრძოლეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.

თორნიკე შენგელიამ პარკეტზე ძალიან ბევრი, 37 წუთი და 34 წამი გაატარა. ქართველმა კალათბურთელმა აქტივში 19 ქულა, 8 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. თოკომ 11-დან 5 ორქულიანი და 4-დან 3 სამქულიანი ჩააგდო. შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტმა +18-ს უწია და იგი თავის გუნდში მხოლოდ ნიკ სტაუსკასს ჩამორჩა (+22), რომელმაც 22 ქულა გაიფორმა. აღსანიშნავია, რომ ხსენებული დუეტის გარდა, ბასკთა რიგებში 10-ქულიანი ნიშნული არცერთ კალათბურთელს გადაულახავს.

სერბეთში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, „ბასკონიას" 6 მოგება და 7 წაგება აქვს. ვიტორიელები მეცხრე ადგილს იკავებენ და მომდევნო შეხვედრაში სტუმრად „ვალენსიას" შეერკინებიან.

ცხელი ამბები