შეთანხმება შედგა: ბათუმის ''დინამოს'' კლუბის სპონსორს გადასცემენ
Aa
Aa

შეთანხმება შედგა: ბათუმის ''დინამოს'' კლუბის სპონსორს გადასცემენ

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით საფეხბურთო კლუბ ბათუმის ''დინამოს'' 49-წლიანი იჯარით  სამშენებლო კომპანია ლამინი ჯგუფს  გადასცემენ. აღნიშნული კომპანია, რომელიც ბათუმის სამშენებლო ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა, ბიზნესმენ არჩილ ბერიძის მფლობელობაშია.

არჩილ ბერიძე ვალდებულია ყოველწლიურად მუნიციპალიტეტს 100 000 ლარი გადაუხადოს. ვალდებულება ასევე მოიცავს ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას. გარდა ამისა, ბერიძემ ყოველწლიურად ''დინამოში'' 500 000 ლარის ინვესტირება უნდა განახორციელოს.

ბათუმის ''დინამოს'' კერძო მფლობელობაში გადაცემის საკითხი 2017 წლიდან განიხილება. ბათუმის მერია მზადაა კლუბის ასპროცენტიანი წილი დაინტერესებულ პირს გადასცეს. ბათუმის მერიაში ორმა პრეტენდეტმა 49-წლიანი იჯარით კლუბის გადაცემისთვის განაცხადი გააკეთა. მათ შორის იყო არჩილ ბერიძე, რომელიც გასული წლიდან მოყოლებული კლუბს სპონსორობას უწევს.

როგორც აჭარის ტელევიზია იუწყება 1923 წელს დაარსებული კლუბი არჩილ ბერიძის მფლობელობაში 49 წლით დღეს გადავა.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-15 ტურში საჩხერის ''ჩიხურამ'' ''მიხეილ მესხზე'' ბათუმის ''დინამოს'' უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. მორიგი გამარჯვების შემდეგ გია გეგუჩაძის გუნდი პირველ ადგილზეა და ჩემპიონობისთვის იბრძვის.

ფოტო: ბათუმის ''დინამოს'' პრესსამსახური, eliga.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები