Aa
Aa

ტრამპი "ნაცუ ბაშოს" ბოლო დღეს დაესწრება?

ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ტოკიოში მიმდინარე „ნაცუ ბაშოს“ ჩემპიონისათვის სპეციალური ჯილდო დააწესა, რომელსაც გამარჯვებულს 26 მაისს გადასცემენ.

25-28 მაისს ამერიკის პირველ პირს იაპონიაში ოფიციალური ვიზიტი აქვს ჩანიშნული და დიდი ალბათობით, იგი ბაშოს დასკვნითი დღის ბოლო 3 ორთაბრძოლას, იაპონიის პრემიერ მინისტრ შინზო აბესთან ერთად დაესწრება. ტრამპისა და აბესთვის კოკუგიკანში 1375 ადგილი გამოიყოფა, რომელთა უდიდეს ნაწილსაც მათი უსაფრთხოების სამსახურის წევრები დაიკავებენ. ასევე მოსალოდნელია, რომ მეუღლეებთან ერთად, კოკუგიკანში ქვეყნების პირველი ქალბატონები - მელანია ტრამპი და აკიე აბეც მიბრძანდებიან.

აღსანიშნავია, რომ მაყურებლისთვის განკუთვნილი ბალიშის ნაცვლად, ამერიკის პრეზიდენტი სპეციალურად მისთვის გამოყოფილ სავარძელში განთავსდება.

„სუმო იაპონური კულტურაა და მხოლოდ გამარჯვებასა და მარცხს არ გულისხმობს. კარგია, რომ პრეზიდენტი ტრამპი ბაშოს დაესწრება და თასსაც წარადგენს“. - ეს კაზუო საიტოს სიტყვებია, რომელიც ნიპონის სპორტისა და მეცნიერების უნივერსიტეტში სუმოს მწვრთნელი გახლავთ.

„ნაცუ ბაშო“ 26 მაისს დასრულდება, მასში ქართველი ლევან გორგაძეც მონაწილეობს და ჩემპიონობის რეალურ შანსსაც ინარჩუნებს.

ცხელი ამბები