4 ოქროს და 1 ბრინჯაოს შანსი ევროპის ჩემპიონატზე
Aa
Aa

4 ოქროს და 1 ბრინჯაოს შანსი ევროპის ჩემპიონატზე

სერბულ ნოვი სადში დაწყებულ 23-წლამდე მოჭიდავეთა ევროპირველობაზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტლით ნაკრების 5 წევრიდან, ოთხი ფინალში გავიდა ხოლო ერთი კი ბრინჯაოს მედლისათვის იჭიდავებს.

ხვალ ჩემპიონობისათვის ნუგზარ წურწუმია (55 კგ), ლევან ქავჟარაძე (63 კგ), გურამ ხეცურიანი (87 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ) იბრძოლებენ. ბრინჯაოს მედალისთვის კი  ბექა მამუკაშვილი (77 კგ) იასპარეზებს.

ნახევარფინალში ნუგზარ წურწუმიამ პირველივე პერიოდში აშკარა უპირატესობით 11:2 სძლია რუს ვიქტორ ვედერნიკოვს და ფინალში რუმინელ ფლორინ ტიტას დაუპირისპრიდება.

ლევან ქავჟარაძემ  უნგრელ ერიკ ტორბას 7:2 მოუგო, ფინალში კი სომეხ სლავიკ გალსტიანს შეხვდება.

 გურამ ხეცურიანმა ნახევარფინალში ლიტველ მარტინას ნემსევიჩიუსს 4:0 სძლია, ხვალ კი რუსეთის წარმომადგენელ გაზი ხალილოვს დაეჭიდება.

ზვიად პატარიძემ ესტონელი მეტოქე არტურ ვიტიტინი იოლად 9:0 დაამარცხა, ოქროს მედლისათვის კი რუმინელ ისტვან ბერეის შეხვდება.

 ბექა მამუკაშვილმა კი ნახევარფინალში რუს ისლამ ოპიევთან 1:1-ზე ბოლოს დაკარგული ქულის გამო წააგო, ხვალ კი, კვარცხლბეკზე ასასვლელად რეპეშაჟის ერთ-ერთ გამარჯვებულს შეერკინება.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 21:00 საათიდან დაიწყება.

ასევე ხვალ 23-წლამდე ევროპირველობის მეორე დღეს წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრებს ბერძნულ-რომაული სტილით 60-67-72-82-97 კგ კატეგორიის ფალავნები გამართავენ.

საქართველოს ღირსებას  ირაკლი ძიმისტარიშვილი (60 კგ), გიორგი კურტანიძე (67 კგ), რამაზ ზოიძე (72 კგ), აივენგო რიკაძე (82 კგ) და გიორგი მელია (97 კგ) დაიცავენ.

შეხვედრები თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყება.

ცხელი ამბები