ოფიციალურად: ფრენკი დე იონგი
Aa
Aa

ოფიციალურად: ფრენკი დე იონგი "ბარსელონას" ფეხბურთელია!

საფეხბურთო კლუბ კატალონიის ''ბარსელონასა'' და ჰოლანდიურ ამსტერდამის ''აიაქსს'' შორის შეთანხმება შედგა. 21 წლის ფეხბურთელი ფრენკი დე იონგი მიმდინარე სეზონს ყველაზე ტიტულოვან ჰოლანდიურ კლუბში დაასრულებს, ხოლო 2019 წლის პირველ ივლისს ''ბარსელონას'' წევრი ოფიციალურად გახდება.

''ბარსელონას'' ოფიციალური ვებგვერდის ცნობით სატრანსფერო ღირებულება 75 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა ''აიაქსმა'' შესაძლოა დამატებით ბონუსების სახით 11 მილიონი ევრო მიიღოს.

21 წლის მოთამაშე ესპანური კლუბის ღირსებას შემდეგი 5 სეზონის განმავლობაში დაიცავს.

ფრენკი დე იონგი ''ვილემ II''-ის აღზრდილია. 2015 წელს ''აიაქსმა'' შეიძინა. თავდაპირველად დე იონგი სარეზერვო გუნდში გამოდიოდა, შემდეგ კი პირველ გუნდში დააწინაურეს.

2016-17 წლების სეზონში დე იონგი ჰოლანდიის რანგით მეორე ლიგის ყველაზე ნიჭიერ მოთამაშედ დასახელდა.

მიმდინარე სეზონში ამპლუით ნახევარმცველმა ჰოლანდიის ჩემპიონატის 16 მატჩში 4 გოლი შეაგდო და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. ასევე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

2018 წლის 9 ივნისს ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩში პერუს შეხვდა. სამხრეთ ჰოლანდიის სოფელ არკელში დაბადებულმა მოთამაშემ ეროვნულ გუნდში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. გასულ წელს ფეხბურთელმა ეროვნული ნაკრების მაისური ხუთჯერ მოირგო.

დე იონგს ჰოლანდიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია.

ასევე იხილეთ - გემი-მოჩვენება - "მფრინავი ჰოლანდიელები" და "არამფრინავი ჰოლანდიელი"

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები