ჯოკოვიჩმა ბასილაშვილი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა!
ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე 250-იან ტურნირზე, მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი 1/4 ფინალურ ეტაპზე ნიკოლოზ ბასილაშვილს დაუპირისპირდა და რთული ბრძოლის გადატანა მოუწია.
ქართველმა ჩოგბურთელმა თამაში კარგად დაიწყო და საწყის პარტიაში სახელოვანი მეტოქე აშკარად დაჯაბნა, რამაც ანგარიშში დაწინაურების საშუალება მისცა - 6:4.
მეორე სეტის სტარტზე ჯოკოვიჩმა მოუმატა და პირველსავე შესაძლებლობაზე ბრეიკი შეასრულა, ეს კი გადამწყვეტი უპირატესობა აღმოჩნდა და დარჩენილ გეიმებში მეტოქეებს ერთმანეთს მოწოდება აღარ აუღიათ.
რაც შეეხება მე-3 სეტს, პირველ 2 გეიმში ჩოგბურთელებმა ბრეიკები გაცვალეს, რასაც მე-5 გეიმში სერბის ბრეიკი მოჰყვა და რამდენიმე რთული მომენტის მიუხედავად, "ნოლემ" მატჩის მიმდინარეობა ხელიდან აღარ გაუშვა - 4:6; 6:3; 6:4.
ბასილაშვილმა 4 ეისი მოაწოდა და 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა, პირველ მოწოდებაზე 54-დან 39, ხოლო მეორეზე 28-დან 12 ქულა მოიგო. ნიკამ ჯოკოვიჩის ჩაწოდება 3-ჯერ მოიგო, თავად კი საკუთარი 4-ჯერ დათმო.
26 წლის ქართველმა მოთამაშემ დოჰაში გამოსვლა 1/4 ფინალში დაასრულა, რაც წინა წლის გათამაშებასთან შედარებით უკეთესი შედეგია (გასულ წელს 1/8 ფინალში წააგო), ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი თანამემამულე მომავალი კვირიდან, დიდი ალბათობით, ATP-ს რეიტინგის საუკეთესო ოცეულში აღმოჩნდება, რაც დამოუკიდებელი საქართველოსთვის ისტორიული შედეგია.
ბასილაშვილი ამიერიდან უკვე წლის პირველი დიდი სლემის ტურნირისთვის, ავსტრალიის ღია პირველობისთვის მოემზადება. მელბურნში გასამართი გათამაშება 14 იანვარს დაიწყება.