იცოდით რომ... ლა ლიგის მეოთხე ტური
Aa
Aa

იცოდით რომ... ლა ლიგის მეოთხე ტური

გასულ უქმეებზე ლა ლიგის მეოთხე ტური გაიმართა. ესპანური ფეხბურთის გრანდებს სერიოზული პრობლემები შეექმნათ და "ბარსას" გარდა სასურველი შედეგის მიღწევა ვერცერთმა მათგანმა მოახერხა.. იოლი გასეირნება არც "ბლაუგრანას" ჰქონია, კატალონიელებმა საკმაოდ დაძაბულ დაპირისპირებაში იმარჯვეს და რომ არა "სოსიედადის" ფეხბურთელების რამდენიმე უზუსტობა დიდი ალბათობით მატჩი სხვა შედეგით დასრულდებოდა.

CrystalSport-ის გუნდი იწყებს ახალ რუბრიკას, რომელსაც ლა ლიგის ყოველი ტურის შემდეგ შემოგთავაზებთ და რაუნდის გამორჩეულ ფაქტებსა თუ მოვლენებს წარმოგიდგენთ.

„ატლეტიკომ“ ლა ლიგის საწყის 4 შეხვედრაში ამდენივე ქულის მოგროვება მოახერხა. დიეგო სიმეონეს მწვრთნელობის პერიოდში „როხიბლანკოსს“ ასეთი ცუდი სტარტი არასდროს ჰქონია.

„სოსიედადთან“ მატჩის პირველ ნახევარში ლიონელ მესი ბურთს 31-ჯერ შეეხო. საინტერესოა, რომ არგენტინელი მეტოქის საჯარიმოში ბურთთან ერთად არცერთხელ ყოფილა.

წლევანდელ სეზონში კარიმ ბენზემამ მეტოქის კარის მიმართულებით ზუსტი დარტყმა 5-ჯერ განახორციელა და 4 გოლი გაიტანა. შარშან იგივე შედეგის მისაღწევად მას 19 შეხვედრა დასჭირდა.

შეცვლაზე შემოსულმა ისკომ „ბილბაოს“ კარის აღება 2 წუთსა და 56 წამში მოახერხა. წლევანდელ სეზონში ისკო ამ მაჩვენებლით მეორე ადგილს იკავებს. პირველ ადგილზე ხუანმი იმყოფება, რომელმაც გოლის გატანა ცვლილებიდან 2 წუთის და 33 წამის გასვლის შემდეგ შეძლო.

"ვალიადოლიდის" მონაწილეობით გამართულ მატჩებში საშუალოდ 0.5 გოლი გადის, რაც ევროპის ტოპ 5 დივიზიონის მასშტაბით ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

უსმანე დემბელემ ლა ლიგის ეგიდით გამართულ ბოლო სამ მატჩში ზუსტად იმდენი გოლი შეაგდო, რამდენიც წინა 18 შეხვედრაში.

2017-18 წლების სეზონის ჩათვლით "ბარსელონამ" სხვაობის აღმოფხვრის შედეგად 23 ქულა მოიპოვა.

იკერ მუნიანის გოლი 26 წამში შესრულებული 11 გადაცემის შედეგი გახლდათ და იერიშში მონაწილეობა „ბილბაოს“ რვა ფეხბურთელმა მიიღო.

2018-19 წლების სეზონში „ლეგანესი“ პირველი გუნდი გახდა, რომელმაც თერთმეტმეტრიანი გააფუჭა.

„სევილიამ“ გოლის გატანა ზედიზედ სამ შეხვედრაში ვერ მოახერხა. ასეთი ცუდი შედეგი ანდალუსიელებმა ბოლოს 2007 წელს დააფიქსირეს.

იაგო ასპასს „სელტას“ მაისურით 69 გოლი აქვს გატანილი. ამ მაჩვენებლით იგი ვიგოელთა ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირების სიის მეორე ადგილზე მყოფ მაურო როდრიგესს გაუთანაბრდა.

უსმანე დემბელეს გოლების წყალობით „ბარსამ“ 4 ქულის მოგროვება შეძლო.. ფრანგი ფეხბურთელი ამ მაჩვენებლით ლა ლიგის უპირობო ლიდერია.

გასული სეზონის ჩათვლით, ევროპის 5 საუკეთესო ჩემპიონატის მასშტაბით კრისტიან სტუანზე მეტი თავური არცერთ ფეხბურთელს არ აქვს გატანილი. (სტუანიმ და პავოლეტიმ ერთი და იგივე რაოდენობის ბურთები შეაგდეს)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები