ტუხელის ახალი ტაქტიკა - ნეიმარისთვის მაქსიმალური კომფორტი მოედანზე
Aa
Aa

ტუხელის ახალი ტაქტიკა - ნეიმარისთვის მაქსიმალური კომფორტი მოედანზე

ესპანური Mundo-ს ინფორმაციით, "პსჟ"-ს ახალი მთავარი მწვრთნელი ტომას ტუხელი ნეიმარისთვის მეტი კომფორტის შესაქმნელად ტაქტიკის შეცვლას გეგმავს.

გერმანელი სპეციალისტი პარიზელთა დიდი ხნის ნაცად 4-3-3-ზე უარს იტყვის და გუნდს 3-5-2 სქემით ათამაშებს.

ტუხელი 2 ცენტრფორვარდით ითამაშებს. კავანი და მბაპე მეტოქე გუნდის მცველებისთვის პრობლემების შექმნას შეეცდებიან.

მრისხანე ფორვარდთა ტანდემის უკან ნეიმარი გამწესდება, რომელიც მხოლოდ ფლანგიდან აღარ იმოქმედებს და მოედანზე სრული თავისუფლება ექნება მინიჭებული.

ასეთ ტაქტიკაში ფლანგებს მთლიანად განაპირა მცველები გააკონტროლებენ. მარჯვენა ფლანგზე ტუხელს პრობლემა არ აქვს. დანი ალვეში და ტომას მუნიე ასეთი სქემისთვის ზედგამოჭრილები არიან.

რაც შეეხება მარცხენა ფრთას, პარიზელები ამ მხრივ სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობენ. ფელიპე ლუისი და ხუან ბერნატი "პსჟ"-ს ინტერესთა სფეროში მოექცნენ და საკმაოდ დიდია იმის ალბათობა, რომ რომელიმე მათგანი მალე "პარკ დე პრენსზე" გადაბარგდება.

მას შემდეგ რაც "პსჟ" ნასერ ალ ხელაიფის ხელშია და ამხელა ფინანსურ შესაძლებლობებს ფლობს, პარიზელები 4-3-3 სქემით თამაშობენ, თუმცა ეს ერთი შეხედვით შემტევი სქემა რეალურად საკმაოდ პრაგმატულია.

ნეიმარი-კავანი-მბაპეს ტრიოს უკან ძირითადად დაცვაზე ორიენტირებული 3 ნახევარმცველი ირჯებოდა.

ვერატი, რაბიო, მოტა, ლო სელსო, თავის დროზე მატუიდი და ა.შ.

შემტევი სტილის ნახევარმცველები კი ისეთები როგორებიც პასტორე, დი მარია და დრაქსლერი არიან ძირითადად სულ თადარიგში რჩებოდნენ. როგორც მოგეხსენებათ პასტორე ამჟამად "რომაში" ასპარეზობს.

აქედან გამომდინარე პრიცნიპულ შეხვედრებში ნათლად ჩანდა გუნდის პრობლემა - ნახევარდაცვასა და თავდასხმას შორის წყვეტა იყო. ნეიმარს ბურთის მისაღებად და შეტევების წამოსაწყებად ხშირად საკუთარ ნახევარზე ჩამოსვლა უწევდა, რადგან ნახევარდაცვაში ასეთი სტილის მოთამაშე გუნდს არ ჰყავდა.

რთული სათქმელია, სავარაუდოდ ეს მწვრთნელების ზედმეტი სიფრთხილისა და სტილის გამო ხდებოდა, მაგრამ ამჯერად გუნდს სათავეში გამბედავი, აგრესიული და შეტევის მოყვარული ტომას ტუხელი უდგას და დიდი ალბათობით ყველაფერი შეიცვლება.

როგორც ხედავთ ტუხელი დაცვაზე ორიენტირებული 3 შუახაზელით თამაშს აღარ გეგმავს და ასეთი "პსჟ"-ს ნახვა გაცილებით საინტერესო იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები