Aa
Aa

ტაისონ ფიური კრივს უბრუნდება!

მძიმეწონითი კატეგორიის ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი ტაისონ ფიური კრივში დაბრუნებას გეგმავს. ფიურის „ქამბექის“ სავარაუდო თარიღად 2018 წლის ზაფხული სახელდება და თუ ბრიტანელის პრომოუტერებს დავუჯერებთ, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ჯოშუა-ფიურის დაპირისპირებასაც ვიხილავთ.

ფიურიმ რინგს მიღმა ორ წელიწად-ნახევარი გაატარა და წონასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს. ბრიტანელი შვილთან, ბიძასთან და მწვრთნელთან ერთად სავარჯიშო დარბაზის ხშირი სტუმარია და წონის დარეგულირებას მაქსიმალურად ცდილობს.

ტაისონი რინგზე ბოლოს 2015 წელს ვიხილეთ, როდესაც ქულებით უკრაინელი ვლადიმერ კლიჩკო დაამარცხა და “IBF”-ის, “WBO”-ის და “WBA”-ის ვერსიით მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. მოგვიანებით, ნარკოტიკული ტესტისას მოკრივეს სისხლში კოკაინი აღმოაჩინეს და ფიურიმ საჩემპიონო ქამრებზე უარი განაცხადა, რათა კონცენტრაცია მკურნალობაზე გადაეტანა.

კოკაინის მოხმარების საჯაროდ აღიარების შემდეგ ფიურიმ საკუთარი ფსიქოლოგიური და ფიზიკური შემოწმებების შედეგები ბრიტანეთის კრივის კონტროლის საბჭოს გადასცა, რის შედეგადაც აღნიშნულმა ორგანიზაციამ ტაისონს აკრძალვები მოუხსნა.

წარსულში ფიური ქრონიკულ დეპრესიას განიცდიდა, თუმცა ახლა მოკრივე სრულიად ჯანმრთელია და როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად იდეალურ მდგომარეობაში იმყოფება.

პრომოუტერმა ფრენკ უორენმა ბრიტანელს ურჩია, რომ ჯოშუამდე რამდენიმე მოსამზადებელი მატჩი ჩაეტარებინა, რათა საკუთარი ფორმა და მზადყოფნა შეემოწმებინა. ფიურის პირველი ოპონენტი დიდი ალბათობით, რომელიმე ნაკლებად ცნობილი მოკრივე იქნება. წარმატების შემთხვევაში ბრიტანელი ამერიკელ შენონ ბრიგსს დაუპირისპირდება. პროცესი სტარტს ივნისში აიღებს და წარმატებული განვითარების შემთხვევაში ამერიკელთან დაპირისპირება სექტემბრის დასაწყისში გაიმართება.

ცხელი ამბები