„ტოიოტა“ სარბოლო LMP1 კლასში მინიმუმ ერთი სეზონით დარჩება
Aa
Aa

„ტოიოტა“ სარბოლო LMP1 კლასში მინიმუმ ერთი სეზონით დარჩება

მას შემდეგ, რაც გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატი (WEC) „აუდიმ“, „პორშემ“, „პეჟომ“ და „ნისანმა“ დატოვეს, ყველაზე პრესტიჟული, LMP1 კლასის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. მაგრამ ახლახანს „ტოიოტამ“ გამოაცხადა, რომ თავის LMP1 პროგრამას მინიმუმ ერთი სეზონით კიდევ გააგრძელებს. და მაინც, ამ კლასში მხოლოდ ერთი დიდი კომპანია და ორი-სამი კერძო გუნდი დარჩა, მისადმი ინტერესს ძლიერ ამცირებს.

იაპონურ კომპანიას გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატი 2014 წელს აქვს მოგებული და მას შემდეგაც, „აუდის“ და „პორშეს“ ყოველთვის ხისტ მეტოქეობას უწევდა. მაგრამ ჯერჯერობით ვერ ახერხებს ჩემპიონატის მარგალიტის - ლე მანის 24-საათიანი რბოლის მოგებას. მისი გუნდი წლევანდელ რბოლას ლიდერობდა, მაგრამ შემდეგ წინ „პორშეს“ ეკიპაჟი გავიდა, რომელმაც გერმანულ კომპანიას ზედიზედ მესამე გამარჯვება მაპოვებინა.

„2012 წლიდან ვმონაწილეობთ FIA-ს გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატსა და ლე მანის რბოლაში. მოტორსპორტის ექსტრემალურ გარემოში ჩამოყალიბდა და დაიხვეწა საუკეთესო ავტომობილი. სწორედ ამიტომ არის, რომ ჩვენ მოტორსპორტში ყოველთვის ვიქნებით, იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა სიტუაცია იქნება ეკონომიკაში“, - ამბობს „ტოიოტას“ პრეზიდენტი აკიო ტოიოდა.

მისივე თქმით, სარბოლო პროტოტიპ „TS050 ჰაიბრიდის“ ტექნოლოგიებს კომპანია სერიულ სპორტულ ავტომობილზე გამოიყენებს: „მე წელს პირველად დავესწარი ლე მანის რბოლას და მესიამოვნა, როცა მესმოდა, რომ ხალხი „ტოიოტას“ ქომაგობდა. ბევრისგან მსმენია, რომ სურთ „ტოიოტას“ სპორტული ჰიბრიდული ავტომობილი, რომელიც ამ სარბოლო ავტომობილების ტექნოლოგიებით აღიჭურვება. ამას მეც ვისურვებდი“.

იაპონური კომპანია თავის ახალ სარბოლო პროტოტიპს ტოიკიოს ავტო სალონზე წარადგენს, რომელიც იანვარში გაიმართება.

ცხელი ამბები