ასე დაიწყო
Aa
Aa

ასე დაიწყო "ლესტერი"...

1884 წელს „ვაიგსტონის“ სკოლის „ძველმა ბიჭებმა“ საფეხბურთო კლუბი დაარსეს, რომელიც საფეხბურთო ასოციაციაში 6 წლის შემდეგ გაწევრიანდა. სწორედ იქიდან იწყება თანამედროვე ფეხბურთის ყველაზე დიდი სიურპრიზი სახელად - „ლესტერი“... რომელსაც 132 წლიანი ისტორიის მანძილზე 3-ჯერ „ლიგის თასის“ გარდა ოფიციალური ტიტული არ მოეგო. 

იდგა 2015 წლის ზაფხული... გუნდში დანიშნეს მწვრთნელი, რომელსაც კარგა ხანია მიაკერეს იარლიყად "კარიერული მეორეობა“ – 30 წლიანი სამწვრთნელო კარიერა არაერთ ევროპულ გრანდში და მხოლოდ 5 ტიტული, თანაც ყველა სათასო...

თითქოს, რაღაცით „ამ“ იტალიელისა და „ლესტერის“ ბედი ერთმანეთს წააგავდა...

„მელიების“ ქომაგები ერთი ჩვეულებრივი სეზონის მოლოდინში იყვნენ... რა იცოდნენ, რომ ეს იყო კაცი, რომელსაც ერთი დიდი და მეგობრული, ვარდივით სურნელოვანი გუნდის გაკეთება შეეძლო...

კარგად მახსოვს 8 აგვისტო (ის 8 აგვისტო არა), დღე, როდესაც პრემიერ ლიგა იწყებოდა და ლესტერშირელები პირველ ტურში „კინგ პოუერზე“ „სანდერლენდს“ მასპინძლობდნენ.

გადავხედე შემადგენლობებს და გავიფიქრე, კამბიასოც აღარ ჰყავთ ამ საცოდავებს, წელს უეჭველი გავარდებიან... კაცს, რომ 34 წლის კამბიასოს მეტი არავინ გაგახსენდება, ჰმ... ერთი კი ისევ იქ იყო, შმეიხელი - ჩემი ძველ-ახალი ნაცნობი... ზოგი ისეთი ტიპი იყო, მხოლოდ გამარჯობით რომ იცნობ, დანარჩენი ვიღაცები...

„ლესტერი“-„სანდერლენდს“ რა მაყურებინებდა. იქით მოქმედი ჩემპიონი „ჩელსი“ თამაშობდა. ამიტომაც, ტრადიციულად, „ფლეშსკორს“ დავუმეგობრდი... პირველი სიგნალი ლესტერშირიდან მოვიდა, „ლესტერმა“ „სანდერლენდს“ შეუგდო - ვარდი! მე და ჩემს ძმაკაცს გვარზე ჩაგვეღიმა... 25 წუთში 3:0 იყო.

ასევე ლაღად გაგრძელდა სეზონი, ტურები გადიოდა, იმ იტალიელის გუნდი კი ცხრილის ზედა ნაწილში ბუდობდა. უგებდა და უგებდა „მანჩესტერებსა“ და „ლივერპულებს“... მოვიდა „ბოქსინგ დეი“, უკვე სამეული და ვიღაცამ ხუმრობად ქცეული „ესენი ჩემპიონები გახდებიან“ წამოიძახა.

მალე „ლესტერი“ ცხრილის სათავეში მოექცა, თუმცა ექსპერტთა ნაწილი მაინც ამბობს: „ბოლომდე ვერ გაძლებენ“, ენები უფრო მაშინ გაითქვიფეს, როცა ძია არსენის გუნდმა კაცნაკლულ „მელიებს“ 14 თებერვალს ბოლო წამებზე, უელბეკის თავურით მოუგო და მდევრებმაც სხვაობა შეამცირეს.

შენც არ მომიკვდე, აგრძელებენ. უგებენ ყველას და რაღაც დაუჯერებელისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან...

36-ე ტურია. იმ „კარიერულად მეორის“ გუნდმა „ოლდ ტრაფორდზე“ 1:1 ითამაშა, კონკურენტი „ტოტენჰემი“ კი ორშაბათს, ტურის ბოლო შეხვედრაში „ჩელსისთან“ სათამაშოდ ჩადის და პირველი ტაიმის შემდეგ 2:0-ს იგებს... 83-ე წუთი, აზარი... და ტატოს მჭექარე ხმა მესმის: „ლესტერი“ ინგლისის ჩემპიონია"!..

რამდენიმე წუთში ჰიდინკს ურეკავენ. ის კაცია, ცრემლნარევი ხმით... მადლობის სათქმელად დარეკა...

ჰმ, წინა სეზონში ვარდებოდნენ....

ასეა, ფული ფეხბურთი არაა... ფეხბურთი - „ლესტერია“! ის "ლესტერი", რომელმაც მავანი შეიხები ამ სპორტში მათ უბადრუკ და გაფუყულ როლზე ჩააფიქრა...  

გამარჯვების მთავარმა შემოქმედმა ჭადრაკის დაფაზე ფიგურები სწორად განალაგა, ზოგს პაიკის როლი მისცა, ზოგს დედოფლისა...

მეფე კი თავად "ის კაცია"... ასე რომ ჩაებეჭდა ჩვენს გონებასა და ფეხბურთის ისტორიას, „კინგ პოუერის“ პირველი და სამუდამო კინგი... 

 

ირაკლი ფოფხაძე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები