პრივილეგიები, რომლებიც ოძეკის წოდებას მოჰყვა
Aa
Aa

პრივილეგიები, რომლებიც ოძეკის წოდებას მოჰყვა

იაპონიის სუმოს ასოციაციამ ოთხშაბათს ქართველ სეკიტორს, ტოჩინოშინს, ოძეკის წოდება გადასცა. ლევან გორგაძე მესამე ევროპელი გახდა, რომელმაც სუმოს იერარქიაში რიგით მეორე რანგი მიიღო. ტრადიციის თანახმად, სუმოს ასოციაციის მესვეურები ლევანის კლუბს, "კასუგანო ბეიას" ესტუმრნენ და ქართველ ფალავანს, მისი ოიაკატას (კლუბის პრეზიდენტი) თანხლებით, სუმოს ასოციაციის დადგენილება გააცნეს, რომლის თანახმადაც, დღეიდან ლევან გორგაძე ოძეკის ზე-პრესტიჟული ტიტულის მფლობელია!

გზა ოძეკის წოდებამდე ადვილი ნამდვილად არ ყოფილა, კარიერის დასაწყისში ტოჩინოშინს არცერთი ოჯახი (თავლა) არ იღებდა და მისი თითქმის არავის სჯეროდა. ქართველს მშობლიურ ქვეყანაში დაბრუნება მოუწია, მალევე მას თავის გამოჩენის შანსი კასუგანოს ოჯახმა მისცა და გორგაძემ გაცემული ავანსები გაამართლა. ქართველი სუმოისტის პროგრესი ჯვარედინი იოგების ტრავმამ შეაჩერა და ერთ პერიოდში გორგაძე კარიერის დასრულებასაც აპირებდა...

საბედნიეროდ მან სუმოში დარჩენა გადაწყვიტა და საკუთარი სიძლიერე არაერთხელ დაამტკიცა.

ტოჩინოშინმა ოძეკის წოდებასთან ერთად ბევრი საინტერესო „ჯილდო“ მიიღო.

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ხელფასის რაოდენობაა, რომელიც დაახლოებით 30 პროცენტით გაიზრდება. დაწინაურების შემდეგ ტოჩინოშინი თვიურად 2.4 მილიონ იენს მიიღებს, რაც 54681.02 ლარია.

წოდების ამაღლებასთან ერთად გულშემატკივართა რაოდენობა და სახალხო პროფილიც გაიზარდა. ტოჩინოშინი დიდი ალბათობით სპონსორებისგან მეტ ფულს და საჩუქარს მიიღებს.

„კოკა კოლა“-მ გორგაძეს მისი საყვარელი 900 ქილა ქართული ყავა გადასცა და მოლაპარაკებები ლევანის მონაწილეობით, სარეკლამო კამპანიის ამოქმედების შესახებაც დაიწყო.

ტოჩინოშინს "რიოგოკუ კოკუგიკანზე" ფეხით მისვლა აღარ მოუწევს. ოძეკისა და იოკოძუნას წოდების მქონე სეკიტორებისთვის არენის ქვეშ სპეციალური პარკინგია გამოყოფილი და მათ ტურნირებზე მისვლა და სახლში დაბრუნება მანქანითაც შეუძლიათ.

ოძეკის წოდების მიღება ადვილი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა ტოჩინოშინმა სასურველ მიზანს მიაღწია და შეუძლია მომავალ ბაშომდე მშვიდად დაისვენოს.

ლევან გორგაძე დაწინაურებასთან დაკავშირებული აქტივობების დასრულებისას საქართველოში ჩასვლას და მშობლიური ქვეყნის მონახულებას გეგმავს.

ცხელი ამბები