„არბიტრის შეცდომების გამო არ დავმარცხებულვართ“ - კბილაშვილის შეფასება
ხელბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის ისრაელის ნაკრებთან საქართველოს ეროვნული გუნდის მიერ თელავში ჩატარებული მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი პლეი ოფის მატჩები დიდი იმედგაცრუების მომტანი იყო. ჩვენი ქვეყნის ეროვნულმა გუნდმა ალბათ იმის ოცი პროცენტიც ვერ აჩვენა, რეალურად რაც შეუძლია და მუნდიალის მიღმა დარჩა, რის გამოც დაიწყო საუბრები იმის თაობაზე, რომ სამწვრთნელო შტაბმა საკუთარი შესაძლებლობები ამოწურა და ცვლილებებია საჭირო. ამის თაობაზე პირველი განცხადება თელავში მყოფი Crystalsport-ის კორესპოდენტისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მეძმარიაშვილმა გააკეთა, რამაც დიდი რეზონანსი გამოიწვია.
რამ განაპირობა მარცხი, რისი გადაწყობის მცდელობა იყო პირველი წაგებული თამაშის შემდეგ ტაქტიკაში და რამდენად მიზანშეწონილი გახლდათ მეძმარიაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, ამის თაობაზე Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ნაკრების ხელბურთელმა ირაკლი კბილაშვილმა დეტალურად ისაუბრა.
ირაკლი კბილაშვილი
პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო თელავის სპორტის სასახლეში მოსულ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ბოლო წუთამდე ჩვენს გვერდით იყო. რთულია იმის მიღება და გაანალიზება, რომ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლა ნაადრევად დაასრულა. როგორც ტაქტიკურად, ასევე ტექნიკურად ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული და ჩვენმა გუნდმა რეალურად ვერ აჩვენა ის თამაში, რაც შეუძლია.
მეტოქე ჩვენზე ბევრად მოტივირებული იყო და საბოლოო ჯამში ეს შედეგზეც აისახა. პირველი მატჩის შემდეგ ბუნებრივია მოხდა ანალიზი და იმ შეცდომების განხილვა, რომელიც დავუშვით, მაგრამ სამწუხაროდ როგორც აღმოჩნდა სათანადო დასკვნები ვერ გავაკეთეთ. კი ბატონო, მეორე მატჩი გაცილებით კარგად ვითამაშეთ და იგრძნობოდა თავდადებაც, მაგრამ მიზანს მაინც ვერ მივაღწიეთ.
რა იყო და როგორ იყო, ამას ყველაფერს განიხილავენ და მე დაწვრილებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. რაც შეეხება არბიტრებს, რა თქმა უნდა იყო რაღაც შეცდომები დაშვებული, მაგრამ ნამდვილად ვერ ვიტყოდი, რომ მათ გამო წავაგეთ და ვერ გავედით მომდევნო ეტაპზე. ჩემი აზრი ასეთია - თუ პრეტენზია გაქვს იყო მაღალ საფეხურზე, მსაჯებამდე საქმე არ უნდა მიიყვანო.
ხდება ასეთი ფაქტები, სპორტია, მარცხდები, მაგრამ უფრო ძლიერი ბრუნდები და საქართველოს ნაკრებიც უფრო ძლიერი დაბრუნდება. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ ოთხი წამყვანი ხელბურთელის არყოფნა დიდი დანაკლისი იყო და ჩვენს თამაშს დაღი დაასვა. თუმცა, წარუმატებლობის ამაზე დაბრალებაც არ შეიძლება, რადგან სპორტია და რა შემადგენლობითაც გადიხარ სათამაშოდ, იმ შემადგენლობით უნდა მობილიზდე და მოგებაზე იზრუნო.
რაც შეეხება ბატონ ირაკლი მეძმარიაშვილის მიერ გაკეთებულ კომენტარს, მას ყველანაირი უფლება აქვს ჰქონდეს იმის სურვილი, რომ საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები იყოს იმ დიდი ტურნირების მონაწილე, როგორებიც არის ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიოს ჩემპიონატი და ოლიმპიური თამაშები. მწვრთნელებთან დაკავშირებულ თემაზე კი, სამწუხაროდ კომენტარს ვერ გავაკეთებ. დარწმუნებული ვარ, გაიმართება შესაბამისი კრება, სადაც დეტალურად განიხილავენ ყველაფერს და საბოლოო გადაწყვეტილებაც ჩვენთვის ცნობილი მალე გახდება.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კბილაშვილმა თელავში ისრაელის ნაკრებთან გამართულ ორივე შეხვედრაში იასპარეზა და თუ პირველ მატჩში 3 გოლით გამოიჩინა თავი, მეორეში 5-ჯერ აიღო მეტოქე გუნდის კარი.