3 გოლი და 3 ასისტი - ცხოვრებაძის კარგი მატჩი
ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაში „ზაგრების“ წარუმატებელი სერია გრძელდება, ხორვატიის საუკეთესო კლუბის ქართველი ლეგიონერი გიორგი ცხოვრებაძე კი იმ სათამაშო დროის ფარგლებში, რასაც მთავარი მწვრთნელი აძლევს, მაქსიმალურად შედეგიანად ასპარეზობს და კლუბის გულშემატკივრების ერთ-ერთ საყვარელ ხელბურთელად სრულიად დამსახურებულად ითვლება.
„ზაგრებმა“ ამჯერად საკუთარ დარბაზში უნგრეთის „სეგედს“ უმასპინძლა და 5-ბურთიანი სხვაობით, 23:28 დამარცხდა. მასპინძლების დამრიგებელმა ველიმირ პეტკოვიჩმა ცხოვრებაძე საქმეში მეორე ტაიმში ჩართო და ამ უკანასკნელმა 3 გოლის გატანასთან ერთად, თანაგუნდელებს 3 საგოლე გადაცემა მიაწოდა.
საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ჩემპიონთა ლიგაში მხოლოდ ორი კლუბი დარჩა, რომელსაც მიმდინარე სეზონში ჯერ გამარჯვება არ მოუპოვებია და ეს „ზაგრებთან“ ერთად, ბუქარესტის „დინამოა“.
მომდევნო სამ შეხვედრას გიორგი ცხოვრებაძე და მისი თანაგუნდელები სტუმრად ჩაატარებენ - ჯერ ხორვატიის ჩემპიონატში „ტროგირთან“ (25 ოქტომბერი)) და „მედიმურიესთან“ (8 ნოემბერი) ითამაშებენ, ხოლო შემდეგ ჩემპიონთა ლიგაში „მაგდებურგს“ (12 ნოემბერი) დაუპირისპირდებიან.