კრისტალბეთ ეროვნული ლიგა, იბერია 1999, ქუთაისის ტორპედო, თელავი, წყალტუბოს სამგურალი
Aa
Aa

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა: იბერია დროებით გალიდერდა, ტორპედოს უგოლო ფრე თელავში

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში სტარტი აიღო მე-9 ტურის შეხვედრებმა.

პირველი სათამაშო დღის პირველი მატჩი წყალტუბოს საფეხბურთო ცენტრზე გაიმართა, სადაც ადგილობრივი „სამგურალი“ თბილისის „იბერიას“ დაუპირისპირდა და სანახაობრივ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა.

შეხვედრის დებიუტში, მე-6 წუთზე თბილისური გუნდი ბაქარ ქარდავამ ეფექტური შორეული გასროლით დააწინაურა. მასპინძლებმა პირველივე ნახევარში შეძლეს თამაშის სცენარის შემოტრიალება და შესვენებაზე ერთბურთიანი უპირატესობით გავიდნენ. ანგარიში 26-ე წუთზე დემურ ჩიხლაძემ გაათანაბრა, 32-ე წუთზე კი გიორგი ფანცულაიამ „სამგურალი“ წინ გაიყვანა.

მეორე ნახევარში, 52-ე წუთზე კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთის შემდეგ, წყალტუბოელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით ოთარ მამაგეიშვილმა ისარგებლა და წონასწორობა აღადგინა. ბოლო გოლი კი 75-ე წუთზე გავიდა. საჯარიმოს მისადგომებიდან ოთარ მამაგეიშვილის ჩაწოდებულ ბურთს ბარტულ მარკოვინა გამოეხმაურა და სიტუაციის განეიტრალება სცადა, თუმცა, ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ავტოგოლი მიითვალა. შედეგად, „იბერიამ“ 2:3 მოიგო და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა.

ამ გამარჯვებით, თბილისურმა კლუბმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში 22 ქულა დააგროვა პირველ ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა, უშუალო კონკურენტ ბათუმის „დინამოს“, რომელსაც 19 ქულა აქვს, მე-9 ტურის მატჩი ჯერ არ გაუმართავს. „სამგურალი“ კი 5 ქულით ბოლოსწინა მე-9 ადგილზე იმყოფება.

მე-10 ტურში „იბერია“ სტუმრად „თელავს“ დაუპირისპირდება, „სამგურალი“ კი საკუთარ მოედანზე თბილისის „დინამოს“ მიიღებს.

დღის მეორე მატჩში „თელავმა“ „კავკასიონ არენაზე“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და ფრედ, 0:0 ითამაშა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და ორივე გუნდს გოლის გატანის არაერთი შანსი ჰქონდა, თუმცა, საბოლოოდ შეხვედრა ნულოვანი ფრით დასარულდა.

9 ტურის შემდეგ „ტორპედო“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში 16 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება, „თელავი“ კი 10 ქულით მე-5 საფეხურზეა. როგორც ზემოთ აღინიშნა, შემდეგ ტურში ერთმანეთს „თელავი“ და „იბერია“ დაუპირისპირდებიან, ქუთაისური გუნდი კი იმერულ დერბიში „სამტრედიას“ ესტუმრება.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის დარჩენილი 3 შეხვედრა ხვალ გაიმართება. 19:00 საათზე, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე „გაგრა“ თბილისის „დინამოს“ შეხვდება, 20:00 საათზე ქობულეთის საფეხბურთო ცენტრზე „კოლხეთი“ გორის დილას დაუპირისპირდება, 21:00 საათზე კი „ბათუმი არენაზე“ ბათუმის „დინამო“ „სამტრედიას“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები