გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

პირადი რეკორდი დაამყარა - მამარდას ბრწყინვალე თამაში და შესანიშნავი სტატისტიკა

ლა ლიგის 28-ე ტურში „ვალენსიამ’’ შინ „ხეტაფე’’ 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი უგო დუროს ანგარიშზეა.

ლა ლიგის მიმდინარე სეზონში გიორგი მამარდაშვილმა ყველა მატჩი სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა, დღევანდელი გამარჯვების შემდეგ მის აქტივში 27 თამაშიდან 9 მშრალი შეხვედრაა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ ამ სტატისტიკით პირადი რეკორდი გააუმჯობესა, 2021-22 წლების სეზონში ლა ლიგის 18 მატჩში კარი მშრალად 8 შეხვედრაში შეინახა, გასულ სეზონში კი 38-დან შვიდ შეხვედრაში არ გაუშვა გოლი.

„ხეტაფესთან'' მოგებულ მატჩში მამარდაშვილი უშეცდომო და დამაჯერებელი იყო, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელების კანდიდატი ნამდვილად იყო, თუმცა მატჩის მეფე გოლის ავტორი უგო დურო გახდა.

2021 წლიდან მამარდაშვილი „ღამურებში'' თამაშობს, ლა ლიგაში 90 მატჩი ჩაატარა, 90-დან 27 შეხვედრაში გოლი არ გაუშვია. გამომდინარე იქიდან, რომ 2021-22 და 2022-23 წლების სეზონებში „ვალენსია'' მაღალი მიზნებისთვის არ იბრძოდა და გასულ სეზონში ლა ლიგა 2-ში დაქვეითების შანსიც არსებობდა, ქართველი მეკარის ეს სტატისტიკა მის კარგ თამაშზე, სტაბილურობასა და დამაჯერებლობაზე მეტყველებს.

ამ სეზონში ლა ლიგის მეკარეებს შორის ყველაზე მეტი მშრალი შეხვედრა უნაი სიმონის აქტივშია (27-დან 13), მეორე ადგილზე ალექს რემიროა (26-დან 11). გიორგი მამარდაშვილის, მარკ-ანდრე-ტერ შტეგენის, სერხიო ერერასა, სტოლე დიმიტრიევსკის, იან ობლაკისა და პაულო გაზინაგას ანგარიშზე 9 მშრალი თამაშია. ეს სტატისტიკაც ხაზს უსვამს იმ შეფასებას, რომ მამარდაშვილი ლა ლიგის საუკეთესო მეკარეებში ფიგურირებს.

რუბენ ბარახას „ვალენსია'' ამ სეზონში კარგად თამაშობს, ევროსაგზურის მოპოვების რეალური შანსი აქვს, 27 ტურში 40 ქულა დააგროვა, მე-8 ადგილზეა და საუკეთესო ექვსეულს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. ლა ლიგაში ბარახას გუნდი შემდეგ მატჩს სტუმრად „ვილიარეალთან'' ჩაატარებს (17 მარტი, 19:15).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მილანი და რეალი, ასეთ დონეზე თამაშს იმსახურებს - კალაძემ კვარაზე ისაუბრა
მილანი და რეალი, ასეთ დონეზე თამაშს იმსახურებს - კალაძემ კვარაზე ისაუბრა