ვახტანგ სალუქვაძე
Aa
Aa

93 წლის ასაკში ლეგენდარული მწვრთნელი ვახტანგ სალუქვაძე გარდაიცვალა

93 წლის ასაკში ლეგენდარული ქართველი მწვრთნელი ვახტანგ სალუქვაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას საქართველოს სროლის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ სალუქვაძე ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერი, ქართული სპორტის უმაღლესი ჯილდოს - „სპორტის რაინდის“ წოდებისა და არაერთი სპორტული თუ სამოქალაქო წოდების მფლობელი იყო. ასევე, მუშაობდა საბჭოთა კავშირის ნაკრებში და შემდგომში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო.

ვახტანგ სალუქვაძე ნინო სალუქვაძის მამა და მისი პირადი მწვრთნელი იყო. ასევე, დიდი წვლილი შეიტანა შვილიშვილის, ცოტნე მაჭავარიანის სპორტსმენად ჩამოყალიბებაში.

„უზომოდ დიდია მისი წვლილი არა მხოლოდ ტყვიის სროლაში, არამედ - ქართული სპორტის ისტორიაშიც, რომელსაც ერთ-ერთი პატრიარქი გამოეცალა. პრაქტიკულად, მისი და ნინოს შეუპოვრობამ გადაარჩინა სპორტის ეს სახეობა საქართველოში. დაუვიწყარია მისი სამწვრთნელო მიღწევები და განსაკუთრებით - პიროვნული ხიბლი, მისეული იუმორი და ჰუმანიზმი ანუ თვისებები, რომელმაც მთელ მსოფლიოში გაუთქვა სახელი და ყველგან, ყველა ქვეყანაში, ნებისმიერ საზოგადოებაში სასურველ და მისაღებ სტუმრად აქცია, მას ხომ ყველგან აფასებდნენ და ეფერებოდნენ. დღეს ეს დიდი აუდიტორია, მთელი მსოფლიოს სროლის სამყარო ჩვენთან ერთად ემშვიდობება განუმეორებელ „მაისეევიჩს“ - ვკითხულობთ საქართველოს სროლის ეროვნული ფედერაციის Facebook-ის გვერდზე.

CrystalSport-ის რედაქცია იზიარებს გარდაცვლილის ოჯახისა და მეგობრების მწუხარებას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები