ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი, ისრაელ ადესანია
Aa
Aa

თოფურიას ნოკაუტმა შოკში ჩააგდო - ადესანიას რეაქციები ილიას და მერაბის გამარჯვებებზე

UFC-ის საშუალო წონის გამორჩეულმა მებრძოლმა, ისრაელ ადესანიამ საკუთარ არხზე ვიდეო ატვირთა, რომელშიც სხვადასხვა ბრძოლების შესახებ მისი და მისი მეგობრების რეაქციებია. ვიდეოში მერაბ დვალიშვილისა და ილია თოფურიას გამარჯვებებიც მოხვდა.

ისრაელ ადესანიამ მერაბ დვალიშვილის შესახებ გასულ კვირაში ისაუბრა და ალჯამეინ სტერლინგის წინააღმდეგ ბრძოლაზე უარის თქმის გამო პატივისცემა გამოუცხადა: „ყველა მებრძოლი განსხვავებულია. ზოგს ეს მოსწონს, ზოგს - არა, მაგრამ ყველას თავისი პრინციპები აქვს. პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას და ვფიქრობ, ბრწყინვალე რაღაც გააკეთა. მაგარია, როცა შენ ტიტულის ნომერ პირველი პრეტენდენტი ხარ, შენი ძმა კი ქამარს ფლობს და მის მიმართ არანაირი შური, სიძულვილი ან სიბრაზე არ გიჩნდება. პირიქით, მის გამო ბედნიერი ხარ, რადგან მისი წარმატება შენი წარმატებაა. ამის გამო დიდ პატივს ვცემ!''.

მერაბ დვალიშვილმა UFC 298-ის ფარგლებში ჰენრი სეხუდო დაამარცხა. „მანქანამ“ ორი წონითი დივიზიონის ყოფილ ჩემპიონს მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით სძლია (29:28, 29:28, 29:28) და საჩემპიონო ქამრისთვის ჩხუბი მოითხოვა. UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. უაითმა განაცხადა, რომ „მანქანის“ მომდევნო ჩხუბი სატიტულო დაპირისპირება იქნება, თუმცა, დასძინა, რომ ალჯამეინ სტერლინგთან ბრძოლაზე უარის თქმა, UFC-სთვის მოსაწონი გადაწყვეტილება არ ყოფილა.

ადესანიას რეაქციები მერაბ დვალიშვილის გამარჯვებაზე

„ეს ლამაზია, ეს შესანიშნავია... მერაბ დვალიშვილმა გააკეთა ის, რაც მატ ჰიუზმა''.

ადესანია გულისხმობდა მატ ჰიუზის გამარჯვება კარლ ნიუტონთან, როცა მატმა კარლი ანალოგიურად ჰაერში ასწია.

ადესანიას მეგობრებმა ჰენრი სეხუდოზე იხუმრეს: „მან დაასრულა კარიერა''.

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია UFC 298-ის მთავარი მოვლენის ფარგლებში ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონს, ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაუპირისპირდა. „ელ მატადორმა“ ისტორია დაწერა, UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი გახდა და პირობა შეასრულა. ილიამ ლეგენდარული მებრძოლი მეორე რაუნდში დაანოკაუტა და ოცნება აიხდინა.

ადესანია ვოლკანოვისკზე ამბობს: „კარგი ბიჭია ვოლკი, თავს კარგად იცავს, ოსტატურია''. მალე, ადესანია და მისი მეგობრები შოკში ჩავარდნენ, როცა თოფურიამ ვოლკანოვსკი დაანოკაუტა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები