გენო პეტრიაშვილი, გივი მაჭარაშვილი, შოთა ფარტენაძე, გიორგი იანტბელიძე
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე ცნობილია. საქართველოს ნაკრები 10 სპორტსმენითაა დაკომპლექტებული. ჩემპიონატი ბუქარესტში მომავალ კვირაში (12-18 თებერვალს) გაიმართება და თავისუფალი სტილით მოჭიდავეები საქმეში 16 თებერვლიდან ჩაებმებიან.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ციკლს გორის შეკრებით ასრულებს. სწორედ გორის სპორტის სასახლეში დაასახელა სამწვრთნელო შტაბმა საბოლოო განაცხადი. ნაკრების შემადგენლობა ძირითადად საქართველოს ჩემპიონატის შედეგებით დაკომპლექტდა. სწორედ შიდა კონკურენციის შემდეგ მოხვდნენ განაცხადში გოდერძი ძებისაშვილი, აკაკი ქემერტელიძე და გიორგი გოგრიჭიანი, რომლებსაც უფროსებში ამ რანგის შეჯიბრებაზე აქამდე არასოდეს უჭიდავიათ.

რუმინეთში ევროპის მოქმედი ჩემპიონის რანგში ჩავა გივი მაჭარაშვილი (97 კგ). ევროპის შარშანდელ ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა სულ 6 მედალი მოიპოვა. ამ ექვსი მედალოსნიდან, ხუთი ამჯერადაც გავა ხალიჩაზე. ესენი არიან: გივი მაჭარაშვილი, გენო პეტრიაშვილი, შოთა ფარტენაძე, ავთანდილ კენჭაძე და მირიან მაისურაძე. ევროპის ჩემპიონატზე არ გათამაშდება ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები.

პარიზი 2024-ის სალიცენზიო ტურნირები (დარჩენილია ორი ტურნირი) გაიმართება აპრილში და მაისში.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ამ შემადგენლობით გაემგზავრება

57 კგ - რობერტ დინგაშვილი, 61 კგ - შოთა ფარტენაძე, 65 კგ - გოდერძი ძებისაშვილი, 70 კგ - აკაკი ქემერტელიძე, 74 კგ - გიორგი გოგრიჭიანი, 79 კგ - ავთანდილ კენჭაძე, 86 კგ - ვლადიმერ გამყრელიძე, 92 კგ - მირიან მაისურაძე, 97 კგ - გივი მაჭარაშვილი, 130 კგ - გენო პეტრიაშვილი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები