გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, ზურიკო დავითაშვილი, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ქოჩორაშვილი, ლუკა ლოჩოშვილი
Aa
Aa

„მეტოქეს ვაჯობეთ და მოგება დავიმსახურეთ“ - ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

შოტლანდიასთან მატჩის (2:2) შემდეგ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა პრესასთან ისაუბრეს და შეხვედრა შეაფასეს.

Crystalsport-ი ტრადიციულად ფეხბურთელთა მატჩის შემდგომ კომენტარებს გთავაზობთ:

ხვიჩა კვარაცხელია:

„შედეგით კმაყოფილები არ ვართ, მიუხედავად იმისა, რომ შოტლანდია ძლიერი გუნდია, დღეს გამარჯვებას ვიმსახურებდით. ამის მიუხედავად ეს მატჩი დადებითად დავასრულეთ. ახლა მომდევნო შეხვედრაზე ვფიქრობთ.

ესპანეთთან შინ მარცხი კარგად გვახსოვს. ახლა უნდა დავამტკიცოთ, რომ ეს მატჩი რეალობას არ ასახავდა და გამართლების მომენტი იყო. ამას შემდეგ თამაშში აუცილებლად დავამტკიცებთ.

შოტლანდიაში სამჯერ შეჩერებული მატჩი და შემდეგ მარცხი, რა თქმა უნდა, ამან ჩვენზე იმოქმედა და დღევანდელ შეხვედრაზეც იქონია გავლენა. ბიჭებმა დღეს ყველაფერი დავდეთ“.

გიორგი მამარდაშვილი:

„რთული თამაში გამოვიდა. ჩემი აზრით, ბოლო წუთებში დავიღალეთ. ბურთი სულ მოძრაობდა. ძალიან ინტენსიური მატჩი იყო. ბოლოს კონცენტრაციის ნაკლებობაც იყო. საბოლოოდ ყველაფერს კარგად შევაფასებდი, რადგან ეს შეხვედრები მარტისთვის მოსამზადებელია და ბოლო ორ თამაშთან შედარებით ძალიან კარგად ვითამაშეთ.

პოზიტიური ის დავინახე, რომ დაცვაში უკეთესად ვთამაშობდით. ზონებს უკეთ ვკეტავდით. წინა ორ შეხვედრაში უფრო გაშლილად ვმოქმედებდით, მეტოქეს დიდ სივრცეებს ვაძლევდით და ახლა ეს გამოვასწორეთ“.

ზურიკო დავითაშვილი:

„კარგად ვითამაშეთ და ჩემი აზრით, შოტლანდიას ვაჯობეთ. გამარჯვებას ვიმსახურებდით. სამწუხარო გოლი გავუშვით, იმიტომ, რომ ბოლოს ცოტა უკან ჩავჯექით. ფეხბურთში ასე ხდება, ხან ბოლო წუთზე გაუშვებ ან თავად გაიტან. დასანანია, რომ ამ შეხვედრაში ვერ მოვიგეთ.

მამობას რაც შეეხება, ძალიან დიდი ემოციაა. ყველა მამამ იცის ეს ემოცია. ახლა ნაკრებთან ვარ და სრულად კონცენტრაცია თამაშზე მაქვს.

ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ხვიჩა გაიტანდა და შემდეგ ჩემთან მოვიდოდა და ასე აღნიშნავდა. კვარა ჩემი ძმაა. დიახ, ბავშვის ნათლიაც იქნება“.

გიორგი მიქაუტაძე:

„კმაყოფილი ვარ თამაშით, თუმცა ფეხბურთში სულ ვერ გაიტან და ვერც საგოლე პასს გააკეთებ. დღეს ბევრი ვიბრძოლე. მოგება ძალიან გვინდოდა, თუმცა ასე არ გამოვიდა.

ესპანეთს რაც შეეხება, ბევრი შრომა მოგვიწევს. ეს ესპანეთია და მაგარ ფეხბურთს თამაშობენ. ერთად უნდა ვიყოთ და ვიშრომოთ და რაღაც გამოგვივა.

მადლობა ქომაგებს. აქ როცა ვთამაშობთ სულ მაგარი ატმოსფეროა. ასე უნდა გააგრძელონ, ასევე ჩვენც“.

გიორგი ქოჩორაშვილი:

„ჩემი აზრით, ყველაფერი კარგად შესრულდა. თუმცა გაუმობესება ყოველთვის შეიძლება. გოლი ბოლო წუთებზე გავუშვით და ალბათ შემდეგ ჯერზე გამოსასწორებელი ეს იქნება. მეტი კონცენტრაცია გვმართებს.

ყოველი ჩვენგანი მაქსიმალურად დაიხარჯა და ასი პროცენტი დადო. დანარჩენს შემდეგ ვნახავთ. მატჩის ანალიზი გვექნება და შევეცდებით გავუმჯობესდეთ.

ესპანეთთან მაქსიმუმი უნდა დავდოთ. როგორც ყოველთვის ვშვებით, გინდ შეტევაში გინდ დაცვაში, მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ. დანარჩენი უკვე ანგარიშში აისახება, ჩვენ ჩვენი უნდა გავაკეთოთ და მიზანდასახულობა ვაჩვენოთ“.

ლუკა ლოჩოშვილი:

„ვფიქრობ, ძალიან ძლიერ მეტოქეს კარგად ვეთამაშეთ. პირველ ტაიმში თავს ძალიან კომპაქტურად ვიცავდით და კონტრშეტევებზეც კარგად გადავდიოდით. ეს ანგარიშშიც აისახა. გაშვებული გოლის შემდეგაც კარგი რეაგირება გვქონდა.

შემდეგ თამაშის სცენარიდან გამომდინარე ცოტა უკან დახევა მოგვიწია. ბოლო წუთებზე ცოტა დასანანი გოლი გავუშვით. იღბალი დაგვაკლდა, მოგებას ვიმსახურებდით. ვფიქრობ, საერთო ჯამში მატჩი მაღალ დონეზე ჩავატარეთ“.

ბუდუ ზივზივაძე:

„შეცდომები ფეხბურთის ნაწილია და ამაზე უნდა ვიმუშაოთ. დასანანია ბოლო წუთებზე გოლის გაშვება. თუმცა რაც სასიხარულო იყო, მე პირადად ამან სიამოვნება მომანიჭა - ეს იყო ყველა სანტიმეტრისთვის ბრძოლა და ხასიათის გამოვლენა. ვფიქრობ, ასეთი მუხტითა და შემართებით ვითამაშებთ, ვფიქრობ, ჩვენთვის სანუკვარ თამაშებში შედეგი ჩვენთვის სასიხარულო იქნება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანიოლი: 60 წუთით კმაყოფილი ვარ, შემდეგ დაღლა დაგვეტყო
სანიოლი: 60 წუთით კმაყოფილი ვარ, შემდეგ დაღლა დაგვეტყო