გიორგი გველესიანი, პერსეპოლისი
Aa
Aa

სასტარტოში დააბრუნეს - გველესიანის გამარჯვება და კარგი შეფასება

აზიის ჩემმპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში „პერსეპოლისმა’’ შინ ტაჯიკეთის ჩემპიონი „ისტიკლოლი’’ 2:0 დაამარცხა, საიდ სადეგიმ დუბლი შეასრულა.

ქართველმა ცენტრალურმა მცველმა გიორგი გველესიანმა „პერსეპოლისის’’ სასტარტო 11-ეულში ითამაშა, 63-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, როცა მეტოქის სწრაფი შეტევა თამაშის წესის დარღვევით შეაჩერა.

Sofascore-მა გველესიანს 7,1 დაუწერა. ბურთს 93-ჯერ შეეხო, 83-დან 76 პასი ზუსტი იყო (92 პროცენტი), 6 გრძელი გადაცემიდან 3 იყო ზუსტი. მინდორზე 5 ორთაბრძოლიდან 3 მოიგო. ანალოგიურად, მეორე სართულზე 5 დუელიდან 3-ში გამარჯვებული გამოვიდა. ასევე, მის აქტივში 1 საკვანძო პასია. მეტოქის შეტევა 2-ჯერ განმუხტა. გველესიანმა თამაშის წესი 2-ჯერ დაარღვია, მის წინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდნენ.

აზიის ჩემპიონთა ლიგის E ჯგუფში სამი ტურის შემდეგ „პერსეპოლისის'' აქტივში 6 ქულაა, გველესიანის გუნდი მე-4 ტურის მატჩს „ისტიკლოლთან’’ სტუმრად ჩაატარებს (7 ნოემბერი, 19:00).

გიორგი გველესიანის ერთ-ერთმა კონკურენტმა, ირანის ნაკრების მცველმა მორტეზა პურლიგანჟიმ მძიმე ტრავმა მიიღო, ოპერაცია ჩაუტარდა და დაახლოებით ექვს თვეს გამოტოვებს. მისი ტრავმის შემდეგ „პერსეპოლისმა’’ ორი მატჩი გამართა, ირანის ჩემპიონატში - „პაიკანთან’’ და აზიის ჩემპიონთა ლიგაზე -„ისტიკლოლთან’’, გიორგი გველესიანმა ორივე მატჩი სასტარტო 11-ეულში შეუცვლელად ჩაატარა.

თუ 32 წლის მცველი სტაბილურობას შეინარჩუნებს, ვილი სანიოლს გველესიანის ეროვნულ ნაკრებში მიწვევის რეალური საფუძველი ექნება. ფრანგმა ივნისის სანაკრებო პაუზისას გველესიანი პირველად გამოიძახა, მაგრამ არ ათამაშა. სექტემრისა და ოქტომბრის შეკრებებზე გველესიანი არ ყოფილა, სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა, გამოუძახებლობა ლოგიკური იყო, ამჯერად კი შესაძლოა განსხვავებული ვითარება ვიხილოთ, გველესიანი სანაკრებო მატჩებს რეგულარული პრაქტიკით შეხვდეს. საინტერესოა, ასეთ შემთხვევაში ვილი სანიოლი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. გიორგის ეროვნულ ნაკრებში თამაშის ამბიცია აქვს, რაზეც არაერთხელ უსაუბრია, თუმცა ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი ჯერ არ შემდგარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები