გორის დილა, აპოელ, ანდრეი დემჩენკო
Aa
Aa

დემჩენკო: არ მინდა ვინმეს რამე დავაბრალო, ოჯახური განწყობა უნდა შევინარჩუნოთ

UEFA-ს კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის ‘‘დილა’’ შინ აპოელ-თან 0:2 დამარცხდა. მატჩის შემდეგ გორული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ ისაუბრა.

ანდრეი დემჩენკო: „უპირველესად მინდა ვთქვა, რომ თამაშის ამგვარდ წაგება უსიამოვნოა. აპოელ-ი დაცვაში კარგად მოქმედებდა, მეტოქის ფეხბურთელები საკუთარ ნახევარზე საკმაოდ კომპაქტურად იდგნენ. ამის მიუხედავად, გოლის გატანის რამდენიმე შანსი გვქონდა. სამწუხაროდ, ვერ გამოვიყენეთ.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგ გუნდს ვეთამაშეთ, ორივე გოლი ჩვენი შეცდომების გამო გავუშვით. არ მინდა, ვინმეს რამე დავაბრალო, უნდა შევინარჩუნოთ ოჯახური განწყობა, რომელიც გუნდში არსებობს.

საპასუხო მატჩს პოზიტიურად უნდა შევხედოთ და გავაცნობიეროთ, რომ აპოელ-მა მომენტების შექმნა მხოლოდ მაშინ შეძლო, როცა მოედანზე 10 ფეხბურთელით დავრჩით, როცა არბიტრმა ჩვენი გუნდის კაპიტანი მოედნიდან გააძევა.

კარგად ვითამაშეთ, თუმცა დავმარცხდით. კაპიტნის გაძევებამდე აპოელ-ი მხოლოდ 3-ჯერ თუ 4-ჯერ გადმოვიდა ჩვენს ნახევარზე, 2 გოლი გაგვიტანა და ორივე სტანდარტული ვითარებისას. სტანდარტულებზე უნდა ვიმუშავოთ.

სამწუხაროდ, მეორე მატჩში კაპიტანი დაგვაკლდება. დანებებას არ ვაპირებთ. მეორე მატჩს პოზიტიური განწყობით უნდა შევხვდეთ. გავიხსენოთ, საწყის ორ ეტაპზე თამაშები შემოვატრიალეთ.

პოლონეთში ბოლო 15 წუთი ჩავაგდეთ. დღესაც ასე მოხდა. დიდი ენერგია დავხარეთ. სამწუხაროდ, მოკლე სკამი გვაქვს. სულ 5 თუ 6 ფეხბურთელი გვყავს, რომელთაც მატჩის მიმდინარეობისას გუნდის გაძლიერება შეუძლიათ. „ვორსკლასთან“ მეორე მატჩში საკმაოდ მაღალ დონეზე ვითამაშეთ. აქედან გამომდინარე იმედი მაქვს, რომ შესაძლებლობებს საპასუხო მატჩშიც გამოვავლენთ, მაღალი დონის ფეხბურთს ვაჩვენებთ.

მადლობა ქომაგებს, რომლებიც დღეს სტადიონზე მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირეს. თქვენს მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობ.

რაც შეეხება ცვლილებებს, ერთ-ერთი მცველი საყრდენის პოზიციაზე უნდა გადავიყვანოთ. ზოგიერთ მცველს ამ პოზიციაზე უთამაშია. სათანადო ანალიზის შემდეგ გადაწყვეტილებას მივიღებთ''.

საპასუხო მატჩი ლარნაკაში, 17 აგვისტოს, 21:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები