რამაზ სვანაძე, გიორგი მოისწრაფიშვილი, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი
Aa
Aa

სვანაძე: „მეორე ნომრად ვთამაშობთ, მაგრამ მთავარი შედეგია“

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის მეოთხედფინალის წინ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ „დინამო არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა.

„რა თქმა უნდა, რთულ თამაშს ველოდებით, ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში სხვაგვარად წარმოუდგენელია. ისრაელი ასაკობრივ ნაკრებებში წარმატებული გუნდია, მაგრამ მთავარია, შევინარჩუნოთ გუნდურობა და სათამაშო დისციპლინა, რაც წინა მატჩებში გამოგვარჩევდა.

1/4-ში გუნდი შემთხვევით ვერ გავა. გამოსარჩევია მათი გუნდურობა. მივიღეთ ის მეტოქე, როემლმაც ჯგუფიდან გასვლა დაიმსახურა. სამწუხაროდ, ისრაელთან გორში ამხანაგური მატჩი წავაგეთ, მაგრამ ახლა სხვა თამაში იქნება, ჩვენც გვაქვს კოზირები, რომლის გამოყენებასაც შევეცდებით.

მნიშნელოვანია რომ აღდგენისთვის დრო გვქონდა. ვიმეორებ, ჩენი გუნდი ასეთი გრაფიკით თამაშისთვის მზად არ იყო და ნიდერლანდებთან ზოგიერთ ფეხბურთელს დაღლილობა დაეტყო. ახლა კი აღსადგენად დრო გვქონდა და შემიძლია ვთქვა, რომ ისრაელთან მატჩისთვის მზად ვართ.

პირველად ვართ ევროპის ჩემპიონატზე და მეოთხედფინალში გავედით. ცხადია, ეს განწყობაზე აისახება. ჩვენ მეორე ნომრად ვთამაშობთ, მაგრამ მთავარია, ერთად მივაღწიოთ იმ შედეგს და რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს ის ბედნიერება, რომელიც ახალაგზრდული ნაკრების გამოსვლითაა გამოწვეული.

მოლოდინებს რაც შეეხება, ჩვენ ყველა თამაშზე უნდა დავამტკიცოთ, რომ მოლოდინების გამართლება შეგვიძლია. დიდი ხანია, ჩვენი ფეხბურთის გარშემო ასეთ ერთიანობა არ გვინახავს. ჩემი მუშაობის პერიოდში პირველად ხდება, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ფავორიტია. ეს ყველაზე ბედნიერი მომენტია ჩემს სამწვრთნელო კარიერაში. ჩენი ვალია, ეს მოლოდინი გავამართლოთ“.

გიორგი მოისწრაფიშვილი: „რთულ თამაშს ველოდებით, ვიცით, ისრაელი ძლიერი გუნდია, მაგრამ გამარჯვებაზე ვფიქრობთ, რომ ისევ გავახაროთ ჩვენი გულშემატკივარი და ერთად ვიზეიმოთ წარმატება. ახლა ძალების აღდგენა მოვასწარით. მიმაჩნია რომ ბურთი ჩვენი იქნება და შევეცდებით, ისრაელთან ეს უპირატესობა გამოვიყენოთ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ. ბიჭები კარგ განწყობაზე ვართ და ველოდებით სავსე სტადიონს, რადგან ქართველი გულშემატკივარი დიდ ძალას გვაძლევს''.

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის 1/4-ფინალში საქართველოს მეტოქე ისრაელია. შეხვედრა „დინამო არენაზე“ პირველ ივლისს, 20:00 საათზე დაიწყება.

რამაზ სვანაძის გუნდი ჯგუფურ ეტაპზე დაუმარცხებელი იყო, პორტუგალიას მოუგო (2:0), ბელგიასთან (2:2) და ნიდერლანდებთან (1:1) ფრედ ითამაშა. საქართველო პირველ ადგილზე გავიდა, პორტუგალია - მეორეზე, ხოლო ნიდერლანდები და ბელგია ჯგუფში ჩარჩნენ. ანალოგიურად, სენსაციური იყო ისრაელის ნაკრების გამოსვლა, რომელმაც ჯგუფში გერმანია და ჩეხეთი ჩატოვა.

მომზადებულია 1TV.GE-ს მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები