გიორგი ჩაკვეტაძე, გენტი, ივან კმოტრიკი
Aa
Aa

„ჩაკვეტაძის შესანარჩუნებლად ყველაფერს ვაკეთებთ“ - სლოვანის დირექტორი

ბრატისლავას „სლოვანის“ გენერალური დირექტორი ივან კმოტრიკი სლოვაკურ Pravda-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ კლუბი ჩაკვეტაძის შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს. ფეხბურთელის კვლავ იჯარით დამატება არ განიხილება, „სლოვანი“ ქართველი ნახევარმცველის გამოსყიდვაზე მუშაობს.

„ამ დრომდე არაფერი შეცვლილა, მოლაპარაკებას ვაწარმოებთ. გვსურს, „სლოვანში“ დარჩეს, მაგრამ ეს მხოლოდ ფეხბურთელის სურვილზე არაა დამოკიდებული. სამი ვარიანტი განიხილება: ჩვენ გამოვისყიდით, სხვა კლუბი შეიძენს ან „გენტი“ კვლავ გაანათხოვრებს. ჩვენი კლუბი მხოლოდ გამოსყიდვის შესაძლებლობას განიხილავს“.

სლოვაკური Pravda „გენტის“ პრესსამსახურის წარმომადგენელს, ტომ ვანდენბულკეს დაუკავშირდა, თუმცა მან ჩაკვეტაძის გარშემო არსებულ ვითარებაზე საუბარი არ ისურვა.

23 წლის ნახევარმცველი 2024 წლის ივნისამდე „გენტის“ საკუთრებაა, გასული სეზონი იჯარით „სლოვანში“ გაატარა, საერთო ჯამში ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით 47 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი შეაგდო და 9 საგოლე პასი შეასრულა. მას „სლოვანთან“ საიჯარო ხელშეკრულება მიმდინარე თვეში ეწურება, თუმცა მისი „გენტში“ დაბრუნება თითქმის წარმოუდგენელია.

შეგახსენებთ, 2021 წლის ზაფხულიდან „სლოვანში“ გურამ კაშია და ჯაბა კანკავა თამაშობენ, გამოცდილი ფეხბურთელები „სლოვანის“ საკუთრებას წარმოადგენენ, გუნდის ლიდერებად ითვლებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები