გიორგი მამარდაშვილი, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, რამაზ სვანაძე
Aa
Aa

„ბელგიასთან მამარდაშვილი ითამაშებს“ - სვანაძის პრესკონფერენცია

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მეორე შეხვედრაში საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ბელგიას შეხვდება. მატჩამდე რამაზ სვანაძემ „დინამო არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა.

რამაზ სვანაძე: „ბელგიასთან რთულ თამაშს ველოდები. ამაზე ბევრს არც ვისაუბრებ, ამ ტურნირზე იოლი დაპირისპირება არ იქნება. ვემზადებით კონკრეტულად ამ შეხვედრისთვის. პორტუგალიასთან კარგი თამაში იყო, მაგრამ ჩვენი შესრულებით ეს საუკეთესო ასპარეზობა არ ყოფილა. მიმაჩნია, რომ ბევრი რამ გასაუმჯობესებელი გვაქვს, პირველ რიგში, შეტევაში. საბედნიეროდ, ყველა ჯანმრთელადაა და სათამაშოდ ემზადება.

სირთულე ისაა, რომ 72 საათში ერთხელ გვიწევს მოედანზე გასვლა. ბევრი ჩვენი ფეხბურთელი ასეთ რეჟიმში თამაშს შეჩვეული არაა. მთავარია, ერთსულოვნება და გუნდური სულისკვეთება შევინარჩუნოთ. ეს მოგვცემს შანსს, წარმატებული სვლა გავაგრძელოთ. ახლა მხოლოდ დადებითი ემოციები გვაქვს. ეს კარგია, მაგრამ ჩვენთვის მთავარი უკვე ხვალინდელი დღეა. ასეთ მეტოქესთან წინასწარ რაიმეს გათვლა რთულია. მხოლოდ ის ვიცი, რომ ყველაფერს გავაკეთებთ. რაც შეეხება ნაკრების მეკარეს, კუტალაძემ ძალიან კარგი თამაში ჩაატარა, მაგრამ ჩვენი პირველი მეკარე გიორგი მამარდაშვილია და ბელგიასთან ის ითამაშებს.

ბელგიის ნაკრები დაბალანსებული, ტაქტიკურად გამართული და ინდივიდუალურად ძლიერი გუნდია. ისეთი მეტოქეები გვყავს, რომლებიც შეცდომებს არ გპატიობენ. ამიტომ მაქსიმალური სიფრთხილე და კონცენტრაცია გვმართებს. მეტოქის შემადგენლობაში ბევრი ძლიერი მოთამაშეა, მაგრამ ტრადიციას არ ვუღალატებ და მთელ გუნდს გამოვყოფ. მათ სივრცეები არ უნდა დავუტოვოთ. შემადგენლობაში ცვლილებებს რაც შეეხება, ჩვენ ერთი გუნდი ვართ და არ ველოდები, რომ ცვლილებებმა სიტუაცია არიოს. ყველა ფეხბურთელს, ვინც შემოგვიერთდა, ჩვენთან ადრეც უთამაშია და მათ იციან, რა მოთხოვნები გვაქვს“.

ზურიკო დავითაშვილი: „პორტუგალიასთან გამარჯვება უკვე წარსულია და ეს ყველას გაცნობიერებული გვაქვს. ახლა, ხვალინდელი დღისთვის ვემზადებით. სავსე სტადიონი ძალიან მნიშვენლოვანია. მინდა, რომ დასწრების რეკორდით კიდევ ერთი ისტორია ერთად დავწეროთ“.

ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა პირველი მატჩი პორტუგალიასთან გამართა, რამაზ სვანაძის გუნდმა გიორგი გაგუასა და საბა საზონოვის გოლებით პორტუგალია 2:0 დაამარცხა. ამავე ჯგუფის პირველ ტურში ბელგია-ნიდერლანდების შეხვედრა 0:0 დასრულდა.

მეორე ტურში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები „დინამო არენაზე“ ბელგიას შეხვდება, მატჩი 24 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება. ამ მატჩის პარალელურად პორტუგალია „მიხეილ მესხზე“ ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.

მომზადებულია 1tv-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები