ხვიჩა კვარაცხელია, კილიან მბაპე, ერლინგ ჰოლანდი, სილვიო ბერლუსკონი
Aa
Aa

„კვარაცხელია ნებისმიერ გუნდს მოერგება“ | ბერლუსკონის ბოლო ინტერვიუ

სილვიო ბერლუსკონის ბოლო ვრცელი ინტერვიუ La Gazzetta dello Sport-ში გამოქვეყნდა. ეს 1-ელ აპრილს მოხდა, ინტერვიუერი კი ლუკა ბიანკინი გახლდათ. იტალიის ექს-პრემიერმა და „მილანისა“ და „მონცას“ ყოფილმა პრეზიდენტმა, პირველ „სკუდეტოზე“, მარადონასთან მოლაპარაკებებზე, კვარაცხელია-ლეაოს შედარებაზე, „მილანის“ გარშემო აქტუალურ ამბებზე, ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

- რა მოგდით გონებაში, როცა იხსენებთ „ნაპოლისა“ და თქვენი გუნდის 1988 წლის მატჩს, რომლის შემდეგაც „მილანი“ პირველ ადგილზე დარჩა და ყველამ იცოდა, რომ „სკუდეტოს“ ხელიდან აღარ გაუშვებდა?

- ძალიან ბევრი მოგონება, ძალიან ბევრი ემოცია. უპირველეს ყოვლისა, აღფრთოვანებული ვარ იმ აპლოდისმენტებით, რომლითაც „ნაპოლის“ ბრწყინვალე ტიფოზერიამ თამაშის ბოლოს დაგვაჯილდოვა. არაჩვეულებრივი ჟესტი და სპორტული ღირსების უმაღლესი გამოვლინება, რის გამოც „ნაპოლი“ ყოველთვის ჩემს გულში იქნება. უშუალოდ მატჩიდან არ შემიძლია დავივიწყო შეუჩერებელი გულიტი, ორი უძლიერესი ბომბარდირი - ვირდისი და ვან ბასტენი, მაგრამ ასევე მარადონას შესანიშნავი გოლი ჯარიმიდან. ერთ-ერთი საფეხბურთო საოცრება, რის გაკეთებაც მხოლოდ მას შეეძლო.

- არის თუ არა ის მატჩი თქვენთვის ერთ-ერთი უდიდესი სპორტული სიხარული?

- იმ დღეს, ძლიერი „ნაპოლის“ დამარცხებით, „მილანმა“ ფაქტობრივად გაინაღდა ჩემს ერაში პირველი „სკუდეტო“. შეუდარებელი ეპოქის პირველი ტიტული - არაჩვეულებრივ მენეჯერთან და ნამდვილ მეგობართან, ადრიანო გალიანისთან ერთად. ეს იყო ეპოქა, რომელმაც „მილანი“ მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ გუნდად აქცია. იმ მსოფლიო დონის გუნდმა ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვან პრეზიდენტად მაქცია. ფიფა-ს შეფასებით, არიგო საკის „მილანი“ ისტორიაში ულამაზეს ფეხბურთს თამაშობდა. ამის დამტკიცება ძნელია, მაგრამ იმ გუნდის თამაშით მიღებული ემოციები, თუნდაც „ნაპოლისთან“ მატჩი ავიღოთ, შეუდარებელია. ბავშვობაში მამაჩემს „მილანის“ თამაშებზე ხელჩაკიდებული დავყავდი და ბედნიერი ვარ, რომ ჩემს პირველ „სკუდეტოს“, „ნაპოლისთან“ იმ შესანიშნავ მატჩს ისიც მოესწრო.

- მარადონას ნათქვამი აქვს, რომ მასთან მოლაპარაკებებს მართავდით. ამ კომუნიკაციის დეტალებზე ხომ ვერ გვეტყოდით და ისევ ნანობთ, რომ იგი „მილანის“ მაისურით ვერ იხილეთ?

- ჩემთვის ეს ძალიან, ძალიან დასანანია, რადგან მარადონა თავისი თაობის უდიდესი ფეხბურთელი იყო. ამასთანავე, იგი საკმაოდ მყიფე ადამიანი გახლდათ და, შესაძლოა, „მილანში“ გადმოსვლა და აქაური გარემო შეცდომების თავიდან აცილებაში დახმარებოდა. თუმცა, მასთან პირისპირ საუბრისას ნათლად გავაცნობიერე, რომ მარადონა ნეაპოლი იყო - ქალაქის დროშა და სიმბოლო და ეს დღემდე ასეა. დროშების ყიდვა და სადმე გადატანა კი შეუძლებელია. ეს იქნებოდა მთელი ქალაქის გულის მოპარვა და მილანში წაღება. უსამართლო იქნებოდა, არ შეიძლებოდა. ამ ყველაფერს იზიარებდა თავად დიეგოც, რომელიც უაღრესად მგრძნობიარე ადამიანი იყო.

- სპალეტის „ნაპოლის“ აქვს ყველაფერი, რაც დიეგოს მოეწონებოდა. არის თუ არა ამ გუნდში ფეხბურთელი, რომელიც განსაკუთრებულად მოგწონთ და აფასებთ?

- ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც კვარაცხელია და ოსიმენი არიან, მსოფლიოს ნებისმიერ გუნდს ბრწყინვალედ მოერგებოდნენ. ოსიმენის ტრავმა ნამდვილად დასანანია და „მილანთან“ გუნდს მისი ქარიზმა დააკლდება. ნებისმიერ შემთხვევაში, დღევანდელი „ნაპოლი“ ნამდვილად შესანიშნავი გუნდია, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო, ჩემპიონატშიც აბსოლუტურად დამსახურებულად დომინირებს და „მილანისთვისაც“ ძალიან რთული მეტოქე იქნება.

- წარმოიდგინეთ, თქვენი ეპოქალური „მილანისთვის“, კვარაცხელიასა და ლეაოს შორის აკეთებთ არჩევანს, რომელს დაიმატებდით?

- რთული საპასუხოა, ორივე დიდი ფეხბურთელია, განსხვავებული მახასიათებლებით. შეიძლება, კვარაცხელია უფრო მრავალმხრივია, მაგრამ ლეაო უფრო „მილანელია“. პორტუგალიელს, როცა იგი საუკეთესო თამაშს აჩვენებს, აქვს სტილი, რომელიც ჩემს ეპოქალურ გუნდს მახსენებს.

- „მილანის“ მიმდინარე სეზონს როგორ შეაფასებდით. დატოვებდით პიოლის შემდეგი სეზონისთვისაც?

- პირველ რიგში, ვიტყვი, რომ მე ყოველთვის „მილანის“ ტიფოზი ვარ და მის ამბებს თვალს განსაკუთრებული ინტერესით ვადევნებ. თუმცა, ამავდროულად ვარ ექს-პრეზიდენტი და გუნდს ამჟამად სხვა პრეზიდენტი ჰყავს. სწორედ ამჟამინდელი ხელმძღვანელობის პატივისცემით, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ძალიან დიდ პატივს ვცემ პიოლის და სეზონი კი ნამდვილად უცნაური გამოდის. გუნდმა რამდენიმე შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, მაგრამ მოულოდნელი ფიასკოებიც ჰქონდა.

- ყველაფრის ფონზე, პიოლის 5 მატჩი აშორებს იმისგან, რომ კლუბს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინოს, რაც 16 წელია არ მომხდარა. არის თუ არა ის მწვრთნელი, რომელიც „როსონერის“ ტიფოზერიას ევროპულ თასს მოუტანს?

- გავიმეორებ, რომ პიოლიმ გასულ სეზონში „სკუდეტოს“ მოგებით დაამტკიცა, რომ შესანიშნავი მწვრთნელია. თუმცა, მე მხოლოდ გულშემატკივრობით შემოვიფარგლები და ცოტა გამიჭირდება კიდეც, რადგან ნეაპოლი ჩემთვის მეორე ქალაქია, რომელთანაც, ოჯახური მიზეზების გამო, ძალიან ახლოს ვარ. და ასევე, ნეაპოლიტანურ ენაზე 100-ზე მეტი სიმღერა მაქვს დაწერილი!

- რას იტყვით იბრაჰიმოვიჩზე, რომელიც უკვე 41 წლისაა და მაინც მწვანე მინდორზეა?

- ზლატანი დიდი ჩემპიონია, მას შეუდარებელი ხასიათი და მენტალიტეტი აქვს.

- რა რჩევას მისცემდით: ისევ ითამაშოს თუ წავიდეს? შესაძლოა, თქვენ მას, მაგალითად, კლუბის პრეზიდენტის როლში ხედავდეთ...

- ვიცი, რომ მას თამაშის დიდი სურვილი აქვს: მხოლოდ მას შეუძლია გადაწყვიტოს, როდემდე. ვფიქრობ, მოედანზეც და გასახდელშიც მისი პერსონა ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, მისი სამომავლო საქმიანობაც ფეხბურთს დაუკავშირდება და მსოფლიო ფეხბურთში მნიშვნელოვან როლსაც შეასრულებს: მისი ინტელიგენტობა და ქარიზმა დაეხმარება წარმატებას მიაღწიოს იმაში, რის კეთებასაც გადაწყვეტს. მისი უნარი და ცოდნა იმისა, გააკეთოს კონკრეტული საქმე, ფასდაუდებელი იქნება, როგორც მწვრთნელის, ასევე მენეჯერის რანგში.

- თქვენი „მილანის“ კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი ამჟამად გუნდის საქმეებს მოედნის მიღმა განაგებს. გაქვთ თუ არა კონტაქტი პაოლო მალდინისთან?

- პაოლო მინდორზე „მილანის“ გიდი იყო, დღეს კი კლუბს სამუშაო მაგიდის მეშვეობით მიუძღვება. იმავე სტილით, მკაფიო ნაბიჯებითა და კომპეტენტურობით.

- რამდენიმე კითხვა „მონცას“ მფლობელის რანგში. პალადინო 2022-23 წლების სეზონის ძალიან კარგი აღმოჩენაა. ხომ არ ფიქრობთ, რომ კიდევ ერთი მწვრთნელის დიდ კარიერას გაუხსენით კარი?

- პალადინოთი ძალიან კმაყოფილები ვართ, გალიანის დაქვემდებარებული მისი ტექნიკური მენეჯმენტით. „მონცა“ არის გუნდი, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს მათ შორის, ვისაც ოდესმე სერია A-ს თავის პირველ სეზონში უთამაშია. პალადინო ახალგაზრდა მწვრთნელია, დიდი მომავლით. მასში ვაფასებ არა მხოლოდ ტექნიკურ იდეებს, არამედ სტილსა და მტკიცე, გამბედავ მიდგომებს.

- როგორც სერია A-ს კლუბის მფლობელს, აუცილებლად გექნებათ იდეები იტალიური ფეხბურთის ასაღორძინებლად. რა გზაა გასავლელი?

- რთულია, დღევანდელ ვითარებაში შეავსო ის უფსკრული, რომელიც ინგლისურ, გერმანულ და ესპანურ ფეხბურთთან მიმართებით არსებობს. წლევანდელ სეზონში რეალურად არის პოზიტიური ნიშნები: ევროთასების 1/4 ფინალებში 6 იტალიური გუნდია, მათ შორის სამი - ჩემპიონთა ლიგაზე, რაც ჩვენი ფეხბურთის ხარისხის აღდგენის მანიშნებელია. ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენს კლუბებს ორი ჰანდიკაპი აქვთ: პირველი არის სტადიონები - არაკომფორტული და მოძველებული, უმეტესი მათგანი მძლეოსნობის გამო ცუდი ხილვადობით. ეს ხელს უშლის მაყურებელს და ამცირებს შემოსავალს. მეორე საკითხი და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი სატელევიზიო უფლებებია. ადეკვატური ფინანსური რესურსების გარეშე, რომელიც სოლიდური წყაროებიდან მოდის, კონკურენტუნარიანი გუნდების შექმნა ნამდვილად რთულია.

- და ბოლოს, საფეხბურთო ოცნება. იდეალურ სცენარში, რომელ ფეხბურთელს მოიყვანდით დღევანდელ „მილანში“?

- ჰოლანდს ან მბაპეს. ორივე ფეხბურთის აწმყო და მომავალია. თუმცა, ნება მომეცით, ინტერვიუ დავასრულო ფრაზით: „Forza Milan“, რომელიც გულიდან მოდის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს ტატუ კვარას და ჩემს ქართველ ძმებს ეძღვნება“ - ნეაპოლელმა იუთუბერმა პირობა შეასრულა
„ეს ტატუ კვარას და ჩემს ქართველ ძმებს ეძღვნება“ - ნეაპოლელმა იუთუბერმა პირობა შეასრულა