BREAKING: ჯოკოვიჩს ავსტრალიის ვიზა გაუუქმეს და დეპორტაციას უპირებენ
Aa
Aa

BREAKING: ჯოკოვიჩს ავსტრალიის ვიზა გაუუქმეს და დეპორტაციას უპირებენ

როგორც მოგეხსენებათ, ნოვაკ ჯოკოვიჩი ვაქცინირებული არ არის და მიუხედავად ამისა, მსოფლიო რეიტინგის პირველ ნომერს ავსტრალიის ღია პირველობაზე მონაწილეობის უფლება მაინც მისცეს.

სულ ცოტა ხნის წინ, BBC-მ სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა. წყაროს ცნობით, ავსტრალიამ „ნოლეს“ ვიზა გააუქმა და მის ქვეყნიდან დეპორტაციას გეგმავს. ჯოკოვიჩი მელბურნში ოთხშაბათს ჩავიდა, სადაც ხელისუფლებამ მის განაცხადში შეცდომა შენიშნა.

ნოვაკს განუცხადეს, რომ ის დეპორტირებული იქნება, თუმცა მისმა ადვოკატმა ავსტრალიურ ტელევიზიასთან საუბრისას მკაფიოდ დააფიქსირა აზრი, რომ მიღებულ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ. ჩოგბურთის კაშკაშა ვარსკვლავი, მელბურნში მდებარე სასტუმროში რამდენიმე საათი იჯდა, სანამ ვიზასთან დაკავშირებულ პრობლემებს გაარკვევდნენ.

როგორც ცნობილი გახდა, „ნოლეს“ გუნდს ისეთი ვიზა არ მოუთხოვია, რომელიც ვაქცინაციის ვალდებულებისგან გაათავისუფლებდა და სამედიცინო გამონაკლისს დაუშვებდა. ჯერჯერობით უცნობია, დარჩება, თუ არა ნოვაკი ავსტრალიაში იქამდე, სანამ მისი ადვოკატები წარმოქმნილ პრობლემას მოაგვარებენ.

რეიტინგის პირველი ნომრის მამის განცხადებით, ჯოკოვიჩი სასტუმროს ნომერში პატიმარს ჰგავდა, რადგან გარშემო სამართალდამცავები იმყოფებოდნენ და მას გამოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ. სერბეთის პრეზიდენტმა „ნოლე“ შევიწროებულად მონათლა და აღშფოთება გამოთქვა.

ერთი რამ კი ნათელია - ავსტრალიის პრემიერ მინისტრმა, სკოტ მორისონმა განაცხადა, რომ ჯოკოვიჩს ქვეყანაში შესვლაზე უარს ეტყოდნენ, თუ ის არ წარმოადგენდა მტკიცებულებას, რომლის თანახმადაც მას სამედიცინო მიზეზების გამო აცრა არ შეეძლო.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის ღია პირველობა 17 იანვარს დაიწყება და „ნოლეს“ ეს ტურნირი 9-ჯერ აქვს მოგებული. ჯოკოვიჩთან ერთად, მელბურნში რაფაელ ნადალიც იასპარეზებს, ხოლო როჯერ ფედერერი წლის პირველ დიდ სლემს ტრავმის გამო გამოტოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები