''სადებიუტო შეხვედრაში საქმე კარგად შეასრულა'' - შმიდტი გიორბელიძეზე
Aa
Aa

''სადებიუტო შეხვედრაში საქმე კარგად შეასრულა'' - შმიდტი გიორბელიძეზე

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში დრეზდენის ''დინამოს'' ქართველი მარცხენა მცველის, გურამ გიორბელიძის დებიუტი შედგა. 25 წლის ფეხბურთელი, რომელიც გერმანულ კლუბს გასულ ზაფხულში შეუერთდა, სამატჩო განაცხადში მეხუთედ მოხვდა, თამაშში კი პირველად ჩაერთო. 

''სანქტ. პაულთან'' მატჩში გიორბელიძე მინდორზე 68-ე წუთზე გამოჩნდა, როცა მისი გუნდი 1:0-ს აგებდა და საბოლოოდ 3:0 დამარცხდა.

შეხვედრის შემდეგ როჯერ შმიდტმა გიორბელიძის შესახებ ისაუბრა. გერმანელი სპეციალისტი ქართველის თამაშით კმაყოფილი დარჩა.

''ნახევარდაცვაში ცვლილება შევიტანეთ, თამაშში გიორბელიძე ჩავრთეთ და ვეცადეთ, რომ გურამის ძალის გამოყენებით აქცენტი მარცხენა ფლანგზე გაგვეკეთებინა. ვარჯიშებიდან გამომდინარე თამაში დაიმსახურა და სადებიუტო შეხვედრაში საქმე კარგად შეასრულა''.

აღსანიშნავია, რომ გიორბელიძის კონკურენტი მარცხენა მცველის პოზიციაზე 32 წლის კრის ლიოვეა, რომელსაც იურგენ კლოპის გაწვრთნილ ''დორტმუნდსა'' (2011-12) და ინგლისის პრემიერ ლიგის ''ჰადერსფილდში'' (2017-19) უთამაშია. გამოცდილი მოთამაშე მიმდინარე სეზონში დრეზდენის ''დინამოს'' სასტარტოში რეგულარულად ხვდება. საინტერესოა, რომ ''სანქტ. პაულთან'' მატჩში, როცა გიორბელიძე თამაშში ჩაერთო, ლიოვე მინდორზე დარჩა და მწვრთნელმა ნახევარდაცვაში ათამაშა, მარცხენა მცველის პოზიციაზე კი ქართველმა იასპარეზა. ახლა ყველაფერი ქართველზეა დამოკიდებული, მას შეუძლია სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელად იქცეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები