„ორ დღეში თამაში გვაქვს! საკმარისია“ - ბატმა რონალდუს შრომისმოყვარეობაზე ისაუბრა
Aa
Aa

„ორ დღეში თამაში გვაქვს! საკმარისია“ - ბატმა რონალდუს შრომისმოყვარეობაზე ისაუბრა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ნიკი ბატმა კრიშტიანუ რონალდუსთან დაკავშირებით საინტერესო ისტორია გაიხსენა. ბატმა რონალდუს მიერ „წითელ ეშმაკებში“ გადადგმული პირველი ნაბიჯებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პორტუგალიელი იმდენად შრომისმოყვარე იყო, სერ ალექს ფერგიუსონს რამდენჯერმე რადიკალური ზომების მიღება მოუწია.

„მაშინ კრიშტიანუს მეგობარი გოგონა არ ჰყავდა და ფეხბურთის გარდა, არც სხვა რამით ინტერესდებოდა. იმ დროს რონალდუს მეუღლე ან შვილები არ ჰყოლია, ვარჯიშების შემდეგ, პირდაპირ მათთან რომ წასულიყო და მარტო ცხოვრობდა.

იგი ბაზას ყოველთვის ბოლოს ტოვებდა. სიმართლე გითხრათ, კრიშტიანუს სავარჯიშო მოედნიდან გაყვანას ვერ მოახერხებდით და ის საკუთარ ტექნიკაზე მუშაობდა. მახსოვს, როცა სტადიონიდან გავდიოდით, ვხედავდით რონალდუს, რომელსაც ბურთებით სავსე ჩანთა მიჰქონდა, რათა ტექნიკაზე ევარჯიშა.

იყო მომენტები, როცა ლანჩს მივირთმევდით ან სახლში წასასვლელად ვემზადებოდით და სერ ალექს ფერგიუსონის ყვირილი გვესმოდა, რომელიც კრიშტიანუს ეუბნებოდა, რომ სავარჯიშო მოედანი დაეტოვებინა. „ორ დღეში თამაში გვაქვს! საკმარისია“, - უყვიროდა ფერგი რონალდუს. კრიშტიანუ ვარჯიშის მანიით იყო შეპყრობილი და ჯარიმებზე ან ახალ ტექნიკაზე მანამ მუშაობდა, სანამ მათ იდეალურ დონემდე არ აიყვანდა“.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, კრიშტიანუ რონალდუმ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მაისურით 5 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 5 გოლია. „წითელი ეშმაკები“ მომდევნო შეხვედრას 2 ოქტომბერს, „ევერტონის“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები