მენი პაკიაოს არ უნდა ეჩხუბა
Aa
Aa

მენი პაკიაოს არ უნდა ეჩხუბა

სკანდალი მოჰყვა ლას ვეგასში გამართულ "საუკუნის ბრძოლას", რომელშიც ამერიკელმა ფლოიდ მეივეზერმა ქულებით დაამარცხა ფილიპინელი მენი პაკიაო. როგორც გაირკვა, აზიელი მოკრივე ტრავმირებული მხრით გავიდა რინგზე, რაც წესებით აკრძალულია. ბრძოლის დასრულებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პაკიაომ მხარი დაახლოებით 3-4 კვირის წინ, ერთ-ერთი სპარინგის დროს დაიზიანა.

ბრძოლამდე ორივე მოკრივემ შეავსო კითხვარი და ტრავმის არსებობის შესახებ შეკითხვაზე პაკიაომ უარყოფითი პასუხი გასცა. წყაროს ცნობით, ამ ინფორმაციის დამალვისთვის ფილიპინელს ან ფულადი ჯარიმა, ან დისკვალიფიკაცია ემუქრება, რომლის ვადების შესახებ არაფერს იტყობინებიან.

"საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ პაკიაომ უარყოფითი პასუხი გასცა შეკითხვას. ფაქტია, რომ ის ბოლომდე პატიოსანი არ იყო და არ შეგვატყობინა ტრავმის შესახებ", - განაცხადა ნევადის შტატის ათლეტური კომისიის აღმასრულებელმა დირექტორმა ბობ ბენეტმა.

პაკიაოს პრომოუტერის, ბობ არუმის თქმით, ფილიპინელი მოკრივის გუნდმა წინასწარ გააფრთხილა ამერიკის შეერთებული შტატების ანტისადოპინგო კომისია მენის ტრავმის შესახებ, რის შემდეგაც მიიღო ნებართვა, სამკურნალოდ გამოეყენებინა არასტეროიდული ანტიანთებითი საშუალება (ტორადოლი), მაგრამ აშშ-ის ანტისადოპინგო სააგენტოს პრეზიდენტი ტრევის ტაიგარტი აცხადებს, რომ მის ორგანიზაციას არც სამედიცინო შემოწმების შედეგები მიუღია და არც თხოვნა პაკიაოს გუნდისგან.


"არანაირი სამედიცინო ინფორმაცია არ გვქონია. ეს არ ყოფილა ანტისადოპინგო საკითხი. ან პაკიაოს გუნდმა საშინელი შეცდომა დაუშვა და წესებს არ დაემორჩილა, ან სცადა ინფორმაციის დამალვა მეტოქისთვის. ჭეშმარიტება სადღაც შუაშია", - განაცხადა ტაიგარტმა.

ამასობაში ირკვევა, რომ მენი პაკიაოს ტრავმირებული მხრის სამკურნალოდ ოპერაცია დასჭირდება. ქირურგიული ჩარევა ამ კვირის ბოლოს მოხდება. პროგნოზების მიხედვით, წარმატებული ოპერაციისა და სარეაბილიტაციაო პროცესის შემთხვევაში, მენი რინგზე დაახლოებით ცხრა თვის შემდეგ დაბრუნდება.

ცხელი ამბები