Aa
Aa

"ფეხბურთის თამაში აღარ მინდოდა" - მუკოკოს უცნობი ისტორია

„დორტმუნდის ბორუსიას“ ამომავალი ვარსკვლავი იუსუფა მუკოკო კარიერის მტკივნეულ პერიოდს იხსენებს. ახალგაზრდა შემტევს ერთ დროს ფეხბურთიდან წასვლა უნდოდა. ამის მიზეზი კი ზედმეტი ზეწოლა იყო.

16 წლის ფეხბურთელს გერმანული კლუბის აკადემიაში 2016 წელს ჩაირიცხა. პირველ გუნდში კი 2020 წელს დააწინაურეს. აკადემიაში მუკოკომ 141 ჩატარებულ შეხვედრაში 88 გოლი გაიტანა და სწორედ ამ შედეგების გამო მთავარ გუნდში შანსი მისცეს.

გასული წლის ნოემბერში მუკოკო გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ბუნდესლიგაში ითამაშა, თუმცა წარმატებას თავად ფეხბურთელზე კარგი გავლენა არ მოუხდენია.

მუკოკომ აღიარა, რომ მას ფსიქოლოგიური და მენტალური პრობლემები ჰქონდა. ეს კი უმაღლეს დონეზე თამაშის მოლოდინმა გამოიწვია. 16 წლის შემტევს „დორტმუნდის“ ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი სებასტიან ჟეპერტი დაეხმარა.

„დასაწყისში“ ჩემი თამაშის განხილვა ჩემთვის ძალიან სტრესული იყო. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარი ასაკზე დაიწყო. ფეხბურთის თამაში აღარ მინდოდა. კარიერის დასრულება მინდოდა, თუმცა ჩემი მწვრთნელი სებასტიანი ძალიან დამეხმარა. ახლა შემიძლია მოედანზე ყველაფერი დავივიწყო და მაქსიმუმი გავაკეთო.

ახლა მსურს, რომ გასულ სეზონთან შედარებით ბევრად მეტი ვითამაშო, მეტი გოლი გავიტანო, მეტი საგოლე გადაცემა შევასრულო და ყოველთვის იქ ვიყო, სადაც ჩემს გუნდს დასჭირდება. რა თქმა უნდა, რთული იქნება, მაგრამ მე ჩემს შესაძლებლობებში დარწმუნებული უნდა ვიყო. სათამაშო დრო მჭირდება და დარწმუნებული ვარ მომავალ სეზონში ბევრად მეტს ვითამაშებ.“

შეგახსენებთ, რომ კამერუნელმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში „დორტმუნდის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები