„წადი და რა ჯანდაბაც გინდა გააკეთე“ - დღე როდესაც კლოპი გიუნდოგანზე გაბრაზდა
Aa
Aa

„წადი და რა ჯანდაბაც გინდა გააკეთე“ - დღე როდესაც კლოპი გიუნდოგანზე გაბრაზდა

იურგენ კლოპი და ილქაი გიუნდოგანი მრავალი წლის განმავლობაში ერთად „დორტმუნდის ბორუსიის“ წარმატებისთვის იბრძოდნენ. ამჟამად „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი ერთ საინტერესო ისტორიას იხსენებს. გიუნდოგანის თქმით, ერთხელ მან კლოპის რისხვა საკუთარ თავზე გამოცადა.

იურგენ კლოპი „დორტმუნდში“ 2008 წლიდან 2015 წლის ჩათვლით მუშაობდა. გიუნდოგანი კი 2011 წელს „ნიურგბერგიდან“ გადმოიყვანა. თურქული ფესვების მქონე გერმანელი „ბორუსიას“ ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა იყო.

იურგენმა და ილქაიმ ბუნდესლიგაში „ბაიერნის“ დომინაცია დაასრულეს და ქვეყნის ჩემპიონები გახდნენ. „დორტმუნდი“ 2013 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გავიდა, თუმცა აქ უკვე „ბაიერნმა“ იმარჯვა 2:1.

რა მოხდა კლოპსა და გიუნდოგანს შორის?

„სიტის“ ნახევარმცველი ყვება, რომ 2012/2013 წლებში მან იურგენ კლოპის რისხვა სრულიად შეიგრძნო და საკუთარ თავზე გამოსცადა. იმ დროს, გიუნდოგანს ზურგის პრობლემები ჰქონდა და ამის გამო დიდი პერიოდი გაუცდა.

„ერთ დღეს კლოპი ძალიან გავაბრაზე. მართლა ძალიან გაბრაზებული იყო. ეს ჩემი მეორე სეზონი იყო „ბორუსიას“ რიგებში. ბუნდესლიგაში უკან ვიყავით. ჩემპიონთა ლიგაზე კი მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა.

გუნდში ასეთი წესი გვქონდა. როდესაც ვარჯიშამდე ვინმე თავს ცუდად იგრძნობდა, აუცილებლად ექიმისთვის უნდა ეცნობებინა. ამ გზით ჩვენ სერიოზულ ტრავმებს ვირიდებდით. შედეგად კი კლოპმა იცოდა ვინ ეყოლებოდა ვარჯიშზე და ვინ არა.

ერთ დღეს გავიღვიძე და ზურგის ტკივილი ვიგრძენი. არ ვიცოდი ეს დაღლილობისგან იყო გამოწვეული თუ ტრავმისგან. ექიმისთვის უნდა მეცნობებინა, თუმცა ჩავთვალე, რომ გამივლიდა და ყველაფერი კარგად იქნებოდა.

როგორც ყოველთვის ვარჯიშზე 1 საათით ადრე გამოვცხადდი და ექიმს ვთხოვე ჩემი ზურგი შეემოწმებინა.

გიუნდოგანი ამტკიცებდა, რომ თავს კარგად გრძნობდა, მაგრამ ექიმი საპირისპიროს ამბობდა. მისი თქმით, ყველანაირი რისკი თავიდან უნდა აეცილებინათ და კლოპი საქმის კურსში ჩაეყენებინათ.

იურგენი ოთახში შემოვიდა. ის ბედნიერს არ ჰგავდა. ვიცოდი, რომ მტყუანი ვიყავი და ამის გამართლებას ყველანაირი საშუალებით ვცდილობდი. ვუთხარი, რომ ვარჯიში შემეძლო.

შემდეგ მას სახე შეეცვალა და კბილები დაკრიჭა. იცით როდის იღებს ის ასეთ სახეს? შემომხედა და ბოლო ხმაზე დამიყვირა: „წადი და გააკეთე რა ჯანდაბაც გინდა“ - ამის შემდეგ კარი ძლიერად გაიჯახუნა და ოთახიდან გავიდა.“

როგორ მოგვარდა სიტუაცია?

სიტუაციის დამშვიდების შემდეგ იურგენ კლოპმა ილქაი გიუნდოგანი ცალკე გაიყვანა, ჩაეხუტა და საჭირო რჩევები მისცა. ეს ფეხბურთელისთვის იდეალური გაკვეთილი იყო.

„დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ბუცები ჩავიცვი და მოედანზე გავედი. კლოპი მოვიდა და ხელი გადამხვია. მკაცრ საუბარს ველოდებოდი, მაგრამ ის სულ სხვანაირად დამელაპარაკა.

კლოპმა მითხრა: „ჩემო მეგობარო იცი რატომ გავბრაზდი ასე? მე უბრალოდ შენზე ვზრუნავ და არ მინდა ტრავმა მიიღო.“ ამის შემდეგ ძლიერად ჩამეხუტა.

შოკში ვიყავი. არ ველოდებოდი მის ასეთ დამოკიდებულებას. მეგონა უნდა გვეჩხუბა და ის მამასავით დამელაპარაკა. იმ დღეს კლოპის დახმარებით მივხვდი, რომ ყოველთვის გულწრფელი უნდა ვიყო, განსაკუთრებით კი საკუთარ თავთან.“ - თქვა გიუნდოგანმა

გიუნდოგანი დღეს

30 წლის ფეხბურთელი 2016 წლიდან „მანჩესტერ სიტის“ ღირსებას იცავს. თურქული ფესვების მქონე გერმანელმა პეპ გუარდიოლას ხელმძღვანელობით არნახული პროგრესი განიცადა. დღემდე ილქაიმ „სიტის“ მაისური 204-ჯერ მოირგო, 38 გოლი გაიტანა, 26 საგოლე გადაცემა შეასრულა და „ქალაქელების“ ნახევარდაცვის ერთ-ერთი მთავარი ბირთვია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები