Aa
Aa

„ამ ბიჭებთან თამაშს შეჩვეული ვარ" - ბითაძე ინდიანასა და ახალ სეზონზე

„ინდიანა პეისერსის“ ქართველი კალათბურთელი, გოგა ბითაძე FOX Sports Indiana-ს ესაუბრა. 21 წლის ცენტრმა აქცენტი წინასასეზონო მზადებასა და თანაგუნდელებზე გააკეთა.

„ის, რომ მომდევნო სეზონში ინდიანას თითქმის იგივე შემადგენლობა ეყოლება, რაც გასულ გათამაშებაში ჰყავდა, ძალიან კარგია. ახალი კალათბურთელების სათამაშო სტილთან გაცნობა არ მომიწევს. ამ ბიჭებთან ასპარეზობას შეჩვეული ვარ და ვარჯიშებისას გაცილებით მარტივია იმ მოთამაშეებთან ყოფნა, რომლებთან ერთადაც შარშან ვასპარეზობდი. მათგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება და ისინი როგორც ვარჯიშებისას, ისე მატჩებისას ძალიან გეხმარებიან. ინდიანას თითქმის იგივე შემადგენლობა ეყოლება, რაც გასულ სეზონში ჰყავდა და ჩემი აზრით, ეს ჩვენ სასარგებლოდ იმოქმედებს.

წინასასეზონო მზადებას რაც შეეხება, ცოტა ხნით საქართველოში ვიყავი, შემდეგ კი ინდიანაში დავბრუნდი და 5-6 კვირაა აქ ვიმყოფები. სეზონის დაწყებამდე ძირითადად ჩემს სხეულსა და ფეხების გაძლიერებაზე ვმუშაობდი, რათა მუხლთან დაკავშირებით პრობლემები აღარ მქონოდა. დრო სროლის გაუმჯობესებასაც დავუთმე, თუმცა ყველაზე დიდი ყურადღება წონაზე გავამახვილე, რათა უფრო სწრაფი და ფეთქებადი გავმხდარიყავი“.

შეგახსენებთ, რომ „ინდიანა პეისერსი“ პირველ წინასასეზონო შეხვედრას „კლივლენდ კავალიერსის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 13 დეკემბერსაა ჩანიშნული და თბილისის დროით 04:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები