Aa Aa

რევაზ არველაძე - ისტორიული გოლი ბუნდესლიგურ მოგონებებში

როცა მასთან ინტერვიუს ჩაწერისთვის ვემზადებოდი, სამყაროს ყველაზე სამართლიან სახლში, ლიბერტარიანიზმის თეორიაში შესვლისთვის საჭირო ინსტრუქციას ვეცნობოდი, რაც ძილისწინ ეკონომიკის შესახებ ვიდეოლექციებს მოსმენაში გამოიხატებოდა. ძილში გაყოლილმა ფრაზებმა ინტერვიუს მოცულობა გაზარდა და ბუნდესლიგური ამბების გარდა ეკონომიკისა და თავისუფლების შესახებაც ვისაუბრეთ.

ბუნდესლიგაში პირველი ქართული გოლის ავტორი - კაცი, რომელიც ნაომარი  ქალაქიდან პირდაპირ  ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს ლიგაში მოხვდა,  1994 წლის ზამთარში მსოფლიოს ჩემპიონ ბოდო ილგნერის თანაგუნდელი გახდა. არველაძესთან და ილგნერთან ერთად მორტენ ოლსენის  ფორმაციის  ‘’კიოლნში’’ ევრო 1992-ის გამარჯვებულები, კიმ კრისტოფტე და ჰენრიკ ანდერსენი თამაშობდნენ.

როცა ოლსენი არველაძის თამაშით მოიხიბლა

ოლსენმა არველაძის თამაში  პირველად 1994 წლის იანვარში ნახა, როცა თბილისის  ‘’დინამომ’’ ''ზაარბრიუკენში'' გადაბარგებული ‘‘ქინქის’’ გარეშე გერმანიაში მინი-ფეხბურთის ტურნირი მოიგო, ფინალში გივი ნოდიას ''დინამომ'' ''კიოლნი'' 10:3 დაამარცხა, რის შემდეგაც ოლსენმა ქართულ კლუბს დიდ მინდორზე ამხანაგური მატჩის გამართვა შესთავაზა. ამხანაგური თამაში შედგა და რევაზ არველაძე გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც საქართველოს ჩემპიონატიდან ბუნდესლიგაში გადაბარგდა. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელსა და ბომბარდირს, რევაზ არველაძეს 3 000 გერმანული მარკა გადაეცა და მან წარმატებული ევროპული კარიერის შექმნის შესანიშნავი შანსი  მიიღო - ''კიოლნმა'' სეზონის ბოლომდე იჯარით აიყვანა. 

დანიელი სპეციალისტი გერმანულ კლუბში კიდევ ერთი ქართველი შემტევის, თემურ ქეცბაიას გადაბირებით სერიოზულად იყო დაინტერესებული, კვიპროსს ეწვია, თემურ ქეცბაიას თამაში ცოცხლად იხილა, თუმცა ნახევრადსამოყვარულო ლიგიდან ‘‘ქეცბას’’ ბუნდესლიგაში ტრანსფერი  არ შედგა, მხარეები ფინანსურ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ.

იმ პერიოდის გერმანული მედიიდან გამოსარჩევია ‘’ჰამბურგის’’ ლიეტუველი ფორვარდის, ვალდას ივანაუსკასის შეფასება: ‘‘მინი-ფეხბურთს გერმანიაში ყველა უფრთხის, თვით ბერნდ შუსტერიც ერიდება პარკეტზე თამაშს. ერთადერთი ფეხბურთელი, რომლისთვისაც არ არსებობს შიშის გრძნობა, ‘’კიოლნის’’ თავდამსხმელი რევაზ არველაძეა.’’

ევროპული გამოცდილება

''როცა საქართველოდან გერმანიაში წავედი, ჩემს ქვეყანაში რთული ვითარება იყო, თუმცა ძირითადი და ყველაზე მძიმე მაგ დროს გავლილი იყო, ომები დამთავრებული იყო, სამოქალაქო ომი აღარ მიდიოდა. ნელ-ნელა ქვეყანა ქვეყანას ემსგავსებოდა, კონსტიტუცია მივიღეთ, მთავრობა ნელ-ნელა ჩამოყალიბდა, საელჩოები გაიხსნა და მიმოსვლა ისეთი რთული აღარ იყო. რა თქმა უნდა უამრავი პრობლემა იყო, მაგრამ ელემენტარული განსხვავება იგრძნობოდა. მოსკოვში აღარ მიდიოდი ვიზის ასაღებად. გაეროში შევედით. თბილისი-ფრანკფურტის რეისები დაინიშნა. ახლა ბევრს ფიქრობ ორშაბათს გაფრინდე, სამშაბათს, ოთხშაბათს თუ როდის, მაშინ მხოლოდ ორი ვარიანტი იყო: ორშაბათი ან სამშაბათი.''

ისტორიული გოლი

1994 წლის 13 მარტს მორტენ ოლსენის ''კიოლნმა'' საკუთარ კედლებში იურგენ რიობერის ''შტუტგარტი'' 3:1 დაამარცხა. ეს დღე ქართული ლეგიონის ისტორიაში განსაკუთრებულია, რევაზ არველაძემ მინდორზე გამოსვლიდან რვა წუთში ევრო 1980-ის ჩემპიონს, აიკე იმელს გაუტანა და ემოციურად, ''რაინ ენერჯის'' მინდორზე გასრიალებით აღნიშნა. გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის უძლიერეს ლიგებიდან ერთ-ერთში გოლი შეაგდო.

''ეს გოლი მაგრად გამიხარდა. ვგრძნობდი, რომ ძალიან სწორ და ძალიან კარგ გზაზე ვიდექი.ჩემთვის ევროპის კარი გვიან გაიხსნა, 24 წლის ვიყავი, როცა ''კიოლნში'' გადავედი. ვგრძნობდი, რომ ჩემი შანსი 10-წლიანი აღარ იქნებოდა, ცოტა მოკლე გამოვიდოდა. გოლის მომენტში ვიფიქრე, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგი წინ და მომავალი სეზონი უფრო წარმატებული იქნებოდა. ბუნდესლიგა ხომ დღემდე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ლიგაა. გამიხარდება თუ ჩემი შვილი ბუნდესლიგაში ითამაშებს.''

 

ცხოვრება ევროპაში

''პუნქტუალურობასა და რეჟიმის დაცვას არასდროს ვუჩიოდი, მაგრამ ალბათ ევროპაში ყოფნისას გუნდურობის მნიშვნელობა უფრო გავითავისე იმ მხრივ, რომ რაღაც აუცილებლობები ხდებოდა და შენ ყველაფრის საქმის კურსში უნდა ყოფილიყავი. ზუსტად უნდა გეკეთებინა რა განრიგიც იყო დაწყებული ჩაცმიდან რაღაც აქტივოვებამდე. ზოგადად ევროპა ხომ კანონებთან დაკავშირებით მოწესრიგებულია, მანქანის მოძრაობის წესებთან თუ სახელმწიფოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ბანკებთან თუ ფინანსურ ინსტიტუტებთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი სწორად გავიგე და ცხოვრებაში ძალიან დამეხმარა. პუნქტუალურობა და წესრიგი მომწონს.''

მორტენ ოლსენის ფილოსოფია

სკანდინავიური ფეხბურთის  ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ავტორიტეტული მწვრთნელის, მორტენ ოლსენისა და ქართველების გზები რამდენჯერმე გადაიკვეთა, თუმცა ვიდრე ოლსენი მწვრთნელის ამპლუაში დიდ ნაბიჯებს გადადგმა, რთული მისიების შესრულებამდე მის სამწვრთნელო გზას ფეხბურთელობისას მოპოვებული წარმატებები ვარსკვლავებივით ანათებდა.

მისი როგორც შესანიშნავი ლიბეროს ევროპული ტრიუმფი 1983 წელს, უეფას თასის ფინალში ‘‘ანდერლეხტთან’’ ერთად  შედგა, მაგრამ ერთ დღეს, 1992 წლის მაისში,  80-იანი წლების ევროპული ფეხბურთის დასამახსოვრებელი ფიგურა  ‘‘ბრონდბიუდან’’ გაუშვეს და უმუშევარი დარჩა.  ერთი წლის შემდეგ 1993 წლის მაისში უხმეს იქ, სადაც უკანასკნელად ჩაიცვა ბუცები და კარიერის ბოლო მატჩი ჩაატარა, ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლ ‘‘კიოლნში.’’


 

''ლაიფციგთან'' მატჩის წინა ღამეს სამართალდამცველებმა გამაჩერეს, წითელ შუქნიშანზე გავიარე, განყოფილებაში უფროსმა მიცნო მაშინვე გამომიშვეს, თანაც ფეხბურთზე მესაუბრნენ. ვუთხარი, თამაშის წინ კარგად გამოძინება მინდოდა და ამიტომ ვჩქარობდი-მეთქი. ჩემს პასუხს მორტენ ოლსენი აღუფრთოვანებია. რაც შეეხება სიმღერას, ასეთი სიმღერა ჩემამდე იყო, გულშემატკივრები ყოველ მატჩზე მღეროდნენ. მასში არის სიტყვები:''რეზი მე წაგიყვან ტრაქტორით.'' ჰოდა ამ ამბის შემდეგ უცებ მე მომისადაგეს ეს ტექსტი.''

 

 

ევრო 1992-ზე რიჩარდ მიოლერ ნილსენის დანიის ნაკრებმა შესანიშნავი თამაშით სენსაციური შედეგი დააფიქსირა, ფეხბურთის ისტორიაში პირველად და უკანასკნელად სკანდინავიური ნაკრები კონტინენტის ჩემპიონი გახდა. ევროპის ჩემპიონატზე ტრიუმფალური გამოსვლის შემდეგ დანიის ნაკრების მცველი, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი კიმ კრისტოფტე ''ბრონდბიუდან'' მორტენ ოლსენის ''კიოლნში'' გადავიდა, სადაც კიდევ ერთი დანიელი, ჰენრიკ ანდერსენი დახვდა, რომელიც ევროპის 1992 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში მარკო ვან ბასტენთან შეჯახებისას მძიმედ დაშავდა და ეს იყო ტრავმა, რომელმაც ანდერსენის კარიერას დაღი სამუდამოდ დაასვა.

კიმ კრისტოფტე და ჰენრიკ ანდერსენი - დანიური ფეხბურთის ლეგენდები სრულიად განსაკუთრებული წარსულით. შემდგომში დანიელთა ევროპული ტრიუმფის შესახებ რეჟისორმა კასპერ ბარფოედმა ფილმი გადაიღო, უსაზღვრო სევდითა და ამავდროულად დიდი სიხარულით სავსე კინოსურათი ჩემში ყოველთვის ამყარებდა რწმენას, რომ პატარა ქვეყნებს შეუძლიათ ძლიერი ეკონომიკა ჰქონდეთ და დიდი საფეხბურთო ოცნება ერთ დღესაც, თუნდაც სრულიად ალოგიკურ მომენტში, რეალობად  ექცეთ.

 

იმედგაცრუება 

''მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ''დინამოში'' ძალიან კარგი გუნდი გვყავდა და ძალიან ბევრმა მაგარმა ფეხბურთელმა მოიყარა თავი, ლამაზ და ძალიან შემოქმედებით ფეხბურთს ვთამაშობდით. ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო ის, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ვერ მოვხვდით, თუმცა ეს მხოლოდ საფეხბურთო მიზეზებით ვერ აიხსნება, მთლიანობაში რთული იყო, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პირველ ნაბიჯებს ვდგამდით, გვაკლდა გამოცდილება, როგორც მზადების თვალსაზრისით, ასევე მინდორზე. ერთ კონკრეტულ თამაშს კი არ ვგულისხმობ, მგონია, რომ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე კარგმა გუნდმა ეს შესაძლებლობა ვერ გამოიყენა.''

პასი ბავშვობიდან

''ბავშვობაში ერთხელ ფეხბურთს ვთამაშობდით ''სუკონკის'' სტადიონზე, ეს იყო საქართველოს პირველობა, ''მართვეს'' სახელით ვთამაშობდით, უმცროსების გუნდს დავემატე. მაშინ შევასრულე ასეთი პასი: შოთი საჯარიმოში შერბოდა, ჩემსსა და მას შორის მცველი იდგა, მცველისთვის ბურთი ფეხებს შორის უნდა გამეძვრინა, სხვა შანსი არ იყო,  ძლიერი პასი გავაკეთე, გავაძვრინე, შოთიმ დაიჭირა და შეაგდო. მახსოვს, რომ ეს ყველაზე რთულად შესასრულებელი იყო.''

შიში და თავისუფლება

მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ თავისუფლების ნებისმიერი აქტი თავისთავად ავტორის პასუხისმგებლობაა. ნებისმიერ საზოგადოებაში ადამიანები უშვებენ შეცდომებს, მაგრამ ჯანსაღ გარემოში შეცდომებზე იღებენ პასუხისმგებლობას. როგორი გარემო მოგწონთ, სადაც შიშის გამო ადამიანები საკუთარ აზრზე უარს ამბობენ თუ გარემო, სადაც გადაწყვეტილებებს თავად იღებენ და პასუხისმგებლობის მნიშვნელობასაც იაზრებენ?

თქვენს ქვეყანაში ვითარებები იცვლება ზევიდან ქვევით თუ ქვევიდან ზევით? თუ ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში, კანონი გააზრებულად, ზევიდან წამოსული ბრძანების გარეშე მიიღება და პარლამენტის წევრები გულწრფელ არჩევანს აკეთებენ, მაშინ სისტემის შიში გამქრალია, მაგრამ თუ თქვენს ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება ყველა სხვა სფეროს მმართველთა ცვლილებას გულისხმობს, ადამიანთა ტვინებში დიდი გარდაქმნების დროა.

 

ფეხბურთი როგორც პროდუქტი თუ წარუმატებელი ბიზნესი?

https://www.girchi.com/ge/media/news/267-aris-tu-ara-kapitalizmi-moraluri  (დასაწყისია)

ფეხბურთის განვითარების უპირველესი საფუძველი სხვა სფეროების სიძლიერეშია. როცა ფეხბურთში  არდასაქმებულთა შემოსავალი იზრდება, ფეხბურთში არაძალადობრივი ფულის შემოსვლის უფრო მეტი შანსი ჩნდება. ადამიანებს სხვადასხვა პროდუქტების შესაძენად მეტი  ფული  უჩნდებათ და ფეხბურთს, როგორც სხვა სპორტის, ასევე გართობის სხვა სფეროებთან კონურენციის გაწევა უწევს. არ არის სამართლიანი კონკურენცია? არ არის წარმატება. არ არის წარმატება? არ არის ფინანსური მოგება.

ფეხბურთი არ არის მხოლოდ  მათთვის, ვინც ამ სფეროშია დასაქმებული. ფეხბურთში დასაქმებულთა შემოსავლის განსაზვღრა ფეხბურთის, როგორც პროდუქტის გაყიდვიდან უნდა გამომდინარეობდეს. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30-ე წელს დროა ადამიანებმა აიღონ პასუხისმგებლობა და გაიაზრონ, რომ პრივილეგირებული პროფესია არ არსებობს, რომ ორგანიზაცია, სადაც მუშაობენ მხოლოდ მათ პროდუქტიულ მოღვაწეობაზეა დამოკიდეული და რომ არსებობს მხოლოდ კონკურენციაში გამარჯვებული ან დამარცხებული. ამორალურია, როცა ქვეყნის ბიუჯეტიდან მუდმივად იღებ თანხას იმ ბიზნესის მართვისთვის, რომელსაც არ მოაქვს ფინანსური მოგება თუ წარმატება და ასე გრძელდება წლები, ასე გრძელდება მთელი ცხოვრება.

იცვლება თუ არა კლუბის მმართველის სტიმული, როცა კლუბისთვის არსებულ  თანხას აუცილებლად მიიღებს? თუ კონკრეტული სახეობის ვაშლის შესაძენად X თანხა გადაიხადეთ, გახსენით მაღაზია და მყიდველი მზადაა ვაშლის შესაძენად მხოლოდ X თანხის 20 პროცენტი გადაიხადოს,  კიდევ შეიძენთ ვაშლს? გააგრძელებთ ბიზნესს? და თუ ჯიუტად გააგრძელებთ იგივეს, ცხადია გაღარიბდებით. ამ დროს რა არის თქვენი მოტივაცია, სიღარიბიდან ამოსვლა, უკეთესად ცხოვრება თუ წარუმატებლობისთვის განწირული ბიზნესის არსებობა?  ბიზნესში არსებობს ფულზე დიდი მოტივაცია ? არა.

რაც უფრო სწორად ხდება პროფესიონალი ფეხბურთელის ჩამოყალიბება, ფეხბურთის, როგორც გართობის ერთ-ერთი საშუალების ძვირად გაყიდვის შანსი იზრდება, რადგან მხოლოდ მაღალი დონის პროფესიონალებს მოაქვთ წარმატება. ფეხბურთი, როგორც პროდუქტი ვერასდროს იქცევა ადამიანის  უპირველეს მოთხოვნილებად და ვიდრე ფეხბურთის რიგითი  ქომაგი ამ პროდუქტის შეძენას გადაწყვეტს, მას სჭირდება თანხის გამომუშავება კვებისთვის, ჯანმრთელობისთვის და სხვა საყოფაცხოვრებო საკითხების გადასაჭრელად და როცა კონკრეტული ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბეშია, გართობაში დახარჯული ფული მცირეა, შესაბამისად, ასეთ რეალობაში საფეხბურთო კლუბების არსებობა ორ ფაქტორზეა დამოკიდებული: ბიუჯეტიდან ძალადობრივად მიღებულ ფინანსებზე ან ენთუზიაზმით სავსე ბიზნესმენებზე, რომლებსაც გააზრებული აქვთ, რომ ფინანსურ მოგებაზე ვერ გავლენ.

 

მოამზადა დიმა შარიქაძემ

გაზიარება: