შვილების ცრემლები და უარი იურიდიულ დავას - მესი ბარსაში რჩება
Aa
Aa

შვილების ცრემლები და უარი იურიდიულ დავას - მესი ბარსაში რჩება

„ბარსელონას“ ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ დუმილი დაარღვია და ბოლო დროს შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. „ლა პულგამ“ Goal.com-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და რამდენიმე საკითხის შესახებ ისაუბრა.

„როცა ჩემს მეუღლესა და შვილებს ვუთხარი, რომ ბარსელონას დატოვებას ვაპირებდი, ჩემს ოჯახში სასტიკი დრამა დაიდგა და ყველამ ტირილი დაიწყო. ჩემს შვილებს ბარსელონას დატოვება არ უნდოდათ და არც სკოლის გამოცვლა სურდათ, მაგრამ მე სამომავლო გეგმებზე ვფიქრობდი და უმაღლეს დონეზე სხვა გუნდებისთვის კონკურენციის გაწევაზე ვიყავი ორიენტირებული.

ჩემი მიზანი ტიტულების დასაკუთრება და ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლა იყო. ამ ტურნირის მოგება იოლი ნამდვილად არაა, მაგრამ მინდოდა, ჩემპიონთა ლიგისთვის მინიმუმ მებრძოლა მაინც. ჩემი მიზანი იყო მეტოქეებისთვის კონკურენცია გამეწია და არ გავნადგურებულიყავი ისე, როგორც ეს რომში, ლივერპულში და ლისაბონში მოხდა.

მეგონა და დარწმუნებულიც ვიყავი, რომ თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდოდი... ბარსას პრეზიდენტი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ყოველი სეზონის დასრულების შემდეგ შემეძლო, ამერჩია წავიდოდი თუ დავრჩებოდი. ახლა ისინი ეჭიდებიან იმ ფაქტს, რომ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ მათთვის 10 ივნისამდე უნდა შემეტყობინებინა. არადა, 10 ივნისს კორონავირუსის გამო სახეცვლილ სეზონში ლა ლიგისთვის ვიბრძოდით.

კლუბში დარჩენა სწორედ ამიტომ გადავწყვიტე. პრეზიდენტმა მითხრა, რომ ბარსელონას მხოლოდ იმ შემთხვევაში დავტოვებდი, თუ ჩემი მსურველი გუნდი 700 მილიონ ევროს გადაიხდიდა, რაც წარმოუდგენელია.

იყო მეორე გზაც და შემეძლო, იურიდიული დავა დამეწყო, მაგრამ ბარსელონას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს არასდროს შევიტან, რადგან ეს არის კლუბი, რომელიც ძალიან მიყვარს და რომელმაც კამპ ნოუზე გადმოსვლის შემდეგ, ყველაფერი მომცა. ბარსა ჩემი ცხოვრების გუნდია და აქ ფაქტობრივად ჩემი ცხოვრება შევქმენი. ბარსელონამ ყველაფერი მომცა და მას მეც ყველაფერი მივეცი. გონებაში არასდროს გამიელვებს აზრი, რომ ბლაუგრანას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შევიტანო“.

შეგახსენებთ, რომ მესიმ „ბარსას" რამდენიმე დღის წინ შეატყობინა, რომ კლუბის დატოვება სურდა და კონტრაქტში ჩადებული პუნქტის ამოქმედებას გეგმავდა, თუმცა კატალონიელთა ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მას ამის უფლება არ ჰქონდა. საბოლოოდ, „ბლაუგრანას" მესვეურებმა თავისი გაიტანეს და „ლა პულგა" შეინარჩუნეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები