მეივეზერის მწვრთნელი: „ფლოიდთან ბრძოლამდე მაკგრეგორი ძალიან ნერვიულობდა“
Aa
Aa

მეივეზერის მწვრთნელი: „ფლოიდთან ბრძოლამდე მაკგრეგორი ძალიან ნერვიულობდა“

ფლოიდ მეივეზერის ერთ-ერთმა მწვრთნელმა, ნეით ჯონსმა, რომელიც „მანისთან“ 2002 წლიდან მუშაობს, მაკგრეგორსა და მეივეზერს შორის გამართული შერკინება გაიხსენა. ჯონსმა განაცხადა, რომ ბრძოლამდე გარკვეული დროით ადრე, მას ირლანდიელის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ და მისი გადაბირება სცადეს.

„ფლოიდმა ამის შესახებ არაფერი იცის, მაგრამ ბრძოლამდე მაკგრეგორის წარმომადგენლები დამიკავშირდნენ და კონორის შტაბში გადასვლის სანაცვლოდ 1.5 მილიონი დოლარი შემომთავაზეს.

მახსოვს, მონტელ გრიფინმა დამირეკა და მითხრა, რომ ირლანდიელის ბანაკში მზად იყვნენ ნებისმიერი თანხა გადაეხადათ, რასაც მოვითხოვდი, თუმცა ტელეფონი დავუკიდე. რამდენიმე წამის შემდეგ მან ისევ დამირეკა, სულელი მიწოდა და მითხრა, რომ ეს ჩემი კარიერისთვის აუცილებელი ნაბიჯი იყო. მონტელი კიდევ ერთხელ უარით გავისტუმრე. მან კი, მსოფლიოში ყველაზე სულელი ადამიანი მიწოდა და ტელეფონი დაკიდა“.

ჯონსმა ბრძოლის წინ განვითარებული მოვლენების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა: „მე ის ადამიანი აღმოვჩნდი, ვინც ფლოიდის მხრიდან კონორისთვის ხელების შეხვევის პროცესს უნდა დასწრებოდა, რათა მათ წესები არ დაერღვიათ. მეივეზერის შემთხვევაშიც იგივე მოხდა. მახსოვს, ვუყურებდი მაკგრეგორს ხელებს როგორ უხვევდნენ და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ცხოვრებაში ასეთი ანერვიულებული ადამიანი არასდროს მინახავს. ჩემი იქ ყოფნისას ირლანდიელი საპირფარეშოში 6-ჯერ შევიდა! 6-ჯერ! ის ძალიან ნერვიულობდა და ჩემს თავს ვეკითხებოდი: „ამ ბიჭს რა ჯანდაბა სჭირს“. ბრძოლამდე ის ათას სისულელეს ამბობდა, მაგრამ გასახდელში ძალიან ნერვიულობდა“.

შეგახსენებთ, რომ მეივეზერს კონორ მაკგრეგორის დასამარცხებლად 10 რაუნდი დასჭირდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები