ბესონოვი: ''ჩერნობილის აფეთქების შემდეგ ჩვენი ოჯახები ჩელებაძემ შეიფარა''
Aa
Aa

ბესონოვი: ''ჩერნობილის აფეთქების შემდეგ ჩვენი ოჯახები ჩელებაძემ შეიფარა''

1986 წლის 26 აპრილს უკრაინის ქალაქ ჩერნობილში ატომური ელექსტროსადგურის მეოთხე ბლოკი აფეთქდა. მიუხედავად ამისა 27 აპრილს, კიევში ადგილობრივი ''დინამოსა'' და მოსკოვის ''სპარტაკის'' შეხვედრა გაიმართა.

რუსულ მედიასთან საუბარში ყოფილმა ფეხბურთელებმა ჩერნობილში მომხდარი უდიდესი ტრაგედია გაიხსენეს. Championat.com-თან ინტერვიუში კიევის ''დინამოს'' ექს-მცველი ვლადიმირ ბესონოვი ამბობს, რომ რადიაციისგან თავის არიდებას წითელი ღვინით ცდილობდა.

1977-80 წლებში რევაზ ჩელებაძე და ვლადიმირ ბესონოვი საბჭოთა კავშირის ნაკრებში თანაგუნდელები იყვნენ.

''ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ მე და ანდრეი ბალმა ოჯახები ქობულეთში, რევაზ ჩელებაძესთან გავუშვით, რომ აფეთქების ადგილიდან მაქსიმალურად შორს ყოფილიყვნენ.

როგორ ვცდილობდით რადიაციისგან თავის დაცვას? წითელ ღვინოს ვსვამდით.

ინფორმაცია ჩერნობილის აფეთქების შესახებ ავტობუსში გავიგე, როცა ''სპარტაკთან'' სათამაშოდ მივდიოდით. ლობანოვსკიმ ასისტენტს უთხრა, რომ ჩერნობილში აფეთქება მოხდა: ''საშიში არაფერია, 2 ადამიანი გარდაიცვალა და ხანძარი ჩააქრეს.''

ვერავინ წამოიდგენდა, რომ ვითარება ჩერნობილში გაცილებით მძიმე იყო. რეალური ინფორმაცია საბჭოთა კავშირის დატოვების შემდეგ გავიგეთ.

როცა თასების მფლობელთა თასის ფინალის გასამართად გავემგზავრეთ, ბევრი რამ სწორედ იქ, საფრანგეთში გავიგეთ. ყველა არხი ჩერნობილის აფეთქების შესახებ იუწყებოდა. საფრანგეთში ყველა დისტანაციას იცავდა, გვერიდებოდნენ, როგორც კეთროვნებს და გვეუბნებოდნენ: ''თქვენ ხომ დასხივებულნი ხართ.''

ჩერნობილის ტრაგედიიდან რამდენიმე დღეში, 2 მაისს თასების მფლობელთა თასის ფინალი ლიონში, ''სტად ჟერლანზე'' გაიმართა. ვალერი ლობანოვსკის კიევის ''დინამომ'' ლუის არაგონესის მადრიდის ''ატლეტიკო'' 3:0 დაამარცხა. გოლები ზავაროვმა, ბლოხინმა და ევტუშენკომ გაიტანეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები