ახალგაზრდულმა ნაკრებმა მეორე შეკრება დაასრულა
Aa
Aa

ახალგაზრდულმა ნაკრებმა მეორე შეკრება დაასრულა

მეორე საწვრთნელი შეკრება გამართა ხელბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა, რომელსაც 2020 წლის ივლისში ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატი აქვს ლატვიაში. 6-16 თებერვალს ნაკრების ოცმა კანდიდატმა მცხეთის სპორტკომპლექსში ივარჯიშა.

ახალგაზრდულ გუნდს ევროპის ჩემპიონატი 3-12 ივლისს, ლატვიაში აქვს.  გუნდის  რამდენიმე წევრმა პირველი შეკრება ნოემბერში, ეროვნული ნაკრების კანდიდატებთან ერთად გაიარა. ამის შემდეგ, დეკემბერში, 20-წლამდელთა ნაკრებს შეკრება ჰქონდა ოლიმპიურ სასახლეში, სადაც ტიტე კალანდაძესთან და გიორგი სახვაძესთან ერთად ვარჯიშებს უძღვებოდა ფიზმომზადების სპეციალისტი მარკო შეშუმი.

ამჯერად ახალგაზრდული ნაკრების შეკრების ადგილი იყო სასტუმრო მცხეთა პალასი და ქალაქის ახალი სპორტკომპლექსი, სადაც გუნდს 11 დღის განმავლობაში ჰქონდა ორჯერადი ვარიშები და ორი საწვრთნელი მატჩი: ბათუმისშავი ზღვის ბიჭებთან“ (24-24) და სტუ-იმედთან (29-19).

ამ შეკრებაზე აქცენტი სათამაშო კომპონენტებზე გაკეთდა. სამწვრთნელო შტაბში იყვნენ სერბი დამირ სტოიანოვიჩი, კალანდაძე, სახვაძე და მეკარეების მწვრთნელი, ბერძენი ვასილის ანასტასელოსი. ახალგაზრდულ გუნდთან ერთად იყო ჭაბუკთა, 18 წლამდელთა ნაკრების რამდენიმე წევრიც - უმცროსი ასაკის გუნდსაც უწევს ევროპის ჩემპიონატი აგვისტოში, მაკედონიაში.

ახალგაზრდული გუნდისთვის მზადების მორიგი ეტაპი აპრილშია დაგეგმილი. გუნდი ჯერ თბილისში შეიკრიბება, 17-19 აპრილის პერიოდში კი დაგეგმილია ამხანაგური მატჩები ან, შესაძლოა, ტურნირიც შესაბამისი ასაკის ნაკრები გუნდების წინააღმდეგ. ეს პერიოდი, 17-19 აპრილი, ოფიციალურ სანაკრებო პაუზას ემთხვევა, შესაბამისად, იქნება საშუალება, გუნდთან ერთად იყოს უცხოეთში მოთამაშე 3 ხელბურთელიც: გიორგი ცხოვრებაძე (მონპელიე, საფ), ნიკოლოზ კალანდაძე (შამბერი, საფ) და კახა ჩადუნელი (ლემგო, გერ).

ევროპის ჩემპიონატზე, ლატვიაში, ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი გუნდის მეტოქეები იქნებიან რუმინეთი, თურქეთი, ლატვია, ბრიტანეთი და ბელგია. მეორე გუფში არიან: ბელარუსი, მაკედონია, ლუქსემბურგი, ბულგარეთი, კოსოვო. ნახევარფინალში პირველ ორ ადგილზე გასული გუნდები გადიან.

 

ცხელი ამბები