Aa
Aa

ტოჩინოშინის მე-7 გამარჯვება "ნაცუ ბაშოზე"!

ტოკიოში „ნაცუ ბაშოზე“ მე-7 სატურნირო დღის ორთაბრძოლები გაიმართა.

ტოჩინოშინი დასავლეთის პირველ მაეგაშირას, კოტოშოგიკუს დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დაამარცხა.

კოტოშოგიკუმ ბრძოლა აქტიურად დაიწყო და ლევანს უკანაც დაახევია, თუმცა გორგაძემ მეტოქე ხელში აიტაცა და შეტევაზე თავად გადავიდა. მავაშის აღებისთანავე ყველაფერი დასრულდა.

საერთო ჯამში კოტოშოგიკუს გორგაძესთან დადებითი ბალანსი აქვს და ქართველს დღემდე 33-დან 24-ჯერ სძლია, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბოლო ოთხი დაპირისპირება ტოჩინოშინის ტრიუმფით დასრულდა.

ამრიგად ტოჩინოშინის ანგარიშზე უკვე 7-დან 7 გამარჯვებაა და მას ოძეკის წოდების დაბრუნებასთან მხოლოდ 3 გამარჯვება აშორებს.

ლევან გორგაძე ხვალ აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა შოთა ენდოს დაუპირისპირდება, რომელსაც დღემდე 8-ჯერ შეერკინა და მათ შორის სრული თანაფარდობაა - 4 მოგება, 4 მარცხი.

ენდო მიმდინარე ბაშოზე არც ისე დამაჯერებლად გამოიყურება. მის ანგარიშზე 2 მოგება და 6 მარცხია.

ცხელი ამბები