სწრაფი კონტრშეტევა და ჭანტურიშვილის მორიგი გოლი სლოვაკეთში
Aa
Aa

სწრაფი კონტრშეტევა და ჭანტურიშვილის მორიგი გოლი სლოვაკეთში

სლოვაკეთის ფორტუნა ლიგის მე-14 ტურში ტრნავის ''სპარტაკმა'' შინ ''პოდბრეზოვი'' 2:0 დაამარცხა. მეორე გოლი ქართველი შემტევის, ვახტანგ ჭანტურიშვილის ანგარიშზეა, რომელმაც მეორე ტაიმის მეორე დამატებულ წუთზე მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ჭანტურიშვილმა სლოვაკეთის ჩემპიონატის უკანასკნელ სამ ტურში 2 გოლი შეაგდო.

''სპარტაკის'' სასტარტო შემადგენლობაში ვახტანგ ჭანტურიშვილმა და დავით სხირტლაძემ ითამაშეს. ჭანტურიშვილმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და 67-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. სხირტლაძემ მინდორი 76-ე წუთზე დატოვა.

ფორტუნა ლიგაში 12 გუნდს შორის მოქმედი ჩემპიონი ''სპარტაკი'' 18 ქულით მე-6 ადგილზეა.

ლიეტუვას ა ლიგის 2018 წლის სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ''სუდუვამ'' სტუმრად 4:1 დაამარცხა ''სტუმბრასი,'' რომლის მაისურით ლევან მაჭარაშვილმა მეორე ტაიმის დასაწყისიდან ითამაშა.

''სტუმბრასმა'' ერთადერთი გოლი 64-ე წუთზე შეაგდო. საგოლე პასის ავტორი 21 წლის ლევან მაჭარაშვილია.

 

ა ლიგის საუკეთესო ექვსეულში ''სტუმბრასი'' 48 ქულით მესამე ადგილზეა და მეოთხეადგილოსან ''ტრაკაის'' 3 ქულით უსწრებს. მაჭარაშვილის გუნდის მაქსიმალური შედეგი მესამე ადგილის დაკავება იქნება, რადგან მეორეადგილოსან ''ჟალგირისს'' 21 ქულით ჩამორჩება.

ესპანეთის ლა ლიგა 2-ში ''რეუს დეპორტიუმ'' ''ლუგოს'' უმასპინძლა. საფეხბურთო დაპირისპირება ფრედ 0:0 დასრულდა. ''ლუგოს'' ქართველი ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია ვერ ეხმარება. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა crystalsport-თან საუბარში აღნიშნა, რომ მატჩი მცირე ტრავმის გამო გამოტოვა. მოთამაშე ორშაბათიდან სავარჯიშო პროცესს განაახლებს.

ლა ლიგა 2-ის 22-გუნდიან ჩემპიონატში ''ლუგო'' 13 ქულით მე-15 ადგილზეა.

უკრაინის პრემიერლიგის მე-14 ტურის ცენტრალურ მატჩში დონეცკის ''შახტარმა'' კიევის ''დინამო'' 2:1 დაამარცხა. ''შახტარის'' ქართველ მცველ დავით ხოჭოლავას არ უთამაშია, მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

14 ტურის შემდეგ ''შახტარი'' 37 ქულით პირველ ადგილზეა და მეორე პოზიციაზე მყოფ კიევის ''დინამოს'' 8 ქულით უსწრებს.

ფოტო: spartak.sk, fcstumbras.lt, cdlugo.com, shakhtar.com

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები