რონი ოსალივანმა English Open-ის ორგანიზატორები მიწასთან გაასწორა
Aa
Aa

რონი ოსალივანმა English Open-ის ორგანიზატორები მიწასთან გაასწორა

სნუკერის ლეგენდარულმა მოთამაშემ, რონი ოსალივანმა, English Open-ის ორგანიზატორები სასტიკად გააკრიტიკა. ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონის უკმაყოფილება დარბაზმა გამოიწვია, სადაც ტურნირი ტარდება.

კურტ მეფლინის დამარცხების შემდეგ ოსალივანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა: „საშინელი დარბაზია, რომელიც თამაშის მოტივაციასაც გიკარგავს! ამაზე ცუდი რამ არსად მინახავს! ნამდვილი სანაგვეა! არ ვიცი რა მოხდა და ტურნირის ჩატარება აქ რატომ გადაწყვიტეს, მაგრამ რამდენიმე წუთის წინ ინტერვიუს ვაძლევდი და ერთადერთი რასაც ვგრძნობდი შარდის სუნი იყო“.

„დარბაზში საშინელი ატმოსფერო სუფევს. ტურნირის ორგანიზატორებს არც დაცვის პირები დაუქირავებიათ! წარმოიდგინეთ მატჩის წინ  ვვარჯიშობდი და ჩემს ირგვლივ ხალხი დარბოდა! ქომაგებს არაფერში ვადანაშაულებ! ყველაფერი ორგანიზატორების ბრალია! მათი ბიუჯეტის შესახებ არაფერი ვიცი, მაგრამ უაზრო ეკონომიას რომ ეწევიან ფაქტია“!

„მოთამაშეები ამას ნამდვილად არ იმსახურებენ. მიმაჩნია, რომ მათ მიმართ პატივისცემის გამოხატვა სულ მცირე კარგი დარბაზის დაქირავებით შეიძლებოდა“.

რონის მიერ გამოხატულ უკმაყოფილებას ტურნირის ორგანიზატორები გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ ოსალივანს მათთვის ოფიციალური წერილით არ მიუმართავს, ხოლო სხვა მოთამაშეები დარბაზით აღფრთოვანებულები არიან.

ცხელი ამბები