ტონი:
Aa
Aa

ტონი: "სერია A-ს ბომბარდირი იგუაინი გახდება"

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი, ლუკა ტონი ტურინულ გამოცემა Tuttosport-ს ესაუბრა, რომელიც მას სერია A-ში მიმდინარე ამბებზე და მომავალ სეზონზე დაეკითხა.

41 წლის თავდამსხმელი მიიჩნევს, რომ კრიშტიანუ რონალდუს "იუვეში" გადასვლამ სხვა იტალიური კლუბებიც გამოაცოცხლა და ისინი სატრანსფერო ბაზარზე გაცილებით გააქტიურდნენ.

"კრიშტიანუ რონალდუს შეძენა, "იუვესთვის" უდიდესი ტრანსფერია. თანაც, ამ გარიგებამ სხვა კლუბებზეც იმოქმედა და ისინი სატრანსფერო ბაზარზე გაცილებით აქტიურად ამუშავდნენ. 

ნამდვილად კარგად მუშაობს "ინტერი", რომელმაც დე ვრაი და ასამოა საერთოდ უფასოდ დაიმატა, შემდეგ კი ნაინგოლანი და კეიტაც გადაიბირა. 

რაც შეეხება "მილანს", მას იგუაინის დამატება ერთიორად აძლიერებს. რონალდუს, იგუაინსა და იკარდის 30-30 გოლის გატანა შეუძლიათ და მათ შორის საინტერესო ბრძოლა იქნება. პირველი მათგანი ნამდვილი ჩემპიონია, არგენტინელები კი საჯარიმოში ცხოველებს ჰგვანან და მკვლელის ინსტინქტი აქვთ. ჩემი პროგნოზი? საუკეთესო ბომბარდირი "პიპიტა" გახდება". - განაცხადა ტონიმ.

ლუკა ტონიმ წლების მანძილზე "პალერმოს", "ფიორენტინას", "ბაიერნის", "იუვენტუსის", "რომას", "ჯენოასა" და "ვერონას" ფორმით ითამაშა, იტალიის ეროვნული ნაკრების მაისურით ჩატარებულ 47 მატჩში კი 16 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები