დედა, მამა…
იცით, ბევრს არ ვლაპარაკობ. დედა, იმ დღეს მამამ მითხრა, რომ როცა პატარა ვიყავი, ეშინოდა მანქანაში არ დავვიწყებოდი, რადგან იმდენად ჩუმი ბავშვი ვიყავი.....
მაგრამ დღეს, ჩემს 18 წლის იუბილეზე, მინდა პატარა პატივი მოგაგოთ. გულიდან წამოსული რამდენიმე სიტყვა, რათა გაჩვენოთ, რას ნიშნავთ ჩემთვის. მიუხედავად იმისა, რომ დღეს თითქოს ჩემი დღეა, სინამდვილეში მინდოდა, მე გამეკეთებინა თქვენთვის საჩუქარი, რადგან თქვენ იმდენი რამ მომეცით.
როცა მორცხვი ბავშვი ხარ, ზოგჯერ ყველაზე მარტივი გზა იმის დასაწერადაა, რასაც გრძნობ..
მალე ბრაზილიას დავტოვებ, რათა ჩემი ოცნება ავიხდინო და ევროპაში ვითამაშო. და ბევრს ვფიქრობ იმაზე, როგორ მოვედით აქამდე.
კაცი მხოლოდ იმიტომ არ ხდები, რომ ასაკი მოგემატა, ხომ ასეა? სიმწიფე სირთულეებითა და გამოცდებით მოდის.
როცა უკან ვიყურები, დღემდე მიჭირს იმის დაჯერება, რაც ჩემთვის გააკეთეთ.
მართლა… რამდენი მშობელი გადაატრიალებდა მთელ თავის ცხოვრებას პატარა, რვა წლის შვილის ოცნების გამო?
რამდენი დატოვებდა სახლს, სამსახურს, მეგობრებს?
რაც უფრო ვიზრდები, მით უფრო დაუჯერებელი მეჩვენება ეს ყველაფერი. დღემდე მახსოვს, რამდენს ლოცულობდით იმ წელს, სანამ სან-პაულოდან ბელუ ორიზონტეში გადავიდოდით. არ იცოდით, უნდა დათანხმებოდით თუ არა იმ კაცცს, რომელსაც ჩემი „კრუზეიროში“ წაყვანა უნდოდა.
მამა, შენ ზუსტად ის უთხარი, რასაც შემდეგ შენც ბევრჯერ გეტყოდნენ:
„ბავშვი რვა წლისაა. გაგიჟდი?“
იმ კაცმა თითქოს მიზნად დაისახა ჩემი კრუზეიროში წაყვანა. მართალია, რომ ჩემი თამაშის ნახვის შემდეგ ვერ იძინებდა? როგორც მე მახსოვს, სერიოზულად მაშინ დაფიქრდით, როცა ჩემი ვიდეო ჩაწერა, კრუზეიროს აკადემიაში გაგზავნა და დაგპირდათ, ყველაფერში დაგეხმარებოდათ, რაც დაგჭირდებოდათ.
12 თვის განმავლობაში ლოცულობდით.
დავრჩეთ? წავიდეთ?..
მამა, უკვე საკმარისად დიდი ვიყავი იმის გასაგებად, რომ ფრანკაში ჩვენს ადგილობრივ ეკლესიაში პასტორი იყავი და შენი ოცნება იქ საზოგადოების გაძლიერება იყო.
როცა საბოლოოდ გადაწყვიტე ჩემი „კრუზეიროში“ წაყვანა, ბევრს ეგონა, რომ ეს არ გაამართლებდა.
ვხვდები რატომაც — ამ ქვეყანაში პროფესიონალ ფეხბურთელად ქცევის შანსი დაახლოებით 0.0000001%-ია. მაგრამ მახსოვს, რას ეუბნებოდი ყოველთვის მათ...
„მე ვიცი, რა მიჭირავს ხელში.“
შენ ყოველთვის ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი იყავი..

ძველი პიკაპი დღემდე მკაფიოდ მახსოვს. იმ დღეს, როცა ფრანკა დავტოვეთ, მთელი ჩვენი ტანსაცმელი უკან გადავყარეთ, დედას დავემშვიდობეთ და მთელი დღე გზაში ვიყავით ბელუ ორიზონტისკენ.
დღემდე არ ვიცი, რატომ არ გვიჭამია მთელი მგზავრობის განმავლობაში, მაგრამ კარგად მახსოვს პიცერია, რომელიც ჩასვლისას ვიპოვეთ — იმ სახლის კუთხეში, რომლის დაქირავებასაც ვაპირებდით. მგონი მენიუში მხოლოდ ორი ვარიანტი იყო:
პიცა პატარა | პიცა დიდი
ღმერთო… ახლაც მუცელი მეწურება, როცა იმ შიმშილს ვიხსენებ.
მაგრამ როცა იმდენად ცოტა ფული გაქვს, რას იზამ? პატარა ავიღეთ — 4-ნაჭრიანი.
პატარა. რეზინასავით. უგემური.
დღემდე ყველაზე ცუდი პიცაა, რაც კი მიჭამია..
როცა „კრუზეიროს“ აკადემიაში თამაში დავიწყე, მახსოვს, ერთ-ერთი მწვრთნელი ჩემი დანახვით შოკირებული დარჩა.
თითქოს მეუბნებოდა: „ბიჭო, ვიცი, რომ ამ კლუბში ვიღაცამ მოგიყვანა და ჩვენი საქმე ახალგაზრდების განვითარებაა, მაგრამ ეს უკვე სიგიჟეა. რვა წლის ხარ. აქ რას აკეთებ?“
ის ისე მელაპარაკებოდა, თითქოს უბრალოდ საწვრთნელ ბაზაზე დავიკარგე..
„მამაშენი სად არის?“
სიმართლე რომ ვთქვა, ბოლომდე ვერ ვიაზრებდი, რომ „კრუზეირო“ ნამდვილად კრუზეირო იყო. გესმის რას ვგულისხმობ? ჩემთვის ეს უბრალოდ ახალი ადგილი იყო ახალი მეგობრების გასაცნობად და ფეხბურთის სათამაშოდ. უფრო მეტად ჩემი ახალი სკოლის პოლიციის მანქანები მაინტერესებდა.
პირველ დღეს ბევრი პოლიციელი და მოციმციმე ლურჯი შუქები დავინახე.
ერთ ბავშვს ვკითხე: „რა მოხდა?“
მან მიპასუხა: „ო, ეს ჩვეულებრივი ამბავია. თითქმის ყოველდღე მოდიან აქ.“
რამდენიმე საათის შემდეგ კლასში ჩხუბი ვნახე. ორი ბავშვი ერთმანეთს ურტყამდა, მერხებზე გადადიოდნენ, გორაობდნენ. მსგავსი რამ ცხოვრებაში არასდროს მენახა.
ფრანკაში ჩემი სკოლა ისეთი მშვიდი იყო, ახლა კი უფროს ბიჭებთან აღმოვჩნდი, რომლებიც მუდმივად პრობლემებში ეხვეოდნენ. გახსოვთ, რამდენად შემეშინდა? ერთადერთი დრო, როცა თავს უსაფრთხოდ ვგრძნობდი, იყო მაშინ, როცა თქვენთან ერთად ვიყავი… ან როცა ბურთი ფეხებთან მქონდა.
დედა, ბევრად უკეთ ვიგრძენი თავი, როცა ფეხსაცმლის ქარხანაში სამსახური დატოვე და ჩვენთან ჩამოხვედი. მაგრამ ის რთული პირველი კვირები თვეებად გადაიქცა… მერე წლებად… და ერთ დღეს მითხარი, რომ მეპატრონესთან პრობლემა იყო და შეიძლებოდა სახლიდან გამოვესახლებინეთ.
ერთხანს არც კი ვიცოდით, გვექნებოდა თუ არა მეორე დღეს თავზე ჭერი. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი ამის გასაგებად, მაგრამ ახლა ვაცნობიერებ, რამდენად მძიმე უნდა ყოფილიყო ეს თქვენთვის.
შემდეგ გავიგეთ, რომ მამის ეკლესია იშლებოდა..
მამა, დღემდე მეცოდები ამის გამო..
შენ იმდენად ზრუნავდი..
მართლა მთელი სიმძიმე შენს მხრებზე გედო, რადგან ეს გადაწყვეტილება შენ უნდა მიგეღო..
იმ ასაკშიც კი ამას შენს თვალებში ვხედავდი. შენს ხმაში ვგრძნობდი. მაგრამ იმ ტვირთს, რასაც ატარებდი? ამის წარმოდგენა დღესაც კი მიჭირს.
რამდენჯერ ვიყავით იმასთან ახლოს, რომ ფრანკაში დავბრუნებულიყავით.
რამდენჯერ გვინდოდა დანებება..
ეს ხომ ყველაზე მარტივი გზა იქნებოდა, არა?
მაგრამ ყოველ ღამე გხედავდით, როგორ ლოცულობდით..
არ მესმოდა, როგორ შეიძლებოდა ამდენი რწმენა გქონოდათ. მე ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი და არ არსებობდა არც ერთი მკაფიო ნიშანი, რომ ეს ყველაფერი გაამართლებდა..

ეს ყველაფერი მხოლოდ წლების შემდეგ გავიაზრე, როცა მამამ იმ გოგოს ისტორია მომიყვა..
მამა, გახსოვს?
როცა ჯერ კიდევ ფრანკაში ვცხოვრობდით, ხანდახან ეკლესიაში მიგყავდი, როცა არ გინდოდა სახლში მარტო დავრჩენილიყავი. შენ ერთ პატარა ოთახში შედიოდი, რომ მარტო გელოცა, მე კი ბურთს გამოვიტანდი და ვთამაშობდი. მხოლოდ სამი წლის ვიყავი, მაგრამ ხის სკამებს შორის დრიბლინგით დავრბოდი, კედელთან „ერთი-ორ“ კომბინაციას ვაკეთებდი და საკურთხევლისკენ გავრბოდი. კედელზე ჩამოკიდებული საათიც კი გავტეხე. იმდენი რამ გავაფუჭე…
ერთ დღეს ლოცვის ოთახიდან გამოხვედი და ერთ-ერთ სკამზე შენ გვერდით დამსვი. მერე იმ გოგოს შესახებ მომიყევი.
ვცდილობ სწორად გავიხსენო…
ჩემს დაბადებამდე ეკლესიაში იყავი, როცა ამ გოგომ კარზე დააკაკუნა, ხომ ასეა? მან გითხრა:
„ღმერთი მოგცემს შვილს, რომელიც შენს ცხოვრებაში დიდ სიხარულს მოიტანს. ის შენთვის ბევრ კარს გააღებს.“
შენ გაკვირვებული დარჩი, რადგან იმ დროს შეყვარებულიც კი არ გყავდა..
უთხარი:
„მისმინე, ჩემი ოცნება ეკლესიის დაარსებაა და ადამიანების დახმარება. დაქორწინებაც კი არ მინდა.“
მაგრამ შემდეგ იმ გოგომ ბიბლიიდან ის მონაკვეთი წაიკითხა, სადაც დავითს შვილი — სოლომონი ეყოლება, რომელიც ტაძრებს ააშენებს.
მან გითხრა:
„შენი შვილი დაგეხმარება შენი ეკლესიის აშენებაში. ის გვირგვინს დაგადგამს.“
შემდეგ დედაზე დაქორწინდი. როცა ის ორსულად დარჩა, მიხვდი, რომ ღმერთი თავის დაპირებას ასრულებდა.
სწორედ ამიტომ დამარქვით ესტევაო — „გვირგვინი.“

როცა „კრუზეიროში“ წავედით, შენ მხოლოდ ჩემს ოცნებას არ მისდევდი.
შენ ღმერთს უსმენდი..
არასდროს დამავიწყდება, როცა პირდაპირ მითხარი:
„შენ ღმერთის საჩუქარი ხარ.“
ახლაც, 19 წლის ასაკში, ამის ბოლომდე გააზრება მიჭირს. მაგრამ ვიცი, რომ ჩემი სურვილი ფეხბურთის თამაშის მიმართ ჩვეულებრივი არ არის. მაშინაც კი, როცა სკოლაში პოლიცია მოდიოდა და არ ვიცოდით, მეორე დღეს სად ვიცხოვრებდით, ფრანკაში დაბრუნებაზე არასდროს მიფიქრია.
ეს სურვილი — ვითამაშო, გავიტანო, მოვიგო, უკეთესი გავხდე, ცოტ-ცოტა, დღითიდღე… ჩემში ისეთივე ბუნებრივია, როგორც ფილტვები ან გული.
მამა, ყოველთვის ამბობდი, რომ ნეიმარის ტექნიკა არ მაქვს — (და ვის აქვს საერთოდ?) — მაგრამ ჩემი ნამდვილი ტალანტი ჩემი სურვილია. იქნებ ეს არის სწორედ ღმერთის საჩუქარი?
როცა სავარჯიშოდ გავდიოდით, ყოველთვის მეუბნებოდი:
„იმ წამს, როცა შენ იტყვი ‘გაჩერდი’, გავჩერდებით.“
უბრალოდ ერთი სიტყვა იყო საკმარისი..
რამდენჯერ შემეძლო დანებება..
მაგალითად მაშინ, როცა სახლთან ახლოს იმ მოედანზე ვთამაშობდით და ცხენის ნაკელში ჩავაბიჯე. ღმერთო, ის სუნი… სრული კოშმარი..
ან როცა შენი ბუზღუნა როტვეილერი დამსდევდა, ჩემზე ორჯერ დიდი, რომელსაც ჩემი ბურთის წართმევა უნდოდა. რა მონსტრი იყო. ძლიერი და სწრაფი. პირდაპირ ვირჯილ ვან დაიკს ჰგავდა! პირველი მცველი, ვისაც შევხვდი..
ან როცა მძიმე უჯრა ჩამოვარდა და თითი მთლიანად დამიმტვრია, ზუსტად მაშინ, როცა თამაშისთვის ტანსაცმელს ვიღებდი. ყველგან სისხლი იყო. შენ საავადმყოფოში წაყვანა გინდოდა, მე კი გეხვეწებოდი, სათადარიგოთა სკამზე მაინც დამსვით მეთქი. სანამ საქმეზე გახვიდოდი, მწვრთნელს მკაცრად უთხარი, არ ათამაშოო… და როცა დაბრუნდი, თითი გადახვეული მქონდა და უკვე სამი გოლი მქონდა გატანილი..
სხვა რა უნდა მექნა? თანაგუნდელებს უნდა დავხმარებოდი.
მაგრამ ყველაზე ახლოს გაჩერებასთან მაშინ ვიყავი, როცა ჟარდიმ აეროპორტოში იმ მიწის მოედანზე ვთამაშობდით. როცა ადგილობრივ გუნდს „ნარკოტრაფიკო“ ჰქვია, მგონი ეს უკვე ბევრს ამბობს იმ ადგილზე. მაგრამ ყოველთვის მიყვარდა, როცა იმ ბავშვებს კრებდი სათამაშოდ.
ორი ორზე.. სამი სამზე..
შენ — მეკარეც… და მსაჯიც...
იმ თამაშებში ჯარიმის დასადებად, პრაქტიკულად ვინმე საავადმყოფოში უნდა მოგეთავსებინა, არა? იმედი მაქვს, გესმის, რამდენად რთული იყო ჩემთვის — ყველა დანარჩენი ჩემზე უფროსი და ძლიერი იყო, მე კი პატარა ბიჭი, რომელიც სულ დარბოდა და დრიბლინგს აკეთებდა.. და როცა ვინმე იდაყვს მომარტყამდა ან წამაქცევდა…
„გააგრძელეეეეეეთ თამაში!!!“
არასდროს ნიშნავდი ჯარიმას. და რა თქმა უნდა, პირდაპირი მნიშვნელობით არ ვგულისხმობდი, როცა გეკითხებოდი, ბრმა ხომ არ ხარ-მეთქი. მაგრამ როცა ბავშვი ხარ და უბრალოდ გოლის გატანა გინდა, ის უსამართლობის განცდა წარმოუდგენელია. მუხლები სულ სისხლიანი და დალურჯებული მქონდა. ერთ დღეს უბრალოდ ავტირდი, რადგან ვგრძნობდი, რომ მთელი სამყარო ჩემს წინააღმდეგ იყო..
თამაშის შემდეგ კი მზეზე სხვა ბიჭებთან ერთად გაზიან სასმელებს ვსვამდით.
„ჰეი, ესტევაო, იცი მაშინ მუხლში რომ ჩაგარტყი? ბოდიში…“
შემეძლო მეთქვა ის სიტყვა — გავჩერდეთ. მაგრამ მეორე დღეს ისევ იქ ვიყავით.
დედა, ახლა მესმის, რატომ ეკითხებოდი მამას იმ თამაშების შესახებ, როცა სახლში ვბრუნდებოდით. ალბათ გეშინოდა, რომ ეს ყველაფერი ჩემს სულს გატეხდა.
და მამა, შენ ყოველთვის ამბობდი:
„მენდეთ, მის ხასიათს ვაყალიბებ, რომ ერთ დღეს მზად იყოს.“
მალე სხვა ბავშვებს ჩემი შეჩერება ჯარიმითაც აღარ შეეძლოთ..
ხუთი წლის რომ ვიყავი, უკვე იმ როტვეილერსაც ვეთამაშებოდი..
შვიდი წლის ასაკში სკოლამ ჩემზე ერთი წლით უფროსების გუნდში თამაშის უფლება მომცა..
მამა, ერთადერთი შეცდომა ძალიან პატარა ასაკში დაუშვი. რადგან ადგილობრივ ლიგებში მეკარე იყავი, მეც მინდოდა მეკარე გავმხდარიყავი და მართლა მომეცი ხელთათმანები. მე კი პირდაპირ ასე ვიყავი: „ამით რა უნდა ვქნა?“
ბურთი ვიპოვე და დრიბლინგი დავიწყე, შენ კი მაშინვე წამართვი ხელთათმანები.
მადლობა ღმერთს. წარმოგიდგენიათ? მე… მეკარედ?
ანუ გახსოვთ, რამდენ დროს ვატარებდი ნეიმარის თამაშის შესწავლაში? სკოლა, ვარჯიში, მერე იუთუბზე მისი ვიდეოები… ეს იყო ჩემი ცხოვრება..
იმ ილეთების გამეორება წარმოუდგენლად რთული იყო. ისეთი „სომბრერო“, როგორიც ნეიმარს ჰქონდა, სხვას არავისგან მინახავს. დღემდე ვერ ვხვდები, როგორ აკეთებდა ამას. მგონი თვითონაც არ იცის.
მაგრამ მამა, შენ ყოველთვის მამხნევებდი, რომ მეცადა..
თუ ვერ გამომდიოდა? კიდევ ერთხელ მეცადა..
გამეღიმა..
და ეს მიყვარდა, რადგან თავისუფლად თამაში მინდოდა. ყოველთვის ვრისკავდი, მაშინაც კი, როცა ყველა მეუბნებოდა, უსაფრთხოდ ითამაშეო.
ეს არის ბრაზილიური ფეხბურთის სული — და შენ ყოველთვის ამას მასწავლიდი.
არასდროს გაექცე შენს ფესვებს..
იმ წამს, როცა სულს ვკარგავთ, გზასაც ვკარგავთ..

დღემდე დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ იმ მომენტებმა გადაგვარჩინა ბელუ ორიზონტეში. მთავარი ის იყო, რომ მუშაობას არასდროს ვწყვეტდით..
აკადემიაში ვარჯიშის შემდეგ ბურთს ვიღებდით და იმ მოედნისკენ მივდიოდით, რომელიც ნაქირავებ სახლთან ახლოს იყო — იქ, სადაც ძროხები და ცხენები ძოვდნენ — და ვვარჯიშობდით ყველაფერზე, რაც იმ დღეს ვარჯიშზე ცუდად გამომივიდა.
თუ მარჯვენა ფეხით მომენტი გავაფუჭე?
დარტყმების ვარჯიში..
თუ პასი გამიფუჭდა?
საბაზისოებზე დაბრუნება — მარჯვენა ფეხი, მარცხენა ფეხი..
ვვარჯიშობდით მანამ, სანამ მზე არ ჩავიდოდა და ბურთს ვეღარ დავინახავდით. მერე კი სახლში ვბრუნდებოდით გადაქანცულები, მაისურები მტვრით სავსე. როგორც ერთხელ მითხარი…
ბევრ ადამიანს ჩვენი გზის გავლა უნდა, მაგრამ ჩვენი ფეხსაცმლის ჩაცმა არ უნდათ..
და მაინც, რაც უფრო იზრდები, მით უფრო ხვდები, რომ სწორედ ის მომენტები იყო ყველაზე ბედნიერი, არა?
სხვებისთვის ეს შრომას ჰგავდა. ჩვენთვის კი უბრალოდ გართობა იყო..
სასაცილოა… როცა გოიანიაში Go Cup-ზე ვიყავით, ვერც კი გავიაზრე, რომ ჩემი ცხოვრების ტურნირს ვატარებდი, მაგრამ სწორედ მაშინ შეიკრა ყველაფერი, რაზეც ამდენი ვიშრომეთ.
დარტყმები.. პასები.. ფინტები..
მარჯვენა ფეხი, მარცხენა ფეხი..
ასე კარგად არასდროს მითამაშია..

და თითქმის ერთ ღამეში ყველამ შემამჩნია. „უბრალოდ კიდევ ერთი ბავშვიდან“ ჩემი ასაკის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტალანტად ვიქეცი ბრაზილიაში. კრუზეირომ კი ტოკა და რაპოსაში ჩემთვის სპეციალურად ახალი ასაკობრივი კატეგორიაც კი შექმნა, რათა საუკეთესო პირობებში განვვითარებულიყავი. სულ რამდენიმე დღეში მთელი ის რწმენა, რაც ჩემში გქონდათ, გამართლდა.,
მერე ნაიკს ჩემი სპონსორობა მოუნდა..
დაახლოებით 10 წლის ვიყავი, ხომ? ინტერნეტში ხშირად არ მიშვებდით, ამიტომ ნაიკი მხოლოდ იმიტომ ვიცოდი, რომ ისინი ნეიმარს აფინანსებდნენ. ჯერ კიდევ ვცდილობდი, გამეგო, რას ნიშნავდა ეს ყველაფერი..
ასე ვიყავი:
„ანუ… იმ ბუცებს მომცემენ, რაც ნეიმარს აცვია?“
თქვენ თქვით:
„სწორია.“
„უფასოდ?“
„კი.“
„და კიდევ ფულსაც გადაგვიხდიან, რომ ისინი ჩავიცვა?“
„ჰო, ასე მუშაობს სპონსორობა.“
ალბათ ცდილობდით, ემოციები დაგემალათ, მაგრამ ყველამ ვიცოდით, რას ნიშნავდა ეს კონტრაქტი..
ჩვენ შევძელით..
ქირას გადავიხდიდით..
ნამდვილი პიცის ყიდვასაც შევძლებდით..
ღმერთმა ჩვენი ლოცვები მოისმინა..
ვერ მოგატყუებთ… როცა „კრუზეიროდან“ წავედი, ერთდროულად სიხარულსაც ვგრძნობდი და სევდასაც..
სიხარულს — რადგან პალმეირასში ახალი თავი იწყებოდა..
სევდას — რადგან ამდენ ადამიანს და ამდენ მოგონებას უკან ვტოვებდი. სიმართლე რომ ვთქვა, ძალიან ვნერვიულობდი, რადგან ვფიქრობდი, შევძლებდი თუ არა ახალ კლუბში ჩემი ძველი ფორმის დაბრუნებას.
როგორც იცით, იქ მისვლისას ტრავმირებული ვიყავი. საშინელი იყო, რადგან როცა სხვები ვარჯიშობენ და მე არ შემიძლია, ეს შინაგანად ძალიან მაფორიაქებს.
ერთადერთი გამოსავალი იყო იმ დისციპლინაზე დაყრდნობა, რომელიც თქვენ ჩამინერგეთ.

ხალხს ვეუბნები, რომ მამაჩემი ფეხბურთია, დედაჩემი კი განათლება. ორივეს შრომა და ერთგულება სჭირდება..
დედა, ძალიან მადლობელი ვარ, რომ ფეხბურთელის მიღმა ყოველთვის ადამიანს ხედავდი. როცა ბავშვი ხარ, გგონია, რომ სამუდამოდ ითამაშებ, მაგრამ ახლა ვხვდები, რატომ გინდოდა ასე ძალიან, რომ მესწავლა.
მახსოვს, ერთხელ პალმეირასის მაისურით ლიბერტადორესზე შესანიშნავი გოლი გავიტანე. გვიან ღამით სახლში დავბრუნდი და გულწრფელად… ველოდი, რომ ჩამეხუტებოდი..
„შვილო, რა საოცარი თამაში ჩაატარე!“
ზუსტად იმ რეაქციას, რაც ყველა ბავშვს ფარულად უნდა..
მაგრამ შენ თქვი:
„ესტევაო… საშინაო დავალება გააკეთე?“
მე ახლახან მილიონობით პალმეირასის გულშემატკივარი გავახარე და შენ ეს საერთოდ არ გადარდებდა. კურსისთვის რაღაც ტესტი უნდა ჩამებარებინა და დრო არ მქონდა..
დაძინების უფლებაც კი არ მომეცი..
გითხარი:
„დედა… გადავიღალე.“
ოოო. მაშინ მართლა ძალიან გაბრაზდი..
მე კი:
„კარგი, დედა! კარგი! გავაკეთებ… ხვალ…“
ძილშიც არ მანებებდი თავს. გახსოვს, ინდონეზიაში ტურნირზე რომ ვიყავი? ონლაინ კურსის ტესტი მქონდა გამოტოვებული და სკოლამ ალბათ მოგწერა, რადგან შუაღამისას დამირეკე.
მე მხოლოდ ასე ვიყავი:
„კარგი, კარგი, გავაკეთებ.“
იმ დროს უბრალოდ ვერ ვხვდებოდი..
დღეს კი ვიცი, რომ ეს ყველაფერი სიყვარულის გამო იყო..
ზუსტად ეს მენტალიტეტი ძალიან დამეხმარა აკადემიაში, რადგან ყოველთვის იმას ვაკეთებდი, რაც საჭირო იყო — მაშინაც კი, როცა არ მინდოდა.
მგონი ერთ დღეს სკოლაში ვიყავი, როცა კლუბიდან დამირეკეს მოსალოცად..
მე ვკითხე:
„რისთვის?“
მიპასუხეს:
„აბა… U17-ში გამოძახებისთვის.“
ვიფიქრე, მეხუმრებოდნენ, მაგრამ მერე ბრაზილიის ნაკრების სიას შევხედე და ჩემი სახელი იქ იყო. სკოლიდან პირდაპირ მულტფილმის ბავშვივით გავვარდი და სწორედ მაშინ დაგირეკეთ ორივეს ეს ამბავი რომ გამეზიარებინა..
იშვიათად მინახავს, ასე ძალიან რომ გეტირათ..

იმ საღამოს განსაკუთრებული ლოცვა გვქონდა — ღმერთისთვის მადლობის სათქმელად ყველაფრისთვის, რაც მოგვცა..
მაგრამ მაშინაც კი, როცა ყველაფერი კარგად მიდიოდა, არ მაძლევდით მოდუნების უფლებას..
როგორც იმ დღეს, ორი წლის წინ, როცა ბრაზილიაში დავბრუნდი და ჟოაუ პაულომ, პალმეირასის აკადემიის ხელმძღვანელმა, დამირეკა. მითხრა, რომ პირველ გუნდს უნდოდა ჩემპიონატის ბოლო ტურები მათთან ერთად მეთამაშა, მერე მკითხა — ორ დღეში შევუერთდებოდი თუ მეორე დღესვე. მე ვუთხარი, ორ დღეში-მეთქი..
და მერე, მამა, როცა დაგირეკე ამ ამბის მოსაყოლად, თითქმის არც კი გაგიხარდა. უბრალოდ მკითხე:
„რას ნიშნავს ორ დღეში?“
მე კი:
„კი, უბრალოდ ახლა თვითმფრინავიდან ჩამოვედი და ცოტა დაღლილი ვარ.“
შენ მიპასუხე:
„მისმინე, ახლა უკან დაურეკავ და ეტყვი, რომ ხვალვე იქ იქნები.“
რა თქმა უნდა, ასეც მოვიქეცი. სხვა რა უნდა მეთქვა?
სიმართლე რომ ვთქვა, ცოტა შემეშინდა, როცა პირველ გუნდში მივედი. ისეთი ძლიერები იყვნენ, ისეთი უხეშები… მე ხომ არც ისეთი დიდი ვარ! საბედნიეროდ, პირველივე დღიდან საოცარი ჯგუფი დამხვდა. არანაირი ამპარტავნება, არანაირი ეგო. მოედანზე შეიძლება მკაცრები იყვნენ, მაგრამ მის გარეთ — ყველაზე თბილი პროფესიონალები, ვისაც კი შეხვდები.
რა კურთხევა იყო აბელ ფერეირას გაცნობა. მამა, ამაზე ხომ ბევრჯერ გვილაპარაკია… სწორედ მან გამომიყვანა კომფორტის ზონიდან. ვინგერად მათამაშა. მასწავლა პრესინგი, დაცვაში მუშაობა..
მისი წყალობით ბევრად უფრო სრულყოფილი ფეხბურთელი გავხდი..
ყველას გვქონდა იმედი, რომ ერთ დღეს ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში გამომიძახებდნენ.. მაგრამ ასეთი მომენტისთვის ვერ მოემზადები..
ცხოვრებაში ასე მშვიდად არასდროს ვმჯდარვარ. სახლში თქვენთან ერთად, იმ თეთრ დივანზე, ხელებდაკრეფილი… მერე ტელევიზორში ჩემი სახელი თქვეს..
და მამა, ჩამეხუტე. იმ დივანზე ალბათ ხუთი წუთი მაინც ვეხუტებოდით ერთმანეთს. ვტიროდით.. ვლოცულობდით..
ეს ხომ იმ გზებზე გვქონდა წარმოდგენილი, როცა მოედნიდან სახლში ერთად ვბრუნდებოდით. და მერე ერთ დღეს უცებ გასახდელში ვიდექი, ჩემს წინ კი ის ყვითელი მაისური ეკიდა..
ასეთი სუფთა.. ასეთი კაშკაშა..
ეს მაგია იყო..
მახსოვს, ლანჩზე ჩავედი და იქ ვინისიუს ჟუნიორი და როდრიგო გოეში დავინახე — ბიჭები, რომლებსაც ტელევიზორში ვუყურებდი. იქვე იყო ჩემი კარგი მეგობარიც ენდრიკი პალმეირასიდან..
რა ბედნიერებაა ამ ბიჭებთან ერთად თამაში..

მაგრამ არის ერთი ადამიანი, ვისთან ერთადაც ბრაზილიის ნაკრებში თამაში ყველაზე მეტად მინდა. ნეიმარი.. თუ ღმერთი ინებებს..
პირველად როცა მომწერა, კინაღამ ავტირდი..
ფეხბურთში ჩემი ყველაზე დიდი შთაგონების წყარომ ჩემზე იცის..
და გახსოვთ, რამდენად განადგურებული ვიყავი, როცა კორინთიასთან პენალტი გავაფუჭე?
მამა, ჩვეულებრივ ჩემი თამაშის სრულ ანალიზს მიკეთებ, მაგრამ მაშინ სიტყვები საერთოდ არ გქონდა. შემომხედე და დაინახე, რომ მთლიანად გატეხილი ვიყავი..
„მოდი აქ…“
დიდხანს ვეხუტებოდით ერთმანეთს..
მერე ჩემს პატარა სამყაროში გავქრი — მხოლოდ მე და ჩემი ტელეფონი. ახალი ამბების ნახვაც არ მინდოდა. Instagram გავხსენი, უბრალოდ რამე ისეთი რომ მეპოვა, რაც გამამხიარულებდა.
სასაცილო მიმი.. სულელური ვიდეო..
რაღაც, რაც გონებას გადამატანინებდა..
მერე პირად შეტყობინებებს შევხედე და დავინახე…
. . . .
ნეიმარ JR
. . . .
კიდევ ერთი შეტყობინება ჩემი ფეხბურთის კერპისგან..
ამის გაკეთება საერთოდ არ ევალებოდა. მაგრამ მან იცოდა, რამდენ ზეწოლას გადის ბრაზილიაში 17 წლის ფეხბურთელი, როგორ შეუძლიათ გულშემატკივრებსა და მედიას, როცა უკვე ძირს ხარ, კიდევ დაგარტყან..
მითხრა, რომ თავდაჯერება არ დამეკარგა და რომ კარიერაში კიდევ ბევრ პენალტს გავაფუჭებდი. ეს თამაშის ნაწილია. მთავარი ისაა, როგორ რეაგირებ..
დედა, მამა, არც კი ვიცი, ბოლომდე თუ აცნობიერებთ, ეს ჩემთვის რას ნიშნავდა..
როცა თქვა, რომ ბრაზილიის შემდეგი გენიოსი ვიქნებოდი, მინდოდა მისი სიტყვები ამომებეჭდა და კედელზე ჩამომეკიდა..
ასე რომ, ნეიმართან ერთად თამაში?
მე მხოლოდ ჩემი ნაწილის გაკეთება შემიძლია..

ბევრჯერ მითქვამს თქვენთვის, რომ ჩემი ყველაზე დიდი ოცნება მსოფლიო ჩემპიონატის ბრაზილიაში დაბრუნებაა. მგონია, ევროპულ ფეხბურთზე გადასვლა კიდევ უფრო დამეხმარება, როგორც ფეხბურთელის განვითარებაში — განსაკუთრებით მაშინ, როცა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ კლუბში მივდივართ..
ბევრი მეკითხება, რატომ ავირჩიეთ ჩელსი, მაგრამ მათ არ ესმით, რამდენად ძალიან უნდოდა ჩელსის ჩემი დამატება და რამდენად სჯერათ ჩემი პოტენციალის. ამ ადამიანებმა არ იციან, როგორი პროექტი წარმოგვიდგინეს. ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია და ვიცი, რომ ლონდონში წასვლით სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ..
თქვენ იცით, რამდენად რთული იყო ჩემთვის პალმეირასის გულშემატკივრებთან დამშვიდობება. სიმართლე ისაა, რომ არც კი ვიცი, რა უნდა ვუთხრა მათ. პირველივე წამიდან, როცა მოედანზე ფეხი დავდგი, იმდენი სიყვარული და სითბო მაჩუქეს. იმის ცოდნა, რომ სანაცვლოდ მეც შევძელი მათთვის სიხარულის მინიჭება… ეს ფასდაუდებელი გრძნობაა..
ეს კლუბი ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს ჩემს გულში..
როცა უკან ვიყურები, მადლობელი ვარ კრუზეიროსიც, რადგან ჩემს განვითარებაში უდიდესი როლი ითამაშა. იმაზეც კი ბედნიერი ვარ, რომ ფრანკაში იმ უფროსმა ბიჭებმა ბევრჯერ წამაქციეს — სწორედ ამან გამამაგრა. ყველაფერი ხომ რაღაც მიზეზით ხდება, არა?
მაგრამ დედა, მამა..
არაფერი შეედრება იმას, რაც თქვენ მომეცით..
იმედი მაქვს, ახლა მაინც სრულად ხვდებით, რამდენს ნიშნავთ ჩემთვის და რამდენად მნიშვნელოვანი ხართ ჩემს ცხოვრებაში..

დედა, მადლობა, რომ მასწავლე — ცხოვრება ფეხბურთზე ბევრად მეტია..
და მამა, ძალიან ვამაყობ იმ სოციალური საქმიანობით, რასაც ფრანკაში, როგორც პასტორი, აკეთებ. იმით, რომ ჩემს ოცნებას გამოყევი, შენ საკუთარი ოცნებაც აიხდინე — და კიდევ უამრავი სხვა ადამიანისაც..
მაგრამ ყველა საჩუქარს შორის, რაც კი ოდესმე მოგიციათ ჩემთვის, ერთია ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს იყო 10 წლის წინ, როცა ჩემი და, ესთერი, დაიბადა. ეს ნებისმიერი დაბადების დღის საჩუქარზე უკეთესი იყო, რაც კი შეიძლებოდა მიმეღო. ეს ღმერთის საჩუქარი იყო..
გახსოვთ, საავადმყოფოდან სახლში რომ მოგვყავდა და მანქანის უკანა სავარძელზე უბრალოდ ვუყურებდით?
გჯერათ საერთოდ, რამდენი რამ გამოვიარეთ ერთად, როგორც ოჯახმა?
დედა და მამა, ჩემს 18 წლის იუბილეზე, სანამ ცხოვრების ახალ თავს დავიწყებთ, უბრალოდ ერთი რამ მინდა გითხრათ…
თქვენ ყოველთვის ჩემი ორი ყველაზე დიდი კუმირი იქნებით..
რასაც არ უნდა მივაღწიო, ეს თქვენით იქნება..
მადლობა ამ გზისთვის, რომელიც აქამდე ერთად გავიარეთ..
და მამა…
ხვალ ვარჯიშის შემდეგ გნახავ..
ბურთს მე მოვიტან..” - ესტევაო