საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი
Aa
Aa

ოფიციალურად | ფიფამ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ახალი ფორმატი დაამტკიცა

2025 წლიდან მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ახალი ფორმატით გაიმართება. FIFA-მ დღევანდელ საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება ოფიციალურად მიიღო, რომლის მიხედვითაც განახლებული ტურნირის პირველი გათამაშება 2025 წლის 15 ივნისიდან 13 ივლისამდე გაიმართება და მასში მონაწილეობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით 32 გუნდი მიიღებს.

შეჯიბრის ოფიციალური სახელი Mundial de Clubes FIFA იქნება და პირველი ტურნირი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდება. გათამაშებაში მონაწილეობას 6 კონტინენტის კლუბი მიიღებს.

ტურნირის ფორმატი ქვეყნებს შორის დამტკიცებული მსოფლიო ჩემპიონატის მსგავსი იქნება. 32 გუნდი 8 ჯგუფში გადანაწილდება და ჯგუფურ ეტაპზე 3-3 შეხვედრას გამართავენ. ქვე-ჯგუფის საუკეთესო ორი გუნდი პლეი-ოფში გავა და 1/8 ფინალში დაწყვილდება. ერთადერთი განსხვავება ის იქნება, რომ მესამე ადგილისთვის მატჩი არ გაიმართება.

რაც შეეხება მონაწილეებს, მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მეტი კვოტა ევროპის ქვეყნებს მიენიჭებათ, კერძოდ კი 12 ადგილი, შემდეგ 6 კვოტით სამხრეთ ამერიკის კონტინენტი მოდის, 4-4 ადგილი ექნებათ აფრიკის, აზიისა და ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკას, 1 ადგილიც კი ოკეანეთის ქვეყნებისთვის იქნება განკუთვნილი. ადგილები კი ბოლო 4 სეზონში ნაჩვენები შედეგების მიხედვით გადანაწილდება.

აქედან გამომდინარე, ბოლო წლებში ნაჩვენები შედეგებით უკვე ცნობილია ტურნირზე მონაწილე რამდენიმე გუნდის ვინაობა:

ევროპა:

  • 2020/21: ჩელსი (ინგლისი)
  • 2021/22: მადრიდის რეალი (ესპანეთი)
  • 2022/23: მანჩესტერ სიტი (ინგლისი)
  • 2023/24: გასარკვევია.

ასევე, ევროპის მასშტაბით ადგილები მიენიჭებათ UEFA-ს რეიტინგში მოწინავე გუნდებს, საბოლოო ქულები კი 2024/25 წლების სეზონის ბოლოს დაჯამდება. ამის მიუხედავად, უკვე გარკვეულია რამდენიმე კლუბის ვინაობა, რომელმაც ტურნირის საგზური მოწინავე საფეხურებზე ყოფნის გამო მოიპოვეს.

ესენი არიან: მიუნხენის „ბაიერნი“ (გერმანია), პსჟ (საფრანგეთი), „ინტერი“ (იტალია), „პორტუ“ (პორტუგალია), „ბენფიკა“ (პორტუგალია).

ევროპიდან კიდევ სამი გუნდის ვინაობა კი მომავალი სეზონის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

მსგავსი პრინციპით, მონაწილე გუნდები გამოვლინდებიან დანარჩენ კონტინენტებზეც, თუმცა, ევროპის მსგავსად, ცნობილია რამდენიმე გუნდის ვინაობა, რომლებიც ახალ საკლუბო ჩემპიონატზე ითამაშებენ.

აფრიკის კონტინენტი: „ალ აჰლი“ (ეგვიპტე), ვიდადი (მაროკო). ორი გუნდის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

აზია: „ალ ჰილალი“ (საუდის არაბეთი), „ურავა რედ დაიმონდსი“ (იაპონია). ორი გუნდის ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა.

ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკა: „მონტერეი“ (მექსიკა), „სიეტლი სანდერსი“ (აშშ), “ქლაბ ლეონი“ (მექსიკა). ერთი გუნდის ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა.

ოკეანეთი: „ოკლანდ სიტი“ (ახალი ზელანდია).

სამხრეთ ამერიკა: „პალმეირასი“ (ბრაზილია), „ფლამენგო“ (ბრაზილია), „ფლუმინენსე“ (ბრაზილია). სამი გუნდის ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები