ჯამალ კაიშვილი, მიუნხენის ბაიერნის კამპუსი (აკადემია), მარტინ პლაცერი, მარსელ შნაიდერი, კრისტიან ჰუფნაგელი, სანდრო ჰუფნაგელი
Aa Aa

თავშესაფრიდან ბაიერნამდე - ჯამალ კაიშვილის შთამაგონებელი ისტორია

კაიშვილები წარმოშობით კახეთიდან, სოფელ ზემო ალვანიდან არიან, ჯამალი ნათესავებსა და წინაპრებს არ იცნობს, თუმცა მისი სურვილი, ითამაშოს საქართველოს ნაკრებისთვის, ძლიერია.

საქართველოს ეროვნულ თუ ასაკობრივ ნაკრებებში ევროპაში აღზრდილ ფეხბურთელებს უთამაშიათ, ლუკას ჰუფნაგელისა და გიორგი მიქაუტაძის მაგალითებიც ასეთია, თუმცა ჯამალ კაიშვილის შთამაგონებელი ისტორია ყველასგან განსხვავებულია - 9 წლის ბიჭი უცხო ქვეყანაში მარტო წავიდა და შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, როგორც კეთილ ზღაპრებშია.

ჯამალ კაიშვილის შესახებ ინტერნეტში ფაქტობრივად არაფერია. შემიძლია ვთქვა, რომ ეს სტატია ჯამალ კაიშვილის შესახებ პირველწყაროა. სტატიის შექმნაში რამდენიმე სანდო „ინსაიდერული'' წყარო დამეხმარა. ინფორმაციის მოძიების პროცესი თითქმის 2 თვე გაგრძელდა, მარტივი პროცესი არ ყოფილა. გარდა ამისა, სტატია მოიცავს ინტერვიუს მარტინ პლაცერთან, რომელიც ჯამალს ინდივიდუალურად ავარჯიშებდა.

ბავშვობაში მისი საფეხბურთო კერპი კრიშტიანუ რონალდუ იყო, „თინეიჯერობისას'' ხვიჩა კვარაცხელია გახდა.

ჯამალის დედა მართლმადიდებელი იყო, მამა - მუსლიმი. ჯამალი, მამის მსგავსად, ისლამის მიმდევარია და Instagram-ის პერსონალურ გვერდზე,  მსგავსად როგორც მის საფეხბურთო კერპ ხვიჩა კვარაცხელიას, რწმენასთან დაკავშირებული ფრაზა უწერია (არაბულ ენაზე): „ღმერთო მადლობა ყველაფრისთვის’’. ასევე, შევხვდით Instagram-ში მის ერთ-ერთ  „სთორის’’: „ალაჰი უდიდესია და მისი გეგმები საუკეთესო’’.

ჯამალის დაბადების თარიღი ქართულ ფეხბურთთან დაკავშირებით სიმბოლურია, 2008 წლის 13 მაისს დაიბადა, 13 მაისი ქართული ფეხბურთის უდიდეს გამარჯვებასთან ასოცირდება.

მის მიმართ ინტერესი გერმანიის 16-წლამდე ნაკრებიდან ნამდვილად იყო, თუმცა ბიჭმა, რომლის დედა ქართველი იყო (გვარად კაიშვილი), საქართველოს ნაკრებისთვის თამაში გადაწყვიტა, ამ ეტაპზე მხოლოდ ფორმალური მხარე რჩება მოსაგვარებელი. 

ახლა უკვე 15 წლის ჯამალი გერმანულ საზოგადოებაში სრულად ინტეგრირებულია, თუმცა ეს წლების შემდეგ მოხდა, მანამდე სირთულეები იყო, 9 წლის ასაკში გერმანიაში მარტო აღმოჩნდა, როგორც ლტოლვილი, მშობლების გარეშე, სრულიად უცხო გარემოში, მეგობარი არ ჰყავდა, არავინ იცნობდა. ტალანტი, რომელიც ახლა ხშირად „ალიანს არენაზე’’ ბურთის მომწოდებელი ბიჭია, თუ ერთ დღეს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი ან თუნდაც ცნობილი მოთამაშე გახდება, მისი ცხოვრების საოცარ დრამატიზმს ფილმისთვის იდეალურ სცენარად წარმოვიდგენ.

დიდ საფეხბურთო კლუბში თამაშზე მეოცნებე ბიჭს საფეხბურთო აგენტი ასლანბეკ არსომერსუევი პირადად იცნობს. ასლანბეკი CrystalSport-თან საუბარში აღნიშნავს: „მთავარი სირთულე ჯამალისთვის ის იყო, რომ ადრეულ ასაკში ევროპაში მარტო წავიდა. მარტოს მოუწია გარემოსთან შეგუება, ენის სწავლა’’.

2019 წლის ივნისში 11 წლის ჯამალი სკოლის გუნდთან ერთად რაიონის ჩემპიონი გახდა (ამ დროს უკვე „ბაიერნის'' აკადემიაში ირიცხებოდა). ტურნირში „ელემენთარი’’ სკოლის (1-4 კლასი) მოსწავლეები მონაწილეობდნენ, საუკეთესო მოთამაშედ ჯამალი დასახელდა. გერმანული Merkur-ი ამ ტურნირთან დაკავშირებით წერს: „ტურნირის საუკეთესო მოთამაშე ჯამალ კაიშვილი ფინალში გადამწყვეტი იყო, დრიბლინგი შეასრულა, რამდენიმე მეტოქეს აჯობა და აუღებელი დაარტყა’’.

„ბრწყინვალე ბიჭია კარგი პიროვნული თვისებებით. მიზანდასახულია, ფეხბურთი მისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს, ყველაფერზე მნიშვნელოვანია.

ჯამალი თავის სამეგობრო წრეში ყველას უყვარდა, ძალიან პოპულარული იყო. მასზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია’’ - ასე იხსენებს შაბან ვრანოვცი CrystalSport-თან საუბარში იმ მოკლე პერიოდს, როცა ჯამალს წვრთნიდა აღნიშნული ტურნირის ფარგლებში.

ჯამალის გზა „ბაიერნამდე“

არასრულწლოვანთა თავშესაფარში მცხოვრები 9 წლის ბიჭი ფეხბურთს ეზოში მარტო თამაშობდა, როცა მასთან უცნობი კაცი მივიდა და ბავშვთა საფეხბურთო გუნდ „ერდინგში’’ თამაში შესთავაზა: „ფეხბურთის თამაში კარგად შეგიძლია. გსურს „ერდინგში’’ ვარჯიში?’’ ჯამალის პასუხი დადებითი იყო. „ერდინგის’’ შემდეგ ვარჯიშზე გუნდის მწვრთნელმა ჯამალს უთხრა: „შეგიძლია, ჩვენთან ერთად ივარჯიშო’’. როგორც ჯამალი იხსენებს, ყველაფერი ამ მომენტიდან დაიწყო. მისი თამაში „ერდინგში'' ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან მალევე, რამდენიმე თვეში „ბაიერნის'' სკაუტებმა აღმოაჩინეს.

„ერდინგში’’ თამაშისას ბევრი გოლი შეაგდო, ძალიან ცნობილი გახდა. ერთ დღეს „ბაიერნის'' მთავარმა სკაუტმა ტიმონ პაულსმა კლუბის სხვა სკაუტს დააკავშირა, ჯამალმა სკაუტს თავის შესახებ მიწერა, თავისი თამაშის ვიდეოები გაუგზავნა. პასუხი ასეთი იყო: „თვალს არ მოგაშორებთ, „ერდინგის’’ თამაშებს ჩვენი წარმომადგენელი დაესწრება’’.

ჯამალი ყოველ მატჩში ბევრ გოლს იტანდა და „ბაიერნში'' სინჯებზე მიიწვიეს. საცდელი პერიოდი ვარჯიშების გარდა ლაიფციგში გასამართ ტურნირს მოიცავდა. გამოცდა წარმატებით ჩააბარა, ტურნირის დასრულების შემდეგ „ბაიერნის’’ კამპუსის (აკადემიის) წევრი გახდა.

გამოსაცდელი პერიოდისას ჯამალის სათამაშო სტილი ჯერ ქუჩის ფეხბურთის დონეს არ აღემატებოდა, თუმცა მისი ტექნიკა საოცარი იყო. მწვრთნელი კრისტიან ჰუფნაგელი, რომელიც იმ პერიოდში „ბაიერნში’’ მუშაობდა, CrystalSport-თან აღნიშნავს: „გამოსაცდელი პერიოდისას ჯამალის რამდენიმე ვარჯიშს დავესწარი, მისი ტექნიკა აღმაფრთოვანებელი იყო’’.

ჯამალი „ბაიერნში’’ 2017-18 წლების სეზონის ზამთარში გადავიდა, 2018 წლის 27 თებერვალს Merkur-ი წერს: „ერდინგი’’ უნდა გაუმკლავდეს იმ ვითარებას, რომელიც ჯამალ კაიშვილის „ბაიერნში’’ წასვლით შეიქმნა’’. მას შემდეგ ჯამალი „ბაიერნის’’ ასაკობრივ გუნდებში თამაშობს.

ტიმონ პაულსი, ვინც ჯამალს „ბაიერნის’’ კამპუსისკენ მიმავალ გზაზე დაეხმარა, ძალიან საინტერესო ფიგურაა: სკაუტი, რომელმაც 14 წლის ასაკში გაიაზრა, რომ ტოპ ფეხბურთელად გახდომისთვის საკმარისი ნიჭი არ ჰქონდა და სიამოვნებას სხვა რამ, ტალანტებზე დაკვირვება და მათი აღმოჩენა ანიჭებდა. 14 წლისამ მუშაობა „მიუნხენ 1860’’- ში დაიწყო. 4 წლის შემდეგ „ბაიერნმა’’ აღმოაჩინა და მიიწვია, 23 წლის ასაკში ული ჰიონესმა „ბაიერნის’’ მთავარ სკაუტად ასეთ საპასუხისმგებლო პოსტზე იმ იმედით დანიშნა, რომ სკაუტის ვარსკვლავურ კარიერას გააგრძელებდა და მალე უფრო დიდ დავალებებს შეასრულებდა, თუმცა 2019 წელს პაულსი „აუგსბუგში’’ წავიდა. 2015-19 წლებში ტიმონ პაულსის ჩართულობით „ბაიერნში’’ ჯოშუა ზირკზე და ალფონსო დევისი ჩაირიცხნენ, ეს მისი გამორჩეული საქმეებია.

დეპორტაციის მცდელობები

თავშესაფარში ცხოვრებისას ყოველ ვარჯიშზე ჯამალი დაჰყავდათ მისთვის გამოყოფილი მძღოლის მიერ, ასეთი ფაქტი „ბაიერნის’’ აკადემიაში ძალიან იშვიათი შემთხვევაა.

გერმანიის ხელისუფლების მხრიდან ჯამალის დეპორტაციის რამდენიმე მცდელობა იყო (ჯამალი გერმანიის მოქალაქე არაა), თუმცა მიუნხენური კლუბის ძალისხმევით დეპორტაცია არ მოხდა. ჯამალი 9 წლის ასაკიდან არასრულწლოვანთა თავშესაფარში ცხოვრობდა. ამ ეტაპზე „ბაიერნის’’ ინტერნატში ცხოვრობს, რომელიც „ბაიერნის’’ კამპუსის ტერიტორიაზე მდებარეობს, კამპუსი 15-16 წლის ასაკიდან დაახლოებით 35 მოზარდს საცხოვრებელ პირობებს სთავაზობს.

პერიოდულად კამპუსის მოთამაშეები კლუბის მთავარი გუნდის ფეხბურთელებს ხვდებიან, ამ ფოტოში ჯამალი სადიო მანესთან „სელფს'' იღებს.

პიროვნული თვისებები

„ბაიერნის'' 11 და 12-წლამდე გუნდებში ჯამალის მთავარი მწვრთნელი მარსელ შნაიდერი იყო. როგორც CrystalSport-ის წყარო ამბობს, მასთან მუშაობის პერიოდიდან გამომდინარე მარსელი ჯამალს ასე ახასიათებს: გაბედულად თამაშობდა, ორთაბრძოლას ხშირად იგებდა, ძალიან სწრაფი იყო, ძლიერად და ზუსტად არტყამდა. ამ ასაკობრივ გუნდებში ძირითადად ცენტრში, 8 ნომერზე თამაშობდა, თუმცა ამჟამად ჯამალი თავს ყველაზე კომფორტულად 10 ნომერის და გარემარბის პოზიციებზე გრძნობს.

„ბაიერნის'' 11 და 12-წლამდე გუნდებში გატარებული პერიოდიდან გამომდინარე მარსელ შნაიდერი ჯამალის პიროვნულ თვისებებზე ამბობს: ძალიან მორცხვი და თავმდაბალი, მადლიერებას მთელი გულით გამოხატავდა, გულჩათხრობილი, მწვრთნელის შენიშვნებს იაზრებდა და სწავლობდა. მას ასევე ძალიან დადებითად ახასიათებს სანდრო ჰუფნაგელი (ლუკას ჰუფნაგელის ძმა), რომელიც მარსელ შნაიდერის ასისტენტი იყო.

„ძალიან კარგი, მოკრძალებული ბიჭია’’ - ასე ახასიათებენ „ბაიერნის’’ კამპუსში თანაგუნდელები და მწვრთნელები. როგორც CrystalSport-ის წყაროები ამბობენ, მის პიროვნულ თვისებებში მნიშვნელოვანი ცვლილება ან გარდატეხა არ მომხდარა, ჯამალი არ შეცვლილა, თუმცა თუ მარსელ შნაიდერი მასზე ამბობს, რომ მის გუნდში თამაშისას მორცხვი და გულჩათხრობილი იყო, ახლა უფრო მეტად გახსნილი და კომუნიკაბელურია.

თავად ჯამალი დიდად აფასებს იმ შესაძლებლობას, რომ ასეთი დიდი კლუბის აკადემიის წევრია, გუნდისთვის ყოველთვის 100 პროცენტით იხარჯება.

საფეხბურთო აგენტი ასლანბეკ არსომერსუევი: „ის არის ბიჭი, რომელმაც იცის რა სურს. საკუთარ თავში დარწმუნებულია. ასევე, კომუნიკაბელურია’’.

ჯამალი მინდორზე

„ბაიერნის’’ აკადემიაში შემდეგ პოზიციებზე უთამაშია: ფორვარდი, გარემარბი, საყრდენი ნახევარმცველი, გამთამაშებელი. ამჟამად, უპირატესობას გარემარბად ან „ათიანზე’’ თამაშს ანიჭებს. მისი პლუსები ერთი-ერთზე თამაშში, კარგ დარტყმასა და პასის კულტურაში გამოიხატება.

მოცემულ ვიდეოში გატანილი პირველი გოლი ჯამალმა „ბაიერნის'' 14-წლამდე გუნდში თამაშისას შეაგდო. მარცხენა ფლანგზე ბრწყინვალედ მოქმედებებს მისი საფეხბურთო კერპის, ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსად.


ასლანბეკ არსომერსუევი: „მისი თამაში ცოცხლად რამდენჯერმე ვნახე, ძალიან დინამიური და ხისტი მოთამაშეა, ფიზიკურად კარგად მომზადებულია, ძალიან ტექნიკურია და რაც მნიშვნელოვანია ორივე ფეხით კარგად თამაშობს, შეუძლია დაარტყას როგორც მარჯვენა ფეხით, ასევე მარცხენა ფეხით. გარდა ამისა, გამორჩეულია ერთი-ერთზე თამაშისას’’.

ამჟამად, ჯამალი „ბაიერნის“ 16-წლამდე გუნდის წევრია, რომელსაც პატრიკ კანიუტი წვრთნის. ჯამალის აზრით, კანიუტი საუკეთესოა მათგან, ვისთანაც უმუშავია.

ჯამალის სისუსტე

რა არის ჯამალის სისუსტე? ხშირი კუნთოვანი ტრავმები. ასე თვლის ჯამალი და ამასთან დაკავშირებით ასლანბეკ არსომერსუევი ამბობს: „მისი სუსტი მხარე ტრავმებისკენ მიდრეკილებაა. იმედია, ტრავმების გარეშე იქნება, რომ პოტენციალი სრულად წარმოაჩინოს’’.

როგორც CrystalSport-ის წყარო ამბობს, „ბაიერნის'' კამპუსში თვლიან, რომ კუნთის პრობლემა იმდენად ინდივიდუალურია, წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ გრძელვადიან პერსპექტივაში ჯამალს შეუქმნის თუ არა პრობლემას, რამდენად დიდ გავლენას მოახდენს მის კარიერულ პროგრესზე. „ბაიერნის'' კამპუსის ინტერნატში ძალიან კარგი, სრულფასოვანი კვებაა. ასევე, ჯამალს სრული სამედიცინო გამოკვლევა წელიწადში ორჯერ უტარდება, თითოეული მოზარდის ჯანმრთელობას დიდი ყურადღება ეთმობა.

ჯამალის კუნთის პრობლემასთან დაკავშირებით მარტინ პლაცერს ვესაუბრეთ, რომელიც ათლეტთა ინდივიდუალური მომზადების ცენტრის (Mp-coachings.de) ხელმძღვანელია, მას ჯამალთან უმუშავია, კარგად იცნობს. 

მარტინ პლაცერის ინტერვიუ CrystalSport-თან

- როგორ ვითარდება ჯამალის კუნთოვანი მასა ასაკის მატებასთან და დატვირთვების ზრდასთან ერთად? ამ პროცესში რა დადებით და უარყოფით ასპექტებს ხედავთ?

კუნთოვანი მასა ყველაზე მეტად 15-25 წლის ასაკში იზრდება, ამ წლებში ტესტოსტერონის გამოყოფის დონე უმაღლეს ნიშნულზეა. სწორედ ამიტომ, ამ ფაზაში, ძალაზე ორიენტირებული ვარჯიშები ყველაზე მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ვარჯიშების დოზა და ძალის/სიძლიერის სწორი სავარჯიშო სტრუქტურა. სპორტსმენს კარგი საბაზისო კუნთოვანი მასა/სტაბილურობა სჭირდება, რათა ძალაზე ორიენტირებული ვარჯიშები შეასრულოს.

- ჯამალის სისუსტე კუნთის ხშირი ტრავმებია. როგორ ფიქრობთ, რა განაპირობებს ამ პრობლემას?

ჯამალს ამ ეტაპზე კუნთოვანი პრობლემები აქვს, რაც დიდწილად წარმოიშობა დაბალი ზურგიდან და მენჯიდან. ჩემი აზრით ამ პრობლემას რამდენიმე ფაქტორი აქვს. ასევე, ფსიქოლოგიური ფაქტორი ძალიან დიდ როლს ასრულებს. შესაძლოა, ძლიერმა სტრესმა დიდი ნეგატიური გავლენა მოახდინოს.

- შესაძლებელია რომ ჯამალის კუნთოვანი პრობლემები გენეტიკური იყოს? ასეთ შემთხვევაში რა არის გამოსავალი?

ჯამალის ერთ-ერთი უდიდესი სიძლიერე მის სისწრაფეშია. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს გენეტიკურად განსხვავებული, სწრაფი ან ნელი კუნთოვანი ბოჭკოები აქვს. ჯამალს მაღალი კუნთის ტონუსი აქვს, სწრაფი კუნთოვანი ბოჭკოები სხეულის დიდ დაჭიმულობას განაპირობებს. დაჭიმულობის გამო კარგად უნდა გაიწელოს და კუნთებზე იზრუნოს. 

- ჯამალისთვის, მისი ტექნიკური უნარებიდან გამომდინარე, ყველაზე შესაბამისი რომელ პოზიციაზე თამაშია? სად წარმოაჩენს თავს საუკეთესოდ?

- მისი ერთ-ერთი სიძლიერე სწრაფ დრიბლინგსა და რითმის ცვლაშია. ასევე, ორივე ფეხით ძალიან საშიშია. მას ვხედავ ძალიან ძლიერს ფლანგზე.

გიორგი ქარსელაძისა („რიუ ავე’’) და ირაკლი ეგოიანის („ტვენტეს’’) შემდეგ ჯამალ კაიშვილი („ბაიერნი’’) მესამე ბიჭია, რომლის შესახებაც ვრცელი სტატია დავწერე. სტატიებს ამ ციკლს პირობითად შეგვიძლია „ახალი მიქაუტაძის ძიების პროცესი'' ვუწოდოთ. 90-იან წლებში დაწყებული ემიგრაცია აჩენს იმ შესაძლებლობას, რომ უცხოური კლუბების აკადემიებში აღზრდილი ნიჭიერი მოთამაშეები საქართველოს ასაკობრივ/ეროვნულ ნაკრებს დაეხმარონ. ამიტომ, ვცდილობ მათზე მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ. შესაძლოა, ამ მხრივ გარკვეულწილად საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებსაც დავეხმარო.

გთხოვთ, სტატიასთან დაკავშირებით დააფიქსიროთ თქვენი გულწრფელი და კრიტიკული აზრი, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი განვითარებისთვის.

ქართული ფესვების მქონე ნიჭიერი ფეხბურთელების შესახებ, რომლებიც უცხოური კლუბების აკადემიებში იზრდებიან, სტატიების სერია გაგრძელდება. ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებ. მალე, კიდევ ერთ სტატიას შემოგთავაზებთ.

გაზიარება: