გოგა გახოკიძე, ირაკლი ეგოიანი, ზურაბ ხიზანიშვილი, გიორგი აბურჯანია, ტვენტე, იორდ როოსი, რამიზ ზერუკი, საქართველოს ფეხბურთელთა 16-წლამდე ნაკრები, საქართველოს ფეხბურთელთა 18-წლამდე ნაკრები, რეჯილიო სიმონსი
Aa Aa

ეგოიანი - ოქროს ბიჭუნა ბიბლიით და ფეხბურთის ფანატიკური სიყვარულით

როცა წინა ბლოგი გიორგი ქარსელაძეზე გამოვაქვეყნე, Twitter-ში დავწერე, რომ ქართულ მხარეს უნდა ეჩქარა. მალევე, დაახლოებით ერთ კვირაში „ქარსე’’ საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში გამოიძახეს, ჩამოვიდა, ითამაშა, კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ბევრი ფაქტორის თანხვედრა მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ დიდი მომავალი აქვს.

დღევანდელი ბლოგი 19 წლის ირაკლი ეგოიანზეა, ინტერვიუ მასთან და „ტვენტეს“ 18-წლამდე გუნდის მთავარ მწვრთნელთან, იორდ როოსთან ჩავწერე. ამ მასალის გამოქვეყნება გადაცემა „ცრუ ცხრიანში“ სტუმრობისას დავაანონსე.

ირაკლი ეგოიანი - ტექნიკით გამორჩეული 10-იანი, რომელიც 6 და 8 ნომერზეც შესანიშნავია. საქართველოდან მას განსაკუთრებულად უნდა აკვირდებოდნენ, მით უმეტეს იმ რეალობაში, როცა ეროვნულ ნაკრებსა თუ 21-წლამდე გუნდში მაღალი დონის ნახევარდაცვის შექმნა დიდი გამოწვევაა, ამ მხრივ რეალური პრობლემები გამოჩნდა როგორც ეროვნული გუნდის ბოლო შეხვედრებში, ასევე საქართველოში გამართულ ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე. ნიკა კვეკვესკირს, ანზორ მექვაბიშვილს, ნიკა გაგნიძეს, გიორგი აბურჯანიას, ოთარ კიტეიშვილს, ლუკა გაგნიძეს, ნოდარ ლომინაძესა თუ სხვა ცენტრალურ ნახევარმცველებს მაღალი დონის კონკურენტი სჭირდებათ და ამის პერსპექტივა ეგოიანის საფეხბურთო თუ პიროვნული თვისებებიდან და კარიერული პროგრესიდან გამომდინარე ნამდვილად ჩანს.

ბიჭს, რომელმაც „აიაქსის’’ აკადემიაში 4 წელი გაატარა, ჯერ მხოლოდ საქართველოს პასპორტი აქვს, მაგრამ მისი სანაკრებო კარიერის სამი პერსპექტივა ჩანს: ნიდერლანდები, სომხეთი, საქართველო.

ირაკლი ეგოიანი CrystalSport-ს ბევრ თემაზე ესაუბრა, თუმცა ინტერვიუს ქართველი ქომაგისთვის ყველაზე საინტერესო საკითხით ვიწყებთ. კითხვაზე, რომელი ქვეყნის ნაკრებში ითამაშებს, ირაკლის პასუხი ასეთია:

„გასულ წელს, საქართველოს 18-წლამდე ნაკრებში ვითამაშე. მას შემდეგ საქართველოდან არავის დაურეკავს. ახლა არც ერთ ნაკრებში ვარ, მაგრამ რომელ ნაკრებშიც პირველად ვითამაშებ, იმ ნაკრებისკენ გავიხედავ. ამ ეტაპზე არჩევანი არ გამიკეთებია.

ნიდერლანდების ასაკობრივი ნაკრებებიდან მიწვევა არასდროს მიმიღია, რეალური ინტერესი არასდროს ყოფილა, მაგრამ ამ ეტაპზე მე ხომ მხოლოდ ქართული პასპორტი მაქვს. აქედან გამომდინარე, ჯერ ნიდერლანდების ნაკრებში თამაშის უფლებაც არ მაქვს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშებს ვუყურებ ხოლმე, კარგი გუნდია. გამოვარჩევ კვარაცხელიასა და მიქაუტაძეს. ყოველთვის ვნახულობ როდისაა „ნაპოლის“ თამაში, ძალიან მიყვარს კვარას თამაშის ყურება’’.

ირაკლი მოედანს კარგად ხედავს, პასის კულტურით გამორჩევა, თავისუფალ სივრცეებს ითვისებს და როცა თავისუფალი სივრცე არ ჩანს, თავად ქმნის. შრომობს გაცილებით მეტს ვიდრე ერთი გუნდური ვარჯიში მოითხოვს და ყოველდღე კითხულობს ბიბლიას, მისი პიროვნების ჩამოყალიბების მთავარ წიგნს და გულწრფელად საუბრობს იმ საფეხბურთო კომპონენტებზე, რომლებიც უნდა დახვეწოს და გააუმჯობესოს.

„ჩემი ცხოვრება ფეხბურთია, თუმცა ბიბლიის სწავლას დიდ დროს ვუთმობ, ბიბლიას ყოველდღე ვკითხულობ. ღმერთი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მსურს, მასთან დიდი დრო გავატარო, ეს ჩემი ცხოვრების სტილია''.

JESAYA 41-10 - ეს ირაკლის სვირინგია მარჯვენა ხელზე. ესაია, თავი 41, მუხლი 10: „ნუ გეშინია, რადგან შენთან ვარ, ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ; განგამტკიცებ, შეგეწევი და მხარს დაგიჭერ ჩემი სამართლის მარჯვენით’’.

ამ სვირინგთან დაკავშირებით ირაკლი ამბობს: „ბიბლიის ეს მონაკვეთი გულისხმობს, რომ ღმერთი მუდამ ჩვენთანაა და არაფრის გვეშინოდეს. მინდორზე თუ მინდორს მიღმა ცხოვრებაში ჩემში შიში არ უნდა არსებობდეს, რადგან ღმერთი ჩემთანაა“.

ირაკლის პიროვნულ თვისებებზე „ტვენტეს“ 18-წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელი იორდ როოსი CrystalSport-თან საუბრობს:

„ირაკლი განსაკუთრებული ბიჭია. არამხოლოდ იმიტომ რომ ფეხბურთის კარგად თამაში შეუძლია, ის ბრწყინვალე პიროვნებაა, საოცრად თავმდაბალია. თავის თავზე ძალიან ბევრს მუშაობს.  სჯერა და აქვს შესანიშნავი ცხოვრებისეული სტანდარტები და ფასეულობები. ამასვე ვხედავ მის მშობლებში, რომლებიც ფანტასტიკური ადამიანები არიან.

ირაკლი ძალიან სამართლიანი და სამაგალითოა სხვა მოთამაშეებისთვის. პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობდა და შემდეგ როცა 18-წლამდე გუნდის ვარჯიშზე მოდიოდა, ''ფიშკებს'' თვითონ ალაგებდა.  იმის მიუხედავად რომ პირველ გუნდთან ერთად იყო, არ შეცვლილა, თავმდაბალ პიროვნებად დარჩა''.

მას აქტიურად 2022 წლის ზაფხულიდან ვაკვირდები, როცა „ტვენტეს“ პირველ გუნდში „დენ ბოშს“ 2 საგოლე პასი შეუსრულა, თუმცა უკეთ რომ დაგანახოთ მისი ტექნიკური შესაძლებლობები, ორ გამორჩეულ გოლს შემოგთავაზებთ, ერთი „ტვენტეს“ პირველ გუნდში „ბოხუმს“ შეუგდო, მეორე გასული სეზონის დასრულების შემდეგ „ტვენტეს“ 18-წლამდე გუნდში ტელბორგის ტურნირზე გაიტანა. ამ გოლთან ერთად აღსანიშნავია პრიზი -  ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

გოლი ბოხუმთან

„მე ხომ „ტვენტეს“ ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე ვარ. ამ გოლით ძალიან ბედნიერი ვიყავი. გუნდელები ჩემი გოლით გახარებულები იყვნენ. მთავარმა მწვრთნელმა რონ იანსმა თქვა, რომ ეს მშვენიერი გოლი იყო, შემდეგ ჩემთან მოვიდა და მითხრა: „კარგია რომ გუნდში გვყავხარ, რადგან გოლის გატანა ყოველთვის შეგიძლია’’.


გოლი ტელბორგის ტურნირზე

‘‘ტელბორგის ტურნირი ძალიან მაღალი დონისაა, „პალმეირასმა“ მოიგო. ასევე მონაწილეობდნენ პსვ, „ჰეერენვენი,“ „ვიტესი,“ „გრააფსხაპი“ და ორი დანიური კლუბი, „ოდენსე“ და „ვაილე.“ ვფიქრობ, თავი კარგად წარმოვაჩინე, თანაგუნდელებს კარგად ვუგებდი, მათთან შეწყობილი ვიყავი''.

ირაკლი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. აღსანიშნავია მისი გოლი მესამე ადგილისთვის მატჩში, როცა „ჰეერენვენს“ შეუგდო, ეს მისი ტექნიკური შესაძლებლობების ბრწყინვალე პერფორმანსია.

ემიგრაცია, მარკელო და „აიაქსის“ აკადემია

ირაკლი CrystalSport-თან ინტერვიუში ბავშვობის წლებს იხსენებს, როცა მისი ოჯახი ემიგრაციაში წავიდა და რთული ეტაპის გავლა მოუხდა, თუმცა წლების შემდეგ ეს სირთულე სასიამოვნო სიახლით შეიცვალა, ირაკლი ამსტერდამის „აიაქსის“ სკაუტებმა შეამჩნიეს და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ საუკეთესო აკადემიაში მიიწვიეს.

ირაკლი ეგოიანი: „საქართველოდან ცოტა რამ მახსოვს, ჩემი ოჯახი ლოტკინის უბანში ცხოვრობდა. მახსოვს ბაბუა და ოჯახური გარემო. 5 წლის ვიყავი, როცა საქართველო დავტოვეთ.

ემიგრაციის საწყისი ეტაპი რთული იყო. დაახლოებით ისე ვსაუბრობდი ნიდერლანდურ ენაზე, როგორც ახლა - ქართულად, ეს ნამდვილად პრობლემა იყო. დასაწყისში ბევრი სიძნელე არსებობდა, თუმცა შემდეგ ცხოვრება ნელ-ნელა უკეთესი გახდა, გარემოსთან ადავპტირდი მეც და ჩემი ოჯახიც.

ირაკლის პირველი ნაბიჯი ფეხბურთში - სპორტული სკოლა მარკელო

5 წლის ასაკში სპორტულ სკოლა „მარკელოში'' ვთამაშობდი, ყველა ამბობდა, რა კარგად თამაშობ, ტალანტი გაქვს. იქ თამაში ჩემთვის ძალიან ადვილი იყო, შემდეგ „აიაქსის“ სკაუტებმა შემამჩნიეს, მოვეწონე და მიმიწვიეს. ეს იყო მომენტი, როცა ვთქვი: „ახლა ნამდვილად მინდა ფეხბურთელი გავხდე''.

ირაკლი ეგოიანის გოლები აიაქსის აკადემიაში


ყველაფერი იქ დაიწყო, ყველაფერი იქ მასწავლეს, იქ შეიქმნა ჩემი როგორც ფეხბურთელის ფუნდამენტი. ამასთან ერთად, იქ გვიტარდებოდა გაკვეთილები, „აიაქსის“ აკადემია სასწავლო პროცესსაც მოიცავდა. ამ დიდ კლუბში 4 წელი გავატარე, ჩემთვის „აიაქსი“ ძალიან ბევრს ნიშნავს.

უდიდესი კლუბია. ყველა ვარჯიში ტექნიკაზე გათვლილი იყო, დისციპლინას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, მაგრამ იქ უმთავრესია, თუ როგორ აკონტროლებ ბურთს, როგორ ასრულებ პასს და როგორ არტყამ კარისკენ.

„აიაქსში’’ ჩემი პირველი მწვრთნელი იყო ვილემ ვეისი, შემდეგ - იოსტ ვან დამი, ბოლოს - რეჯილიო სიმონსი, ხავი სიმონსის მამა. ჩემთვის სიმონსი იდეალური მწვრთნელი არ ყოფილა, მაგრამ საერთო ჯამში „აიაქსის“ მწვრთნელები ძალიან დამეხმარნენ, მათთან ყოფნისას მოვუმატე, პროგრესი ვაჩვენე. იმ ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში დამეხმარნენ, როგორიც დღეს ვარ''.

შეხვედრა კრუიფთან

„მაშინ კრუიფი პირველად ვნახე, სასადილოში იყო, მე დაბლა მინდვრისკენ წავედი, ვარჯიში მქონდა, შემდეგ მამამ კრუიფი დაინახა და მას უთხრა: „შეიძლება, ერთი ფოტოს გადაღება?’’ - ასე გადავიღე კრუიფთან ერთად ფოტო.

„აიაქსის“ დიდი ფეხბურთელები აკადემიაში ხშირად მოდიოდნენ, მთელ დღეს იქ ატარებდნენ შაკ სვარტი (მეტსახელად „მისტერ აიაქსი“), დენის ბერგკამპი, მარკო ვან ბასტენი და სხვები’’.

CrystalSport-ის მხატვარმა თამო მაისაშვილმა აღნიშნული ფოტო ასეთ ლამაზ ილუსტრაციად აქცია: ლეგენდარული კრუიფი და ირაკლი ეგოიანი.

ირაკლი ეგოიანი „ტვენტეს“ 18-წლამდე გუნდის მთავარ მწვრთნელთან, იორდ როოსთან მუშაობას იხსენებს, როცა ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და სეზონის შემდეგ გუნდში ფიზიკურად ყველაზე კარგად მომზადებული ფეხბურთელი იყო.

ირაკლი ეგოიანი იორდ როოსთან მუშაობის შესახებ: „პირველად, როცა მასთან მივედი, ტრავმისგან ახალი დაბრუნებული ვიყავი. სწრაფად უნდა ავსულიყავი იმ დონეზე, რა დონეზეც ვთამაშობდი. საწყისი დროიდან მოყოლებული ყოველთვის მიყვიროდა, როცა რაღაცას არასწორად ვაკეთებდი, მთელ ვარჯიშს აჩერებდა და მეუბნებოდა,  როგორ დავმდგარიყავი და გოლი როგორ გამეტანა. რთულია როცა გყავს მწვრთნელი, რომელიც ყოველი ვარჯიშისას გიყვირის. თანაგუნდელები მეკითხებოდნენ, ამას რატომ აკეთებდა. მას მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა, უნდოდა უკეთესი ფეხბურთელი გავმხდარიყავი, თანდათან პროგრესი ვაჩვენე“.

იორდ როოსი CrystalSport-თან ინტერვიუში სწორედ ამ სეზონს იხსენებს, როგორ პროგრესირებდა ქართველი ფეხბურთელი.

იორდ როოსი:როცა ირაკლის მწვრთნელი გავხდი, მას 8-თვიანი ტრავმა ჰქონდა. პროგრესი ეტაპობრივად უნდა მოგვეხდინა, მის სხეულს გადატვირთვით შოკი რომ არ მიეღო. სეზონის ბოლოს ის იყო ფეხბურთელი, რომელიც მთელ გუნდში ყველაზე კარგ ფიზიკურ კონდიციაში იყო. როცა მასთან მუშაობა დავიწყე, გარემარბად ან 10-იანზე თამაშობდა, მაგრამ იმ სეზონში გარემარბად არ უთამაშია, მხოლოდ 8 ნომერზე ან 10-იანზე. ყველაზე მეტად 8 ნომერზე მომწონს, ამ პოზიციაზე სრულყოფილია.

ვფიქრობ, ძალიან კარგი პასი აქვს. მოკლე და გრძელ პასებს კარგად ასრულებს. იქიდან გამომდინარე რომ ჩემი ხედვით მას შეტევის დაწყება კარგად შეუძლია, ვფიქრობ ნამდვილი 8 ნომერია, მაგრამ ასევე, მას შეუძლია მეტოქის შეტევების ჩაკეტვა, ჩაკეტვის შემდეგ იერიშის დაწყება და დაგვირგვინება''.

ირაკლი საოცრად მიზანდასახული და ფანატიკური პროფესიონალია. მახსოვს ამბავი, როცა მისი ფეხბურთისადმი სიყვარული აშკარა გახდა, როცა სამშაბათს ფეხის თითი მოიტეხა და ვფიქრობდი, რომ მას შესაძლოა რამდენიმე თვე გამოეტოვებინა, მაგრამ შაბათს ის კვლავ მოედანზე იყო, ამ ტრავმით კიდევ ნახევარი სეზონი ითამაშა. გუნდურ სავარჯიშო სესიებთან ერთად ინდივიდუალურად საკუთარ თავზე ბევრს ვარჯიშობდა და დღესაც ასეა''.

იორდ როოსი 2021 წლიდან „ტვენტეს“ 18-წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელია

იორდ როოსი კიდევ ერთ საინტერესო მხარეზე ამახვილებს ყურადღებას, მასთან მუშაობისას ირაკლიმ გაიაზრა, რომ „ფინტების“ შესრულებაზე პრიორიტეტული გუნდური წარმატება და ენერგიის სწორად განაწილება იყო. იორდ როოსი ირაკლიზე საუბარს ამ თემით აგრძელებს: „ჩემთან მუშაობისას ის ბავშვიდან, რომელსაც „ფინტების“ შესრულება უყვარდა, ნამდვილ პროფესიონალად იქცა, რომელსაც ესმის რომ მატჩებს გამარჯვებისთვის თამაშობენ. მან ისწავლა იმის გააზრება, თუ სად უნდა ჩაედო ენერგია, როგორ გაენაწილებინა ენერგია’’.

კითხვაზე, რა შეიძლება იყოს ირაკლი ეგოიანის კარიერის მაქსიმუმი, მისი კარიერის „ჭერი’’, იორდ როოსის პასუხი ასეთია:

„პირველ გუნდში სწრაფად გაიაზრეს, რომ ის მომავლის ბიჭია, ერედივიზიეს დონე. მჯერა, ირაკლი ნიდერლანდების ჩემპიონატის ტოპ 5 კლუბში აუცილებლად ითამაშებს. აქედან ის დაინახავს, იქნება თუ არა მასში უფრო მეტი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა’’.

კრიტერიუმები „ტვენტეს“ პირველ გუნდში დაწინაურებისთვის

ირაკლი ეგოიანი: „გასულ სეზონში მთავარ მწვრთნელ რონ იანსს ხშირად ვესაუბრებოდი, თუ რა უნდა გამეკეთებინა უკეთ. ის ყოველთვის აქცენტირებდა შეტევების განვითარებისას სწორი პოზიციების დაკავებაზე, სწორი მიმართულებით მოძრაობაზე. როცა შეტევას იწყებ, ბურთი არ უნდა დაკარგო და აკონტროლო, რა ხდება შენს გარშემო. ამ კუთხით ვპროგრესირებ.

პირველ გუნდში 8-ნომერზე ვითამაშე, ამ პოზიციის ფეხბურთელი დაცვით ფუნქციებს კარგად უნდა ასრულებდეს. ვფიქრობ, დაცვითი ფუნქციების შესრულების კუთხითაც პროგრესი მაქვს, ყოველ კვირას ამაზე მუშაობით ვარ დაკავებული’’.

ფოტოზე რონ იანსი და ირაკლი ეგოიანი (რონ იანსი „ტვენტეს“ მთავარ მწვრთნელად 2020-23 წლებში მუშაობდა, გასული სეზონის შემდეგ პოსტი დატოვა და იოზეფ ოსტინგმა შეცვალა).

საქართველოს ნაკრები

ირაკლი ეგოიანს საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია, 2020 წელს - 16-წლამდე ნაკრებში, 2022 წელს  - 18-წლამდე ნაკრებში. მას ორივე ნაკრებში გატარებულ პერიოდზე ვკითხე, თავდაპირველად ჩემი კითხვა 16-წლამდე ნაკრებს შეეხებოდა, რომელსაც იმ პერიოდში ვილი სანიოლის ამჟამინდელი ასისტენტი ზურაბ ხიზანიშვილი წვრთნიდა.

როგორ მიგიღეს და როგორი გარემო დაგხვდა 16-წლამდე ნაკრებში, როცა მთავარი მწვრთნელი ზურაბ ხიზანიშვილი იყო?

,,შესანიშნავად მიმიღეს ძალიან კარგ გუნდში. ნაკრების თითოეული თანამშრომელი თუ ფეხბურთელი ჩემს მიმართ დადებითად განწყობილი იყო. მთავარი მწვრთნელი ზურაბ ხიზანიშვილი ძალიან გვეხმარებოდა ვარჯიშსა და თამაშზე. თავიდანვე ასეთი გარემო იყო, მისგან ბევრი ვისწავლე, ეს დრო ძალიან კარგად მახსენდება.

მთავარი მწვრთნელი აქცენტს ტაქტიკურ ვარჯიშებზე აკეთებდა და გამარჯვებისთვის განგვაწყობდა.

ევროპაში თამაშიდან გამომდინარე ტაქტიკა კარგად მესმოდა და მწვრთნელი სხვებს ჩემს მაგალითს აძლევდა, მათთვის სამაგალითოდ წარმომაჩენდა ტაქტიკური ცოდნის კუთხით’’.

ირაკლი საქართველოს 16-წლამდე ნაკრებში

ჩემი შემდეგი კითხვა ირაკლის საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში ბოლო გამოძახებას ეხებოდა: როგორ შეაფასებ გასულ წელს საქართველოს 18-წლამდე ნაკრებთან ერთად გავლილ შეკრებას?

‘‘პორტუგალიაში ვითამაშე, თუმცა არა ჩემს პოზიციაზე. პირველი თამაში მარცხენა მცველის პოზიციაზე ვითამაშე. ძალიან რთული იყო, 5 საათი დამატებით ვიმგზავრეთ, თურქეთში გაჩერებაც მოგვიწია. იძულებული გავხდით თურქეთში დაგვეძინა, შემდეგ პორტუგალიაში ჩავედით. 2-3 საათი დავიძინეთ და პორტუგალიასთან სათამაშოდ გავედით. Jetlag-ის პრობლემაც იყო (სხვა ქვეყანაში გაფრენის გამო დღის და ღამის საათების არევა, რაც პრობლემებს იწვევს), პორტუგალიასთან პირველი მატჩი რთული იყო.

ქართველი ფეხბურთელებიდან გიორგი ხაბულიანთან, გიორგი მესხთან, ჯადული იობაშვილთან და ლუკა ჯაჭვლიანთან ვმეგობრობ. მათთან ვსაუბრობ ხოლმე, საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში ჩემი თანაგუნდელები იყვნენ’’.

კარიერის 3 ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი

„2020 წელს ბარძაყის ტრავმის გამო 8 თვე გამოვტოვე, მაგრამ დავბრუნდი, ტრავმის შემდეგ ბევრი შრომით და ღმერთის დახმარებით უფრო ძლიერი გავხდი. საფეხბურთო კარიერაზე უარი არასდროს მითქვამს, ამაზეც არც მიფიქრია. საქმეს ასე ვუყურებ: არაუშავს რა იქნება, ბოლომდე უნდა ივარჯიშო, ბევრი უნდა იშრომო და შეგიძლია უკეთესი გახდე.

პირველი პროფესიული კონტრაქტი - ამას ხომ 18-19 წელი ველოდებოდი და გასულ სეზონში „ტვენტემ’’ შემომთავაზა. ეს ჩემთვის ძალიან დიდი რამაა. 

„ტვენტეს“ ტექნიკურ დირექტორ იან სტროიერთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. გასულ სეზონში, პირველი გუნდის ვარჯიშებზე ყოველთვის მოდიოდა, ყოველ ვარჯიშს უყურებდა, ვსაუბრობდით. რა თქმა უნდა, ჩემს პირველ პროფესიულ კონტრაქტზეც ვისაუბრეთ.

გასული სეზონის შემდეგ ირაკლიმ „ტვენტესთან“ კონტრაქტი 2+1 სისტემით გააფორმა.

როდესაც პატარა ბიჭი ვიყავი „აიაქსის“ და „ტვენტეს“ რიგებში სხვადასხვა ტურნირებზე თამაშისას, ყოველთვის "დიდ ფეხბურთელებს" ვაკვირდებოდი, რომლებიც საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას იღებდნენ. მაშინ ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ ერთ დღეს ამ ტიტულს მეც მივიღებდი და დიახ ჩემს ცხოვრებაში ეს მომენტი ახლა დადგა, როდესაც ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს. ეს ჩემთვის დიდებული მომენტი იყო''.

აღნიშნულ კომენტარში ირაკლი „დიდ ფეხბურთელებში“ გულისხმობს მისი თანატოლებს, რომლებიც საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს იღებდნენ და არა მასზე ასაკით უფროს ფეხბურთელებს.

ირაკლი ტელბორგის ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზით

„ტვენტეს“ 18-წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელი იორდ როოსი ტელბორგის ტურნირთან დაკავშირებით ირაკლის შესახებ შემდეგს ამბობს:

„წარმატების მიღწევის ფანატიკური სურვილი აქვს, ყოველთვის უნდა ფეხბურთი ითამაშოს. მაშინაც კი, როცა ნახევარი სეზონი პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს და შემდეგ 18-წლამდე ტურნირში მონაწილეობს. ის ბავშვივით ბედნიერია, რომ 18-წლამდე გუნდს ამ ტურნირზე მიყვება''.

საუბარი საკუთარ თავზე

ირაკლი საკუთარ თავზე გულწრფელად საუბრისას „ტვენტეს“ 18-წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელის, იორდ როოსის ფაქტორს ხაზს უსვამს:

„კრეატიული მოთამაშე ვარ, თუ სივრცე არაა, სივრცის გაჩენა შემიძლია. შრომისმოყვარე ვარ, ეს ჩემი დადებითი მხარეებია. გოლების გადატანა და საგოლე პასების შესრულება შემიძლია. 18-წლამდე გუნდის მწვრთნელის გამო დაცვაშიც მოვუმატე. დაცვაში კარგად ვთამაშობ. 6, 8 და 10 ნომერზე თამაში შემიძლია. მრავალმხრივი ფეხბურთელი ვარ, რომელსაც გოლის გატანის უნარი აქვს. „აიაქსში’’ ყოველთვის 9 ნომერი ვიყავი, „ტვენტეში’’ 10 ნომერი გავხდი''.

სტატიას რომ რეალური შინაარსი ჰქონდეს, მნიშვნელოვანია ფეხბურთელის შესაძლებლობები მეტ-ნაკლებად ობიექტურად დავინახოთ. სწორედ ამიტომ ირაკლიმ იმ კომპონენტებზე ისაუბრა, რომელიც მან უნდა დახვეწოს და გააუმჯობესოს:

„რაც შეეხება დასახვეწ და გამოსასწორებელ კომპონენტებს, ასეთი ბევრი იქნება. გასულ სეზონში მთავარი მწვრთნელი რონ იანსი მეუბნებოდა, რომ თუ მე 6 ან 8 ნომერზე ვთამაშობ, შეტევის დაწყებისას ბურთი არ უნდა დავკარგო. თუ ბურთს დავკარგავთ, კონტრშეტევა წამოვა. ყველაზე მნიშვნელოვანი რამ იმისთვის რომ უკეთესი გახდე, გარშემო ყურადღებით ყურება და გუნდის შეტევის დაწყებაში მონაწილეობაა.

გუნდური სავარჯიშო პროცესის შემდეგ ინდივიდუალურად ბევრს ვვარჯიშობ. საკუთარ თავზე მუშაობას დიდ ყურადღებას ვაქცევ’’. 

„ტვენტეს“ 18-წლამდე გუნდის მთავარ მწვრთნელს, იორდ როსს ვკითხე, თუ როგორ რეაგირებდა ირაკლი მარცხსა და წარუმატებლობაზე. ნიდერლანდელი სპეციალისტის პასუხი ასეთია: „სეზონში, როცა ჩვენ ერთად ვიყავით, რაიმე სერიოზული წარუმატებლობები არ გვქონია, ფინალში ვითამაშეთ, ჩემპიონები გავხდით მასთან ერთად და ირაკლი გუნდის კაპიტანი იყო. სეზონის დასაწყისში სათადარიგოთა სკამზე იჯდა, მაგრამ შემდეგ თავდაუზოგავად იმუშავა ვიდრე გუნდში ადგილი არ დაიმკვიდრა, ეს ძალიან მალე მოხდა''.

ცხოვრება ენსხედეში ოჯახისგან დამოუკიდებლად

„ენსხედეში რამიზ ზერუკთან ერთად ვცხოვრობდი, ოჯახისგან დამოუკიდებლად, თუმცა ახლა რამიზი სათამაშოდ როტერდამის „ფეიენორდში“ გადავიდა. მე და რამიზი მთელ დღეებს ერთად ვატარებდით, ის ჩემი ძმაა, ძალიან კარგი ბიჭია, სამაგალითო, ვუყურებდი და მისგან ბევრს ვსწავლობდი მინდორზე თუ მინდორს მიღმა.

დასაწყისში ოჯახისგან დამოუკიდებლად ცხოვრება ძალიან რთული იყო. მიყვარს ოჯახი, მათთან ერთად ყოფნა მსურდა, მაგრამ შენ იცი, რასაც აკეთებ და რისთვისაც აკეთებ. ცხადია, დასაწყისი რთული იყო, რადგან გინდა მშობლებს ყოველდღე ხედავდე, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ ეს პროცესი გაადვილდა, ახალ რეალობასთან ადავპტირდი.

განუყრელი მეგობრები: რამიზ ზერუკი და ირაკლი ეგოიანი

მედიაში წერენ რომ რამიზ ზერუკის შემცვლელად მოვიაზრები, რომ ახალ სეზონში ის უნდა შეცვავლო, თუმცა მე ფოკუსი ფეხბურთზე მაქვს. მწვრთნელის დავალებები უნდა შევასრულო. ცხადია, ჩემი მიზანი პირველ გუნდში თამაშია. ახალი მთავარი მწვრთნელი იოზეფ ოსტინგი გადაწყვეტს, შევცვლი თუ არა რამიზს.

რაც შეეხება სათამაშო დროს, ეს მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული. თუ თავს კარგად წარმოვაჩენ, ვფიქრობ სათამაშო პრაქტიკა მექნება. სხვა შემთხვევაში, სათამაშო დროს ვერ მივიღებ''.

მეტსახელი ელა

„რატომ შემარქვეს ელა? მაშინ „ტვენტეს“ აკადემიაში ვთამაშობდი. როცა მინდორზე ვიყავით, ჩემი სახელის გამოთქმა რთული იყო. მოულოდნელად, ერთმა ბავშვმა დამიძახა ელა. ასე გაჩნდა მეტსახელი ელა, სრულიად სპონტანურად''.

სწავლა იოჰან კრუიფის სახელობის კოლეჯში

„ფეხბურთელის კარიერის პარალელურად იოჰან კრუიფის კოლეჯში ვსწავლობ მარკეტინგისა და კომუნიკაციის მიმართულებით. „ტვენტესთან“ გაფორმებული პირველი პროფესიული კონტრაქტის პარალელურად სწავლა უნდა გავაგრძელო''.

ირაკლი Linkedin-ის საკუთარ პროფილზე სწავლასთან მიმართებაში აღნიშნავს, რომ ყოველთვის ცდილობს წავიდეს რისკზე, მიიღოს ახალი გამოწვევა თავდაჯერებითა და გამბედაობით. ის საკუთარ თავს ისეთ სტუდენტად მიიჩნევს, რომელიც ენთუზიაზმით აღსავსეა, მოტივირებულია და ცოდნისკენ ისწრაფვის. ასე რომ, გარდა ფეხბურთისადმი დიდი სიყვარულისა და ბიბლიის დახმარებით ჩამოყალიბებული პიროვნული თვისებებისა, მისი ინტერესი სწავლისადმიც შთამბეჭდავია.

ტვენტე და ქართველები

თბილისის „დინამომ“ პირველი საერთაშორისო ოფიციალური მატჩი „ტვენტესთან“ ჩაატარა, 1972-73 წლების სეზონის UEFA-ს თასის პირველ ეტაპზე „დინამომ“ შინ 3:2 გაიმარჯვა, გივი ნოდიამ დუბლი შეასრულა, 1 გოლი დავით ყიფიანმა შეაგდო. სტუმართა მხრიდან იან იორინგმა 2 გოლი გაიტანა. ენსხედეში „ტვენტემ“ რენე ნოტენისა და ხსენებული იან იორინგის გოლებით 2:0 მოიგო და UEFA-ს თასიდან გამოგვთიშა.

2003-06 წლებში „ტვენტეში“ გოგა გახოკიძე თამაშობდა, პსვ-დან წამოსვლის შემდეგ „ტვენტეში“ მის მიმართ დიდი ნდობა იყო და საუკეთესო თვისებები კარგად წარმოაჩინა. ანალოგიურად ენსხედურ კლუბში გიორგი აბურჯანიაც წარმატებული იყო (2019-20), თუმცა კორონავირუსის გამო კლუბში ფინანსური პრობლემები შეიქმნა და 2020 წლის ზაფხულში „აბუ“ „ტვენტეს“ დაემშვიდობა.

როცა გასულ სეზონში ირაკლიმ „ბოხუმს“ ლამაზი გოლი გაუტანა, „ტვენტეს“ ყოფილმა მწვრთნელმა იან ვან სტამ, რომელიც გახოკიძესთან მუშაობდა, De Oosttribune-სთან ინტერვიუში ქართველებზე შემდეგი რამ თქვა:

„ქართველებს კარგი ნაკრები არ ჰყავთ, მაგრამ ქართველი ფეხბურთელები ინდივიდუალურად ბრწყინავდნენ. გახოკიძე წყნარი მარცხენა გარემარბი იყო, მაგრამ სათქმელს მისი მარცხენა ფეხით ამბობდა. ის შესანიშნავი ბიჭია''.

„ტვენტესთვის“, რომელმაც გასულ სეზონში ერედივიზიეში მე-5 ადგილი დაიკავა და კონფერენს ლიგაზე ითამაშებს, მესამე ქართველი ფეხბურთელი ირაკლი ეგოიანია. ახლახან ენსხედურმა კლუბმა ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო, ირაკლი გუნდთან ერთადაა, მას აქტიურად დავაკვირდებით და მის გარშემო არსებულ სიახლეებზე აქტიურად გაცნობებთ.

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ტვენტეს“ მეტოქე შვედური „ჰამარბია“. პირველი მატჩი ენსხედეში 27 ივლისს გაიმართება, საპასუხო მატჩი 3 აგვისტოს შედგება.

პ.ს. განსაკუთრებული მადლობა ირაკლი ლეჟავას, რომელიც სტატიის მომზადებაში დამეხმარა. ასევე, გთხოვთ სტატიასთან დაკავშირებით დააფიქსიროთ თქვენი გულწრფელი და კრიტიკული აზრი, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი განვითარებისთვის.

გაზიარება: