გიორგი ქინქლაძე, მანჩესტერ სიტი
Aa Aa

“საკულტო გმირი საქართველოდან“ - მე გიორგი ქინქლაძე ვარ

ზოგიერთი მოთამაშე პრემიერ ლიგაში დიდი ხნის განმავლობაში ანათებდა.. ზოგი კი საგრძნობლად მოკლე დროში ისეთ კვალს ტოვებს, რომელიც მეხსიერებიდან არასდროს იშლება.. ზუსტად ასეთი შემთხვევაა გიორგი ქინქლაძე..

ქართველი მაესტრო „მანჩესტერ სიტის“ 1995 წელს შეუერთდა და „ქალაქელების“ გულშემატკივრებს არაერთი სასიამოვნო მოგონება დაუტოვა..

მაიკლ კოქსმა ქართველი ფეხბურთელის თამაში ასე შეაფასა: „ქინქლაძე იყო სრულიად განსხვავებული იმისგან, რაც „სიტის“ გულშემატკივრებს იქამდე ნანახი ჰქონდათ. საოცარი დრიბლიორი, რომელიც ქარის სისწრაფით დარბოდა. ჯადოსნობა, რომელმაც „სიტის“ ქომაგების გულში ბინა სამუდამოდ დაიდო. თითქმის ორნახევარი დეკადა გავიდა და გიორგი კვლავ საკულტო პიროვნებად რჩება.“

ბავშვობაში ქინქლაძე ენთუზიაზმით აღსავსე ტანმოვარჯიშე იყო, რისი წყალობითაც ბალანსი და სისწრაფე გამოიმუშავა. გიორგის პირველი გუნდი თბილისის „მრეტები“ იყო. ის ისეთი ნიჭიერი იყო, რომ სულ მალე თბილისის „დინამოში“ გადავიდა, სადაც ორჯერ გახდა წლის საუკეთესო ფეხბურთელი. ახალგაზრდა ტალანტი ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახეს..

სწორედ ეროვნულ ნაკრებში თამაშმა მას უფრო დიდი პოპულარობა მოუტანა. გიორგი საცდელ ვარჯიშებზე მადრიდის „რეალში“, მადრიდის „ატლეტიკოში“ და „ბოკა ხუნიორსში“ იყო, თუმცა გაგრძელება არცერთს არ მოჰყოლია..

ბრიტანეთის პერსპექტივა 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში გაჩნდა. საქართველო უელსს დაუპირისპირდა და ქინქლაძემ გაიბრწყინა. უელსის მეკარე მას ასე აღწერს: „განსხვავებული დონე და საუკეთესო მოთამაშე მოედანზე..“

უელსთან კაშკაშა გამარჯვების შემდეგ, ქინქლაძის სახელმა ბრიტანეთში იფეთქა. „ქალაქელებმა“ თბილისის „დინამოსთან“ დადეს შეთანხმება, რომ თუ ქართული გუნდი მის გაყიდვას გადაწყვეტდა, აუცილებლად „სიტი“ ჩაერთვებოდა საქმეში. მანჩესტერელებმა პირობა შეასრულეს და 2 მილიონი ფუნტ სტერლინგის  სანაცვლოდ ქინქლაძე „სიტიში“ გადავიდა..

დასაწყისი შთამბეჭდავი არ იყო. ქართველი შემტევი შეუერთდა გუნდს, რომელიც ბევრს წვალობდა და ცუდ სიტუაციაში იყო. თავდაპირველად, ქინქლაძე ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე, პრემიერ ლიგისთვის შეუფერებლად გამოჩნდა. მიუხედავად ადრინდელი წარმატებებისა, გიორგი ასეთ ჩემპიონატში უადგილოდ გამოიყურებოდა..

მისი დებიუტი „ტოტენჰემთან“ შედგა და ზუსტად იმ პერიოდში „მანჩესტერ სიტი“ კრიზისში იყო.. თავდაპირველად, ქინქლაძე სასტუმროში ცხოვრობდა და ყველანაირი კომფორტისგან შორს იყო. მას კომუნიკაციის პრობლემებიც ჰქონდა. „სიტიმ“ პრემიერ ლიგის პირველი 11 მატჩიდან ვერცერთი მოიგო და ცხრილის ბოლო ადგილზე მყარად დამკვიდრდა.

„ქალაქელების“ იმ დროინდელი მთავარი მწვრთნელი ალან ბოლი ქართველი ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარ იყო და მისი იმედი ბოლომდე ჰქონდა. ბოლმა განაცხადა, რომ ქინქლაძე არის საუკეთესო ფეხბურთელი ვისთანაც ოდესმე უმუშავია. გუნდის შენებაც ქართველის გარშემო დაიწყო..

სიტუაცია შეიცვალა. გიორგიმ დიდებული ფეხბურთის თამაში დაიწყო და „სიტის“ შედეგებიც გაუმჯობესდა. გულშემატკივრებმა ქართველი ფეხბურთელი შეიყვარეს და მისი იმედი გაუჩნდათ. ამის პარალელურად, მანჩესტერში გიორგის დედა ორ მეგობართან ერთად ჩავიდა და სახლში უკვე ნაცნობი კომფორტი ჰქონდა..

სადებიუტო გოლი ნოემბერში „ასტონ ვილას“ გაუტანა. ნელ-ნელა ყველა ამჩნევდა ქინქლაძის ნიჭს, მჭიდრო კონტროლს და დამანგრეველ დრიბლინგს.. გიორგი საოცარ შთაბეჭდილებას ახდენდა..

გამოსარჩევია „მიდლსბროსთან“ მატჩი, რომელშიც ქართველი ფეხბურთელი მოწინააღმდეგე გუნდის მცველებს არაფრად აგდებდა და მის წინააღმდეგ მხოლოდ თამაშის წესის დარღვევა იყო გამოსავალი. აღნიშნულ დაპირისპირებას „სიტი“ 1:0-ს იგებდა, თუმცა საბოლოოდ 1:4 წააგო..

მეორე გამორჩეული მომენტი რამდენიმე თვის შემდეგ, „საუთჰემპტონთან“ მოხდა. ქინქლაძემ ეფექტური გოლი გაიტანა და მთელი სტადიონი აღაფრთოვანა.


ამ გოლზე მთავარმა მწვრთნელმა ბოლმა განაცხადა: „ეს არის ყველაზე ახლოს მიმსგავსებული დიეგო მარადონას გოლთან ინგლისის წინააღმდეგ.“

ეს გოლი თვის საუკეთესოდ დასახელდა. მანჩესტერულმა კლუბმა რამდენიმე თამაში მოიგო, მაგრამ პრემიერ ლიგაში დასარჩენად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა..

დროის გასვლასთან ერთად, 4-4-2 სისტემა გიორგისთვის სულ უფრო შეუფერებელი გახდა. „სიტიმ“ რამდენიმე მწვრთნელი გამოიცვალა. ასა ჰარტფორდი, სტივ კოპელი, ფილ ნილი და ფრენკ კლარკი ცდილობდნენ ტაქტიკა ქართველისთვის მოერგოთ, მაგრამ ამ ყველაფერს შედეგი არ ჰქონდა. იქიდან გამომდინარე, რომ გუნდი ქინქლაძის გარშემო იწყობოდა ნელ-ნელა გაჩნდა მოსაზრება, რომ ასე არ უნდა ყოფილიყო და ეს საკითხი დღის წესრიგში დადგა.. 3-წლიანი მანჩესტერული კარიერა კი დასრულდა.. გიორგი გუნდიდან წავიდა..

საუკეთესო შემთხვევაში, ქართველი ფეხბურთელი შეუჩერებელი ძალა იყო.. მისი საფეხბურთო უნარები ამ ყველაფრის შესაძლებლობას იძლეოდა და სხვა ფეხბურთელებისგან განსხვავებულს ქმნიდა.. საბოლოო ჯამში, მაინც იმედგაცრუება მივიღეთ, რადგან მისი ნიჭი მწვრთნელებმა ვერ გამოიყენეს..

თუმცა მისმა მაგიურმა ნიჭმა გიორგი საკულტო გმირად აქცია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს „მანჩესტერ სიტი“ ტოპ კლუბია და მსოფლიო დონის ვარსკვლავები თამაშობენ, „ქალაქელების“ ისტორიაში გიორგი ქინქლაძე ლეგენდარულ გმირად არის დარჩენილი!!

გაზიარება: