თემურ ქეცბაია, ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლი
Aa
Aa

ასე ცოტა იცით ფეხბურთის შესახებ? - ქეცბაიამ კრიტიკოსებს უპასუხა

ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლი თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა კვიპროსის ნაკრებმა წარუმატებლად დაასრულა, ბოლო შეხვედრაში შინ ესპანეთთან 1:3 დამარცხდა. კვიპროსის ნაკრებმა 8 მატჩიდან ყველა დათმო, მხოლოდ 3 გოლი გაიტანა და 28  გაუშვა, 0 ქულით ბოლო ადგილზე გავიდა.

მატჩის შემდეგ ქართველმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მიზანი ერთა ლიგაზე წარმატებით გამოსვლაა, რადგან ნაკლებად ძლიერ გუნდებს დაუპირისპირდებიან. ქეცბაიამ კრიტიკოსებს უპასუხა, მისი თქმით მათ არ ესმით ფეხბურთი, ვინც ესპანეთთან შემტევ ფეხბურთს ითხოვს.

„რა თქმა უნდა თერთმეტივე ფეხბურთელი დაცვითი ფუნქციების შესრულებაზე ფიქრობდა. ფეხბურთი არ ესმით მათ, ვინც თვლის რომ შემტევი ფეხბურთი უნდა გვეთამაშა. ისინი მხოლოდ საუბრობენ, არაფერი გაუკეთებიათ. გსურდათ ესპანეთთან შემტევი ფეხბურთი გვეთამაშა? ეს სერიოზულია? ასე ცოტა იცით ფეხბურთის შესახებ? სწორედ ამიტომ სხედხართ სახლებში და რაც ყველას შეუძლია გააკეთოს, სხვისი გაკიცხვაა, სხვისი კრიტიკაა. თუ მათ მწვრთნელის სკამზე ყოფნა სურთ, ამისთვის რა გაუკეთებიათ? სულ მცირე მე მათზე მეტი გავაკეთე. საუბარი ძალიან ადვილია.

ჩვენი თამაში წარუმატებელია, მაგრამ როცა ამ ჯგუფში ჩემგან რაღაცას ითხოვ, ფეხბურთი არ გესმის. სამწუხაროდ, ბევრი სახლში დივანზე ზის და გვაკრიტიკებს. არ მადარდებს, არ ვუყურებ ტელევიზორს, არ ვუსმენ რადიოს და არც სხვა რამეს’’.

შეგახსენებთ, A ჯგუფში ესპანეთი 18 ქულით პირველ ადგილზეა, შოტლანდიის აქტივში 16 ქულაა, ნორვეგიამ 10 ქულა დააგროვა, საქართველომ - 8, ხოლო კვიპროსი 0 ქულით აუტსაიდერია.

დასკვნით ტურში საქართველო ესპანეთს ესტუმრება, შოტლანდია ნორვეგიას მიიღებს, ორივე მატჩი 19 ნოემბერს, 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები