გიორგი გოჩოლეიშვილი
Aa
Aa

გოჩოლეიშვილი: „ერთა ლიგის პლეი ოფს მოუთმენლად ველოდებით, ისტორია უნდა დავწეროთ“

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტმა“ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა საქართველოს ნაკრებისა და დონეცკის „შახტარის“ მცველს, გიორგი გოჩოლეიშვილს, რომელმაც ისაუბრა საკუთარ კარიერაზე, საქართველოს ნაკრებზე, კლუბზე, შოტლანდიასთან და ესპანეთთან გასამართ თამაშებზე.

„თამაშებისთვის დადებითი განწყობით ვემზადებით და ვიცით, რომ შოტლანდიასთან და ესპანეთთან ძალიან დაძაბული შეხვედრები გველის. გუნდში ყველა პოზიტიურად დამხვდა და შევეცდებით, რომ დადებით შედეგს მივაღწიოთ. ჩემი და ყველა ფეხბურთელის სურვილი რევანშის აღებაა. ერთა ლიგის პლეი ოფის თამაშებს მოუთმენლად ველოდებით, რადგან ისტორია უნდა დავწეროთ. ჩვენი ოცნებაა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშოთ. ბიჭები ყველაფერს ვცდილობთ, რომ ამ შეხვედრებს მომზადებული შევხვდეთ.

ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი ძალიან დიდხანს მემახსოვრება, რადგან მთელი საქართველო გაერთიანდა. მანამდე ეროვნულმა ნაკრებმა ბევრი კარგი თამაში ჩაატარა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ტრამპლინია, გულშემატკივარმა კი ძალიან კარგი ატმოსფერო შექმნა, ამის დავიწყება შეუძლებელია.

„საბურთალოს“ აღზრდილი ვარ, თამაში ამ კლუბში ვისწავლე და მასთან ძალიან დიდი ემოცია მაკავშირებს. ყველა ასაკობრივ გუნდში ვითამაშე და ეროვნულ ლიგაშიც პირველი მატჩი „საბურთალოს“ ფორმით ჩავატარე. ასაკობრივი გუნდებიდან მოყოლებული, ოჯახურ გარემოში ვიყავი. დიდი მადლობა კლუბს, რადგან ჩემთვის კარიერული ტრამპლინი აქედან დაიწყო.

ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ჩემი ოცნება იყო. შევხვდით „ბარსელონას“, რომელიც ბავშვობიდან ჩემი საოცნებო გუნდია და ახლაც მისი გულშემატკივარი ვარ. ასეთ მეტოქესთან თამაში განსაკუთრებული ემოციაა. მაგრამ მოედანზე რომ გავედი, ეს ემოცია გვერდზე გადავდე, მინდოდა, მაქსიმუმი გამეკეთებინა. ამან შედეგი გამოიღო, 1:0 მოვიგეთ.

თამაშის შემდეგ  ვერ ვლაპარაკობდი და ვერც ვიაზრებდი, რა და როგორ მოხდა. შესანიშნავი შეხვედრა ჩავატარეთ, გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა, მსოფლიოს ერთ-ერთ გრანდს მოვუგეთ – ეს დიდი ემოცია იყო.

ჩემი მიზანი საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე თამაშია. მინდა, „შახტართან“ ერთად დიდი წარმატებას მივაღწიო და კარიერულად რაც შეიძლება წინ წავიდე“, – ამბობს გიორგი გოჩოლეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების დაპირისპირება კვირას გაიმართება და მატჩი თბილისის დროით, 23:45-ზე დაიწყება.

წყარო 1tv.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამაცაშვილის გასროლით მოგებული მატჩი | 21-წლამდე ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა
მამაცაშვილის გასროლით მოგებული მატჩი | 21-წლამდე ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა