დინამო ბათუმი, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, ქობულეთის შუქურა, სამტრედია
Aa Aa

მარცხენა მცველობიდან - მეკარეობამდე | სხვა თვალით დანახული ლუკა ხარატიშვილი

ყველა ინტერვიუს წინ, ჟურნალისტები საათობით, ინდივიდუალურად ვემზადებით და რესპონდენტს ,,ვსწავლობთ“. ვფიქრობ,  რომ ჩვენს პროფესიულ ზრდაში, ერთ-ერთ ყველაზე დიდ როლს, სწორედ ეს თამაშობს.

მომავალი რესპონდენტის კარგად გაცნობის პროცესში, მის მიერ ჩატარებულ მატჩებს კიდევ ერთხელ ვუყურებთ და ძველ ინტერვიუებს ვეცნობით, მაგრამ, როცა მასზე ინფორმაციების მოძიება დავიწყე, ბევრი ინტერვიუ არ შემხვედრია, რამაც ჩემი ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა.  

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების 20 წლის, 190 სმ სიმაღლის მეკარემ, აქამდე, დიდი გზა გაიარა და დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ უფრო დიდი და საინტერესო გზა აქვს.

ლუკა ხარატიშვილზე მოგიყვებით და ვეცდები, ახალგაზრდა მეკარე ახლოს გაგაცნოთ.

საუბრისას მითხრა, რომ ფეხბურთისადმი მისი სიყვარული მშობლებმა მცირე ასაკშივე შენიშნეს და ხელი მაქსიმალურად შეუწყეს, რათა საკუთარ ოცნებებზე უარი არ ეთქვა. პირველი ნაბიჯები ,,ნორჩ დინამოში“ გადადგა, სადაც 6 წლის ასაკში მოხვდა. მაშინ გოჩა ხიტირი ავარჯიშებზე. არ გამკვირვებია, როცა ინტერვიუს დასაწყისში პირველი, რაც მითხრა იყო ის, რომ პირველი მწვრთნელით უზომოდ მადლიერია.

მიუხედავად იმის, რომ ბავშვობიდან სიმაღლით გამოირჩოდა, თამაში თავიდანვე მეკარის პოზიციაზე არ დაუწყია. ამ მხრივ ისტორია სტანდარტულობით არ გამოირჩევა. ლუკა მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობდა და დღემდე, როდესაც მეგობრებთან ან უბანში, მინი სტადიონზეა, წინ თამაშს ვერ თმობს:

,,სიმაღლე ბავშობიდან მქონდა, მაგრამ ჩემი კარში ჩადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა. თავიდან მარცხენა მცველი ვიყავი და სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ ვფიქრობდი, რომ მეკარის პოზიციაზე ვითამაშებდი იმიტომ, რომ წინ თამაში დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. ეს არც შეცვლილა, დღემდე ასეა:  როდესაც შანსი მეძლევა და კარში არ ვდგავარ, ყოველთვის წინ ვთამაშობ: იქნება ეს მეგობრებთან ერთად თუ უბანში, მინი სტადიონზე.

სხვათა შორის, თავიდან ფიზიკურად სუსტი ვიყავი: როცა წინ ვთამაშობდი, თითქმის ყველა ვარჯიშს მცირე ტრავმით ვასრულებდი. მცირე დროის და ბევრი ტრავმის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ბედი კარში მეცადა, თან ისე დაემთხვა, მეკარე არ გვყავდა. როცა კარში აღმოვჩნდი გაირკვა, რომ თურმე, მეკარისთვის საჭირო თვისებები მქონდა“.

ლუკას, როგორც მეკარის, განსაკუთრებით დამაჯერებლი თამაში საქართველოს Crystalbet ეროვნულ ლიგა 2-ში იყო, როდესაც დინამო ბათუმიდან ქობულეთის შუქურას იჯარის წესით შეუერთდა, 25 მატჩში კარი მშრალად 12-ჯერ შეინახა (ამ სეზონში ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელი და მეორე საუკეთესო შედეგზე 2-ჯერ მეტი მშრალი მატჩი ჰქონდა) და ნდობა, რომელიც მთავარი მწვრთნელისგან მიიღო, გაამართლა:

,,ეს პერიოდი დადებითად მახსენდება, რადგან სტაბილური სათამაშო პრაქტიკა პირველად შუქურაში თამაშის დროს მივიღე, როდესაც გუნდის მაშინდელი მთავარი მწვრთნელი, რევაზ გოცირიძე მენდო და ყველა თამაშში შეუცვლელად მათამაშა: ეს იქნებოდა საქართველოს თასის მატჩი თუ Crystalbet ეროვნული ლიგა 2-ის შეხვედრა. ვფიქრობ, იმედები გავუმართლე. ამ შანსისა და ნდობის გამო, რევაზისა და მისი სტაფის მიმართ, ძალიან მადლიერი ვარ.

რაც შეეხება სამტრედიას, უკვე სამი თვეა, რაც შევუერთდი. ნდობა და სათამაშო პრაქტიკა აქაც დავიმსახურე, ეს კი ფეხბურთელისთვის, მითუმეტეს კი მეკარისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია“.

Crystalbet ეროვნულ ლიგის დასრულებამდე მხოლოდ 4 ტური რჩება. სამტრედიას არც ისე სახარბიელო სატურნირო მდგომარეობა აქვს, რადგან გუნდი პლეი-აუტის ზონაშია და უმაღლეს ლიგაში დასარჩენად იბრძვის, თუმცა უნდა ითქვას, რომ თავად ლუკას, ინდივიდუალური კუთხით, გამორჩეული მატჩები ჰქონდა:

,,სატურნირო ცხრილის გათვალისწინებით, გუნდის მიზანი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა და ამისთვის მაქსიმალურად ვიხარჯებით. ყველაზე მთავარი ისაა, რომ გვჯერა, ამას მოვახერხებთ, რაც ჩვენს თამაშებსა და შედეგებზე აისახება".

სამტრედიაში იჯარითაა, თუმცა კვლავ დინამო ბათუმის საკუთრებაა. მიუხედავად იმის, რომ ამ გუნდში, დიდი სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონია, დინამო ბათუმთან ერთად, ქვეყნის ჩემპიონი 19 წლის ასაკში გახდა:

,,დინამო ბათუმი, მიზნებით და პერსპექტივებით, დიდი გუნდია. ფაქტობრივად, ამ გუნდში გავიზარდე: ძალიან ბევრი მასწავლა და მომცა, რითვისაც ძალიან მადლიერი ვარ.

როდესაც ამ გუნდთან ერთად ჩემპიონი გავხდი, უბედნიერესი ვიყავი, რადგან გულშემატკივარსა და მთლიანად ბათუმელ ხალხს ასეთი სიხარული მივანიჭეთ. ანალოგიურად, საპასუხოდ, ძალიან დიდი ემოციები მათგანაც მივიღეთ: ჩემპიონობას მთელი ქალაქი ზეიმობდა.

არ შემიძლია, არ ვახსენო ,,პირატები”, რომლებიც ყველა თამაშზე გუნდის გვერდით არიან და ყველანაირ ემოციას გუნდთან იზიარებენ. მოგეხსენებათ, როგორი მნიშვნელოვანია გულშემატკივარი და ისეთი ფანკლუბი, როგორიც დინამო ბათუმს ჰყავს, ფაქტობრივად, მე-12 ფეხბურთელის როლს ითავსებს, რაც გუნდს დიდ ძალას აძლევს. მიუხედავად ჩემი მცირე სათამაშო დროისა, მათ გვერდში დგომასა და სიყვარულს ყოველთვის ვგრძნობდი, რისთვის დიდი მადლობა მათ".

ლუკა ხარატიშვილს, საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, პირველ ემოციას კი ასე იხსენებს:

,,ყველა ფეხბურთელის ოცნებაა, რომ მისი ქვეყნის ასაკობრივ თუ ეროვნულ ნაკრებში ითამაშოს. პირველად 16-წლამდე ნაკრებში გამომიძახეს, სადაც მთავარი მწვრთნელი გიორგი ჩიტაური იყო. დღემდე მახსოვს ის პირველი ემოციები, როდესაც გავიგე, რომ ჩემი ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებში ვითამაშებდი.  როცა ჩემი ქვეყანა წარვადგინე და ჩემი ქვეყნის ნაკრების მაისურით ვითამაშე, მაშინ ვიგრძენი, რომ შრომა და ფეხბურთისადმი სიყვარული დამიფასდა. ამისთვის მადლობა გიორგი ჩიტაურს“.

ლუკა საქართველოს 21-წლამდე ნაკრების განაცხადში ხვდებოდა, თუმცა საქართველოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, განაცხადში არ იყო. რამაზ სვანაძის შემადგენლობაში ვერ მოხვდა, თუმცა თვალი ყველა მატჩს მიადევნა და ნაჩვენები შედეგით კმაყოფილია:

,,ჩვენმა გუნდმა, 21-წლამდე ნაკრებების ევროპის ჩემპიონატზე, მართლაც მაგარი თამაშები ჩაატარა. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ მათი დაუღალავი შრომა და მიზნისკენ სწრაფვა. მიზანი ნათელი და ცხადი იყო - ნაკრების თითოეულ ფეხბურთელს მაქსიმუმის გაკეთება სურდა. ფეხბურთია და ყველაფერი მოსალოდნელია. სამწუხაროა, რომ ისრაელთან, პენალტების სერიაში დავმარცხდით.

ასეთი მაღალი რანგის ტურნირზე, ჩვენი ბიჭების გამოსვლას დადებითად შევაფასებდი. მინდა, თითოულ მათგანს მადლობა გადავუხადო იმ ემოციებისა და სიხარულისთვის, რაც ქართველ გულშემატკივარს მიანიჭეს. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ყველა თამაშზე ხალხის რაოდენობა რეკორდულ მაჩვენებელს აღწევდა“.

დასრულებული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელს, რამაზ სვანაძეს ევროპის ჩემპიონატზე მოთამაშე ფეხბურთელებთან დამშვიდობება და ახალი ნაკრების ჩამოყალიბება მოუწია, რადგან ასაკობრივი ზღვარის გათვალისწინებით, მიმდინარე შესარჩევს მხოლოდ 2002 ან მომდევნო წლებში დაბადებულები თამაშობენ.

2025 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ახალ ციკლში, ლუკა ხარატიშვილი საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შეუცვლელ მეკარედ იქცა. ჩატარებული 4 მატჩიდან, 3 შეხვედრა ჩაატარა, სადაც კარი მშრალად 2 მატჩში შეინახა.

შორი თვალიდანაც ჩანდა, რომ ლუკასთვის და ზოგადად, ნაკრებისთვის, განსაკუთრებით რთული ნიდერლანდებთან მატჩი გამოვიდა, სადაც ჩვენმა გუნდმა 3 უპასუხო გოლი გაუშვა (0-3). თუმცა, იქამდე, გიბრალტარი (2-0) და მოლდოვა (0-1) დაამარცხა, შემდეგ კი ბათუმში, შვედეთის წინააღმდეგ გამართული დაპირისპირება მიუხედავად დიდი უპირატესობისა, ნულოვანი ფრით დაასრულა (0-0).

შეიძლება ასეთი შეფასებაც გაკეთდეს, რომ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, სვანაძის დაკომპლექტებულმა ახალმა ნაკრებმა, ევროშესარჩევი ნორმალურად დაიწყო და 4 მატჩის შემდეგ, შვედეთის მსგავსად, 7 ქულა აქვს, რაც ჯგუფში მე-2 საუკეთესო შედეგია:

,,ახალი დაკომპლექტებული გუნდი ვართ და ამის გათვალისწინებით ვფიქრობ, რომ ნორმალური სტარტი გვქონდა. ამბიცია და საერთო მიზანი ნამდვილად გვაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ, რაც თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მოტივირებულები ვართ და მაქსიმუმს გავიღებთ იმისთვის, რომ როგორც ეს 21-წლამდე ნაკრების წინა შემადგენლობამ გააკეთა და გულშემატკივარი ასე გაახარა,  ჩვენც,  ჩვენი თამაშითა და შედეგებით, ანალოგიური განცდები მივანიჭოთ. მათი შედეგების შემდეგ, ჩვენს ნაკრებს, ქართველი ხალხის მიმართ, მეტი პასუხისმგებლობა აქვს და ყველაფერს ვიზამთ იმისთვის, რომ მოლოდინი გავამართლოთ. ეს ფაქტორები ჩვენი მოტივაციის უდიდესი წყაროა“.

ინტერვიუს დასასრულს ფავორიტ მეკარეზეც ვკითხე. ეს ჩემი საყვარელი კითხვაა. ყოველთვის მაინტერესებს ვის თვლის ფეხბურთელი, მის პოზიციაზე გამორჩეულად:

,,როგორც ყველას, მეც მყავს ისეთი მეკარე, რომლის თამაშის ყურებაც სიამოვნებას მანიჭებს. მარკ-ანდრე ტერ შტეგენის საოცარი მოქმედებები და ედერსონ მორაესის უნიკალური თამაში ფეხი, დღევანდელ ფეხბურთში, მეკარისთვის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უნარებია“.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიურ ჯადილდოვებაზე, ლუკა ხარატიშვილმა ალექსანდრე ჩივაძის სახელობის ბრინჯაოს მედალი მიიღო.

ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, ალექსანდრე ჩივაძის პრემია 2017 წლიდან, 17 და 19-წლამდე ასაკში იმ გამორჩეულ ფეხბურთელებს გადაეცემათ, რომლებიც საქართველოში თამაშობენ.

გაზიარება: